გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნინო კალანდია გური სულთანიშვილის წინააღმდეგ
19.07.2023

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : ნინო კალანდია;
მოპასუხე : გური სულთანიშვილი;

6 ივლისი, 2023 წელი

საქმე N – 670

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნინო კალანდიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 30 მაისს ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემა „სამნი & Co.”-ში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გური სულთანიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობით წარმოუდგენია პოზიცია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო მასალაში გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, გური სულთანიშვილი საუბრობს ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილზე და ამბობს, რომ „ეგეც შშმ პირია, მენტალური აშლილობა ხომ აქვს, მსნეულია მენტალურად”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალაში გავრცელებული ინფორმაცია დისკრიმინაციულია შშმ პირების მიმართ და ახალისებს სიძულვილის ენას. იგი მიუთითებდა, რომ მედიასაშუალების ეთერში ასეთი საუბარი დამაზიანებელია. მისი თქმით, ფრაზა ატარებდა დამცინავ კონტექსტს, რაც მიუღებელია.

„მე ვარ შშმ ადამიანის დედა და არავის არ მივცემ უფლებას, რომ ჩემი შვილის სტატუსი გამოიყენოს ვინმეს დაკნინების მიზნით” - თქვა ნინო კალანდიამ სხდომაზე.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

ქარტიის საბჭოს პოზიციით, ჟურნალისტის ფრაზა ატარებდა დამცინავ/დამამცირებელ კონტექსტს, რაც იწვევს დისკრიმინაციას და შშმ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმების გაძლიერებას. ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი საუბრობს პირის მენტალურ ჯანმრთელობაზე და ამასაც დამამცირებელი კონტექსტი აქვს, რაც დამაზიანებელი და არაეთიკურია.

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები და თავადვე არ უნდა წაახალისოს ის.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედიამ, შესაძლოა, მარტივად შეუწყოს ხელი სტერეოტიპების გაღრმავებას, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. გური სულთანიშვილმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.