20.10.2021
13 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს, არ არის განჭვრეტადი და არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

მმართველი პარტიის წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში რიგი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. მათ შორის, იკრძალება სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის და სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. კანონპროექტით, ასევე, დგინდება, რომ წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით და რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მაუწყებელს, ისე წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთს. სააგიტაციო მასალის მოთხოვნის დარღვევით გავრცელება კი იწვევს გამავრცელებლისა და გავრცელების დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულის - 2000 ლარით. კომპეტენციის ფარგლებში ჯარიმის დაკისრებაზე პასუხისმგებელია ცესკო და კომუნიკაციების კომისია.

წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვის არსებულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს და მათ წევრებს ჰქონდეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და საჯარო დებატებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ხელისუფლების პოლიტიკას ან იყოს არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელი რომელიმე ჯგუფისთვის.

ვენეციის კომისიის განმარტებით, პოლიტიკური კამპანიის კონტექსტში, არ შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც სხვების უფლებების ან რეპუტაციის დაცვის მიზნით ზღუდავს პოლიტიკური სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას. აგრეთვე, ისეთი ტერმინები, როგორიცაა მაგალითად “კანდიდატის პატივისა და ღირსების შელახვა”, ვენეციის კომისიამ მიიჩნია ფართო და ზოგად ფორმულირებად, რომელიც შეიცავს გამოხატვის თავისუფლების მომეტებული და არათანაზომიერი შეზღუდვის რისკებს. ასეთმა ფართო განმარტებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტენსიური პოლიტიკური კამპანიის შეფერხება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების სათანადოდ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის. გარდა ამისა, ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს სააგიტაციო მასალებში კანდიდატების შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიებას.

რაც შეეხება ინიცირებული ცვლილებებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი განმარტავს, რომ მედია არ უნდა იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი კანონთან შეუსაბამო ისეთი განცხადებისთვის, რომელიც გაკეთებულია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ეს მიდგომა ხაზს უსვამს საზოგადოების უფლებასაც, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რაზეც პოლიტიკოსები აპელირებენ. მსგავსი პოზიცია აქვს ვენეციის კომისიასაც. მისი განმარტებით, სანქცია მიმართული უნდა იყოს უშუალოდ დამრღვევი პირის მიმართ და გამორიცხავდეს მედიის პასუხისმგებლობას. მედიასაშუალებების დასჯა მსგავსი გამონათქვამებისთვის, ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი თვით-ცენზორი გახდეს, რაც სრულად მიუღებელია საერთაშორისო სამართლისთვის.

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებები, მიუხედავად გაცხადებული მიზნებისა, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, არაპროპორციულად ერევა მედიის საქმიანობაში, აკისრებს რა მაუწყებლებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით საგანგაშოა კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. „უარყოფითი დამოკიდებულების” შემოტანა, რომელიც არ არის ნათელი და განჭვრეტადი, შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან ფორმულირებას, რაც ქმნის ტერმინის პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციური ჩარევის რისკს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით დადგენილია აგიტაციის განმარტება, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, Აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას. ამდენად, საარჩევნო კოდექსით დაცულია საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაციაც. მიგვაჩნია, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული მიდგომა, რომელიც იცავს საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაციას, განსხვავებით შემოთავაზებული სიახლისგან, შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.

ამასთან, ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შემოთავაზებულია მკაცრი სანქცია ფულადი ჯარიმის სახით, რამაც, შესაძლოა, დამატებითი საფრთხე შექმნას კრიტიკული პოლიტიკური აქტივობისათვის, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ სანქციის თავიდან არიდების მიზნით ზოგიერთმა მაუწყებელმა უარი უთხრას პოლიტიკურ პარტიას რეკლამის განთავსებაზე.

ამდენად, გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ფართოდ არის დაცული. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მათ შორის, გააკრიტიკონ ოპონენტი, პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით, რომელიც საარჩევნო კოდექსის თანახმად, შესაძლოა, საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას ისახავდეს მიზნად.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და დაუყოვნებლივ გაიწვიოს სადავო დოკუმენტი.

წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლარიზაციის შემცირებას, აგრეთვე, ის ზღუდავს პოლიტიკური გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
09.10.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. 

ქარტია მედიასაშუალებებს სთხოვს გაითვალისწინონ ის პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს გარდაცვლილი პირების ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას.

ტრაგედიების გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

02.10.2021
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მუქარა, ტექნიკის დაზიანება და წართმევა - საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 2021 წლის არჩევნების დღეს კენჭისყრის მიმდინარეობისას ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემდეგი ფაქტები გამოავლინა:

  • ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე უცხო პირი „ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის მუხლით დაიწყო.
  • ბათუმში, „TV პირველის“ ჟურნალისტის თამთა დოლენჯაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაუწყებლის აპარატურა სამარშუტო ტაქსიში ჩაკეტეს.
  • გონიოში საარჩევნო უბანზე „მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • ვანის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს.
  • მედიაგამოცემა „ბათუმელების" ჟურნალისტს ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ბათუმის 64-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • „თქვენ ხართ გვარამიას წიწილა“ - მოქალაქე ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
  • ქარელში ტელეკომპანია„პირველის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • ბიძინა ივანიშვილის ხმის მიცემის დროს საარჩევნო უბანზე ოპერატორი გადაღების დროს წაიქცა.
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ტვ პირველის" ჟურნალისტს, გიორგი ხუხიას საარჩევნო უბანთან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს.
  • თბილისში, ჩუღურეთის რაიონში „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სავარაუდოდ „ქართული ოცნების” აქტივისტი თავს დაესხა და კამერა დაუმტვრია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაზიანებულია სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი ტექნიკა.
  • პროფესიული საქმიანობის შესრულებისას TV 25-ის ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • მედიაგამოცემა „ბათუმელების" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მედიასაშუალების ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილი პირები ჟურნალისტს მუქარით პასუხობდნენ. „მოგხედავთ”, „ვიმახსოვრებთ სახელებს” - ეუბნებოდნენ ისინი ჟურნალისტს.
  • გლდანში, 47-ე უბანზე ამომრჩეველმა, ონლაინგამოცემა „პუბლიკას" ჟურნალისტს მინდია გაბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • ჩუღურეთში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს.
  • „რადიო მარნეულის" ინფორმაციით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მათ ჟურნალისტს გადაღებაში ხელი შეუშალეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.
30.09.2021

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მედიასაშუალების გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არსებობს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საშიშროება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში.

29.09.2021

2021 წლის 29 სექტემბერს On.ge-ის მთავარმა რედაქტორმა ხატია ღოღობერიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე ონლაინ მედია არ მიიწვიეს. მისი თქმით, მიზეზად კოვიდრეგულაციები დასახელდა, თუმცა შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ტელევიზიის წარმომადგენლები.

ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან არათანაბარი მიდგომა სატელევიზიო ჟურნალისტების და ონლაინ მედიის მიმართ პრობლემურია. 

მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ პირობებში იყოს ყველა მედიასაშუალება. ონლაინ გამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ. ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოში იმ პირთა რიცხვი ვინც ინფორმაციას ონლაინ მედიით იღებს ყოველწიურად იზრდება. 

დაუშვებელია ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას. ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის შეზღუდვა ოპოზიციის მხრიდან გაუგებარი და დაუსაბუთებელია. 

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის არათანაბარი სამუშაო პირობებია.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ონლაინ მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები. 






29.09.2021

2021 წლის 29 სექტემბერს თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „რადიკალები”, „უბინძურესი ადამიანები” და „სიძულვილისა და ბოროტების თავი და თავი” უწოდა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს კახა კალაძის განცხადებას და მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის. ქარტიას მიაჩნია, რომ აღნიშნული მედიის მიმართ სიძულვილის წახალისებაა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა არჩევნების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ადრეც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მან 2021 წლის 20 ივლისს მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა საქართველოში ქმნის პოლარიზებულ მედიაგარემოს და უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.

16.09.2021

2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს, რომელიც 16 სექტემბერს გარდაიცვალა. სროლის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ” დაუფარავი სახით პირდაპირ ეთერში გაუშვა. ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საზოგადოების მაღალი  ინტერესის არსებობით ახსნა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს.

მედიამ უნდა იფიქროს რა გავლენის მომტანია დაზარალებულის ოჯახზე მსგავსი შემზარავი გამოსახულების გავრცელება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილის ახლობლების რეტრავმირება.

ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას თავი შეიკავონ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან.  უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი წაშალონ ყველა პლატფორმიდან.  

16.09.2021
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “მთავარი არხის” ოპერატორის ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას გმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში აბლოთიამ მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა.

კოალიცია ქარელში მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.

მივმართავთ “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა.
13.09.2021
2021 წლის 13 სექტემბერს, მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ ღია ონლაინ-რესურსზე ხელმისაწვდომია სასულიერო პირების პირადი კომუნიკაციის, სავარაუდოდ, ფარულად და უკანონოდ გაკეთებული ჩანაწერები. ზოგიერთ მასალაში შესაძლებელია კონკრეტული სასულიერო პირების იდენტიფიცირება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საჭიროდ მიიჩნევს კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა და მისი იდენტიფიცირება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს დადასტურებადი მაღალი საჯარო ინტერესი.

ქარტიას მიაჩნია, რომ მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ამ თემის გაშუქებისას. პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემების თუ კონკრეტული სასულიერო პირების ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში ჟურნალისტები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ეს ინფორმაცია მართლაც საზოგადოებრვ ღირებულებასა და საჭიროებას წარმოადგენს და არ ქვეყნდება მხოლოდ იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სახალხო ცნობისმოყვარეობა.

ქარტია შეახსენებს, და მოუწოდებს მედიას დაიცვას პირადი ცხოვრების უფლება და საჭიროების გარეშე არ გაასაჯაროოს ჩანაწერები და მასში მონაწილე პირების ვინაობა.
07.09.2021

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 07 სექტემბერს სამუშაო პროცესის დროს ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორს მანქანა ფეხზე დააჯახეს. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ჟურნალისტიც. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქარტია მოუწოდებს შსს-ს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის თითოეული ფაქტი.

ქარტია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს. 

ეს ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.​ ქარტია არაერთხელ გამოეხმაურა მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებს. 

2021 წლის 09 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. მათი თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმის მოტივი იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი იყო, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა. 

2021 წლის 30 ივნისს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, აპარატურა კი დაუმტვრიეს.

2021 წლის 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტები გახდნენ 5-6 ივლისსაც, რა დროსაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.