გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ბაქარ ადამია ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ
16.03.2021

განმცხადებელი : ბაქარ ადამია;
მოპასუხე : ეკა კვესიტაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;


13 თებერვალი 2021 წელი

საქმე N - 459 

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბაქარ ადამიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 02 თებერვალს, “მთავარი არხის” გადაცემა "ღამის მთავარში" დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-7 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე.   

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“. საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ტელევიზიის წარმომადგენელი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად,  „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო გადაცემაში ეკა კვესიტაძემ ისაუბრა ინციდენტზე, როცა ბაქარ ადამია [განმცხადებელი] საჯარო სივრცეში დაუპირისპირდა ივერი მელაშვილს და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეკა კვესიტაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა: „ხომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ სუს-ის [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური] ორგანიზებული იყო ის, რაც გუშინ მოხდა, როცა მაღაზია „ალტა ოქეიში“ შესულ ივერი მელაშვილს, კომპანიის ამ სამარცხვინო ქცევას კიდევ დავუბრუნდებით ჩვენს გადაცემაში, ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული ზონდერი დაესხა თავს“. სწორედ ამ მონაკვეთს მიიჩნევდა სადავოდ განმცხადებელი და აფასებდა მას, როგორც არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

 

მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ ეს იყო საავტორო გადაცემა და ჟურნალისტი გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას. მისი აზრით,  ჟურნალისტის არ გაუვრცელებია არასწორი ფაქტი, ვინაიდან სადავო ფრაზები იყო მოსაზრებები, პირადი შეფასებები და არა ფაქტი.

საქმეში „დაჩი ცაგურია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ (2018)“ საბჭომ აღნიშნა, რომ: „საავტორო გადაცემა, რა თქმა უნდა, განსხვავდება საინფორმაციო გამოშვებისაგან, მაგრამ არა ფაქტების სიზუსტის ნაწილში. საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო გადაცემის წაყვანა სრულად ჯდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიზანს წარმოადგენდა შეეფასებინა სადავო წინადადებები იყო მოსაზრება თუ ფაქტი. საბჭო ფრაზას ორ ნაწილად ჰყოფს: (1) „ხომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ სუს-ის ორგანიზებული იყო ის, რაც გუშინ მოხდა“ და (2)  „ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული ზონდერი“.

საბჭო მიიჩნევს, რომ ფრაზის პირველი ნაწილი იყო მოსაზრება. კერძოდ, „ხომ არავის ეპარება ეჭვი“ ხაზგასმა მიანიშნებს, რომ ეს იყო ჟურნალისტის ეჭვი, მოსაზრება. ფრაზის მეორე ნაწილში ჟურნალისტი უკვე მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ ბაქარ ადამია არის „ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული ზონდერი“. თავად სიტყვა “ზონდერის” ეტიმოლოგია დაკავშირებულია სიტყვასთან Sonderkommandos (ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში შექმნილი სპეციალური ჯგუფები, სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად), ხოლო დღეს, საქართველოში, მისი დატვირთვა შეცვლილია და იგულისხმება პირი, რომელიც გარკვეული ფინანსური თუ სხვა სახის სარგებლის/ინტერესის სანაცვლოდ გამოიყენება ოპონენტების, ძირითადად პოლიტიკური ოპონენტების, წინააღმდეგ, მათ შორის ფიზიკური ძალადობისთვის. შესაბამისად, „ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული ზონდერი“ არის არა შეფასება [მით უმეტეს, რომ ამას წინ არ უძღოდა „ჩემი შეფასებით“, „ჩემი მოსაზრებით“ და ა.შ.], არამედ  დადასტურებული ინფორმაცია, რომ ბაქარ ადამია ბიუჯეტიდან ფულს სწორედ იმიტომ იღებს, რომ განახორციელოს თავდასხმები ხელისუფლებისათვის მიუღებელ პირებზე. რა თქმა უნდა, საბჭოს არ აქვს იმის კომპეტენცია გამოიკვლიოს, იყო თუ არა ბაქარ ადამიას ქმედება დაფინანსებული  ბიუჯეტის ფულით. სათანადო მტკიცებულება არც მოპასუხე მხარეს წარმოუდგენია. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან ჟურნალისტმა მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ ბაქარ ადამია იყო „ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული ზონდერი“.

მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“ განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, ჟურნალისტმა პირადი მოსაზრება/შეფასება ფაქტად გაავრცელა და ის ვერანაირ წყაროს ვერ დაეყრდნობოდა. შესაბამისად, საბჭო მესამე პრინციპს დარღვეულად არ მიიჩნევს.

ქარტიის მე-5 პრინციპი “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”  ვინაიდან არ დასტურდებოდა რომ განმცხადებელმა გასწორების მოთხოვნით მიმართა ტელევიზიას ან ჟურნალისტს [რაც მე-5 პრინციპზე მსჯელობის წინაპირობაა], შესაბამისად არ დგინდება ამ პრინციპის დარღვევა.

მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.  განმცხადებლის პოზიციით, მისი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით მოხდა. საბჭოს კითხვაზე, წარმოადგენდა თუ არა განმცხადებელი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ასოცირებული იყო თუ არა პოლიტიკურ პარტიასთან, განმცხადებელმა უარყოფითი პასუხი გასცა. დამატებით, სხვა ვერცერთი ნიშანი ვერ გამოკვეთა საბჭომ, რომელიც შესაძლოა მიუთითებდა განმცხადებლის დისკრიმინაციულ გამორჩევაზე.


სარეზოლუციო ნაწილი

  1. ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ეკა კვესიტაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-5 და მე-7 პრინციპი.

1. ბაქარ ადამიას განცხადება
2. სადავო მასალა