13.03.2019
გადაწყვეტილება

03 მარტი 2019 წელი

საქმე N 257

თანასწორობის მოძრაობა interpressnews.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: თამარ უჩიძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი მგელაძე.

განმცხადებელი: თანასწორობის მოძრაობა

მოპასუხე: interpressnews.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „თანასწორობის მოძრაობამ“, რომელიც მიიჩნევდა, რომ interpressnews.ge გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალაში, არასრულწლოვნის ფოტოს გამოყენებით, დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი თამარ რაზმაძე. სადავო სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი. საბჭოს სამდივნომ მიმართა interpressnews.ge-ს რომ ეცნობებინა პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებადი ავტორი“.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში, თვითაცილების საფუძველზე, მონაწილეობა არ მიუღია ქარტიის საბჭოს წევრ გიორგი სულაძეს, ვინაიდან იგი მოპასუხე მედიასაშუალების თანამშრომელია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება". სადავო ჟურნალისტური პროდუქტი interpressnews.ge-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვნის მკვლელობას ბიძის მიერ. სადავო სტატიას თან ერთვოდა გარდაცვლილი არასრულწლოვნის ფოტო. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნის ფოტოს გამოქვეყნებით დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. ქარტიის საბჭო სხდომის მიმდინარეობისას დაინტერესდა, განმცხადებლის აზრით, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა არასრულწლოვნის ინტერესების უგულვებელყოფა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სხვა მედიასაშუალებებმა იმავე ამბის გაშუქებისას ან არ გამოიყენეს არასრულწლოვნის ფოტო ან დაფარეს იგი, სწორედ ამის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბავშვის ფოტოს გამოყენება იყო არაეთიკური.

ქარტიის საბჭო მიზანშეუწონლად მიიჩნევს ისეთი ფოტოს გამოქვეყნებას, რომლის დანიშნულება მხოლოდ ამბის უფრო ემოციურად აღქმაა და თავად ფოტო არ შეიცავს დამატებით ინფორმაციას, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, გარდაცვლილი არასრულწლოვნის ფოტოს გამოქვეყნებით არ დარღვეულა მისი ინტერესი, ვინაიდან მას მეტი ზიანი ვერ მიადგებოდა. ამასთან, ფოტო გავრცელდა მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც მომხდარის შესახებ ახლობლებისთვის უკვე ცნობილი იყო და არ არსებობდა რისკი იმისა, რომ ამ მასალის შემდეგ გაიგებდნენ ისინი მოზარდის გარდაცვალების ამბავს. გარდა ამისა ფოტო მოპოვებული იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან, სოციალური ქსელიდან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფოტო გადაღებული იყო სხვა დროს და არ ასახავდა მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი გარემოებების გამო, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-8 პრინციპი არ დარღვეულა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. interpressnews.ge-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-8 პრინციპი.