გადაწყვეტილებების ძიება

დავით სონღულაშვილი რუსუდან ჯაბანაშვილის წინააღმდეგ
12.01.2020

განმცხადებელი : დავით სონღულაშვილი;
მოპასუხე : რუსუდან ჯაბანაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;


20 დეკემბერი 2019 წელი


საქმე N  340 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა.

განმცხადებელი: დავით სონღულაშვილი

მოპასუხე: რუსუდან ჯაბანაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დავით სონღულაშვილმა რომელიც მიიჩნევდა რომ 11 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში "მთავარი 9 საათზე“ რუსუდან ჯაბანაშვილის ავტორობით გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

საქმის განხილვას არ დასწრებია განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი, რომელსაც არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სიუჟეტი ძირითადად ეხებოდა თბილისის საკრებულოს წევრს ირაკლი ზარქუას, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა და მიიჩნევდა, რომ ირაკლი ზარქუას ოჯახის წევრს 700 000 ლარად ღირებული ტერიტორია თბილისის მერიამ 1 ლარად უკანონოდ გადასცა. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი აღნიშნავს რომ „ტერიტორიაზე, რომელიც მერიისაგან ირაკლი ზარქუას ოჯახმა სიმბოლურად, ერთ ლარად მიიღო, მალე სავაჭრო ცენტრი აშენდება, ამ კომპანიის უკან ქართული ოცნების დეპუტატი დავით სონღულაშვილი დგას, სანდო წყარომ მთავარ არხს უთხრა რომ სონღულაშვილმა ირაკლი ზარქუას ოჯახისაგან მიწა 2 000 000 იყიდა“ განმცხადებელი სადავოდ სწორედ ამ ეპიზოდს თვლიდა. ქარტიის საბჭოს პოზიციით გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია და ეყრდნობა მხოლოდ ერთ კონფიდენციალურ წყაროს. ჟურნალისტს არ უცდია კომენტარი მიეღო დავით სონღულაშვილისაგან/მასთან გადაემოწმებინა ინფორმაცია. გარდა ამისა, ჟურნალისტს შეეძლო რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროში [საჯარო რეესტრში] გადაემოწმებინა ინფორმაცია, რომელიც მას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. კერძოდ, გადაემოწმებინა მიწის ნაკვეთის ფასი და ახალი მყიდველის/მესაკუთრის კავშირი სონღულაშვილთან, როგორც სიუჟეტიდან ჩანს ჟურნალისტმა ეს ძალისხმევაც არ გასწია რომ პატივი ეცა საზოგადოების უფლებისთვის - მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია და მხოლოდ დაუბალანსებელი, ერთ წყაროზე დარყდნობით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”. განმცხადებელმა მიუთითა რომ „ოფიციალური წერილისა და ასევე ელექტრონული ფოსტით საშუალებით მივმართე ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთიკის საბჭოს იმ მიზნით, რომ შეესწორებინათ გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თუმცა მათი მხრიდან აღნიშნულის გამოსწორება არ მომხდარა“ აღნიშნული მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულებები განმცხადებელს არ წარმოუდგენია ქარტიის საბჭოსთვის, შესაბამისად მე-5 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. რუსუდან ჯაბანაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. რუსუდან ჯაბანაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 პრინციპი.