გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გულნარა ძირკვაძე ეკა ერაძის წინააღმდეგ
13.02.2022

განმცხადებელი : გულნარა ძირკვაძე;
მოპასუხე : ეკა ერაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

23 ოქტომბერი,  2021 წელი

საქმე N – 463

სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე,

საბჭოს წევრები: ნანა ბიგანიშვილი, სოფო ჟღენტი, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გულნარა ძირკვაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ Marneuli TV-ის მიერ 2021 წლის 09 თებერვალს მომზადებულ ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის 1-ლი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ეკა ერაძე.

საქმის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობა მიიღეს როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სარეზოლუციო ნაწილი

სადავო სიუჟეტი ეხებოდა სოფელ ახალი დიოკნისის მაცხოვრებლების მიერ გამართულ აქციას. ისინი სოფლის მიმდებარედ არსებული საძოვრების გასხვისებას აპროტესტებდნენ. სიუჟეტში იყო ინტერვიუები აქციის მონაწილეებთან, ასევე მიწის შემძენი კერძო მესაკუთრის წარმომადგენელთან. რამდენიმე რესპონდენტმა ბრალი დასდო მიწის ნაკვეთების წინა მესაკუთრეს - ავთანდილ ძირკვაძეს. მათი განცხადებით, თავის დროზე ავთანდილ ძირკვაძემ დოკუმენტები გააყალბა და მიწის ნაკვეთები თაღლითურად მიისაკუთრა, მეორე მხრივ, სიუჟეტი არ შეიცავდა მეორე მხარის [ამ შემთხვევაში უკვე გარდაცვლილი ავთანდილ ძირკვაძის ოჯახის] კომენტარს, პასუხს ბრალდებებზე. სიუჟეტში არ ჩანდა, რომ ჟურნალისტმა სცადა ინფორმაციის გადამოწმება. არც ჟურნალისტს განუცხადებია, რომ ავთანდილ ძირკვაძესთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა შესაბამისი მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა წარმოადგინა Facebook მიმოწერა, რომ ის სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდა გულნარა ძირკვაძეს და შესთავაზა მისი პოზიციის გაშუქებაც. საბჭო აღნიშნულს ვერ ჩათვლის ჟურნალისტის მცდელობად, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა. სადავო სიუჟეტზე ჟურნალისტმა იმუშავა, ჩაწერა რესპონდენტები, დაამუშავა მასალა და შემდეგ გამოაქვეყნა. ჟურნალისტს სიუჟეტის გამოქვეყნებამდე უნდა განესაზღვრა, რომ საჭირო იყო ბრალდებების კიდევ ერთი ადრესატის, ავთანდილ ძირკვაძის ოჯახის პოზიციის აუდიტორიამდე მიტანა. ეს არ იყო პირდაპირ ეთერში ინფორმაციის გადაცემა ან აქციის გაშუქება, როცა მყისიერად შეუძლებელია  გადამოწმება. როგორც აღინიშნა, ეს არის წინასწარ მომზადებული სიუჟეტი. ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში, სიუჟეტის ქვემოთ კომენტარებში გულნარა ძირკვაძემ თავისი პოზიცია დააფიქსირა და ამის შემდეგ დაუკავშირდა მას ჟურნალისტი, არ  ჩაითვლება გადამოწმების მცდელობად და არ გამორიცხავს ჟურნალისტის სარედაქციო პასუხისმგებლობას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      ეკა ერაძემ დაარღვია ქარტიის  1-ლი  პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა