29.11.2021

დღეს, 2021 წლის 29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „კავკასიის” ოპერატორმა, ნიკო კოკაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით გამართული აქციის გადაღებისას გონება დაკარგა. მისი თქმით, ცუდად მას შემდეგ გახდა, როცა, სავარაუდოდ, თვალებში წიწაკის გაზი შეასხეს. ამჟამად ის, სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გამოიყენა. მოქალაქეების განცხადებით, სამართალდამცავებს ისინი სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე არ გაუფრთხილებიათ.

სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებმა დაკისრებული ფუნქციის შესრულებას თავი სათანადოდ ამჯერზეც ვერ გაართვეს და დღემდე პრობლემად რჩება პოლიციის მხრიდან აქციების გაშუქებისას მედიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაითვალისწინოს პროცესისადმი მაღალი საჯარო ინტერესი და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადო პირობები, რათა მათ თავისუფლად, ჯანმრთელობის დაზიანებისა და უფლებების დარღვევის გარეშე, შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოვლენილი ფაქტის შესწავლა და მოხდეს სათანადო რეაგირება.

26.11.2021
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საგანგაშოდ მივიჩნევთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის “მთავარი არხის” და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს. სანქცირების ტენდენცია კი გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს სადავო პრაქტიკას მაუწყებლის შინაარსის რეგულირებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უხამსობის საბაბით მაუწყებელთა სანქცირებისას გამოვლინდა. ამასთან, კომისია ახალი გადაწყვეტილებით ცდილობს სამოქალაქო აქტივისტებს შეუზღუდოს შესაძლებლობა გააკრიტიკონ ხელისუფლება და ჰქონდეთ მმართველი პარტიისაგან განსხვავებული მოსაზრებების მედიის მეშვეობით გავრცელების შანსი.

გუშინ, 2021 წლის 25 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” მაქსიმალური სანქციით შემოსავლის 1%-ით, 111,903.43 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური განცხადებით,  მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მაუწყებლის მიმართ ჯარიმის ზედა ზღვარი გამოიყენოს. ასე მოხდა 2020 წელსაც, როდესაც შპს ,,მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 58,061.76 ლარის ოდენობით. თითოეულ შემთხვევაში, კომისია ფინანსურ ბერკეტების ამოქმედებით ცდილობს მაუწყებლის სამაგალითოდ დასჯას.

რამდენიმე საგანგაშო წინაპირობის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება აღრმავებს ეჭვებს “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ:

  • “მთავარი არხი” 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სანქცირებადი არხი იყო;
  • 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია სწორედ “მთავარი არხის” მიმართ გამოიყენა;
  • “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წამოწყებულ სისხლისსამართლის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებით, ბრალდების შინაარსი სადავოა ;
  • “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკა ასევე ხშირად არის გაკრიტიკებული კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მედიააკადემიის მიერ ;
  • “მთავარი არხის” მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ კრიტიკულ და დისკრიმინაციულ განცხადებებს. მათ შორის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაუწყებლის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა ;
  • 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაში კომუნიკაციების კომისია ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ პრაქტიკას და ინტერპრეტაციას. მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი აკრძალვა მაუწყებლის მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე;
  • კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ ჩაერია მაუწყებლის შინაარსში. მან პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია ვიდეორგოლები მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტის გამო. კომისიის ეს მიდგომა არღვევს განჭვრეტადობის პრინციპს;
  • კომისიის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპს. არ არის სათანადოდ დასაბუთებული, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაში ამგვარი ჩარევა;
  • კრიტიკას იმსახურებს “მთავარი არხის” მიმართ გამოყენებული მაქსიმალური სანქციის პროპორციულობაც.
ვფიქრობთ, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის დაწესებისაკენ გადადგმული ეს ნაბიჯი უაღრესად საშიშია საქართველოში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების არსებობისთვის.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას “მთავარი არხის” გუნდს და დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზე მზადაა ჩაერთოს “მთავარი არხის” უფლებების დაცვის პროცესში.
22.11.2021

დღეს, 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის წარმომადგენლებს სამინისტროს დაცვის სამსახურმა ნახევარი საათის განმავლობაში არ მისცა შენობაში გადაადგილების და გადაღების შესაძლებლობა, ბრიფინგზე ასევე არ დაუშვეს „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფიც.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ. 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის წარმომადგენლების ნაწილი.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

19.11.2021
გუშინ, 2021 წლის 18 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია რომ უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტის განცხადებით, მას საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ მასალების მომზადებას გეგმავდა. მნიშვნელოვანია, რომ მესაზღვრეებს უარის მიზეზები არ განუმარტავთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინელ ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. 27 ოქტომბერს ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლებას და უკრაინელი ჟურნალისტების უფლებას შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს დროულად გააკეთდეს სათანადო განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების შეფერხებასთან დაკავშირებით.
11.11.2021

დღეს, 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი. კოალიციისთვის ცნობილია, რომ ბრიფინგის ანონსი არ მიუღიათ ზოგიერთ ონლაინ მედიასაშუალებასაც.

„TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვედრის დასასრულს დაუშვეს, თუმცა მათ არ მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

08.11.2021

2021 წლის 6 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია „იმედის" აპარატურა დაზიანდა. მედიასაშუალების წარმომადგენლის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ხელი შეეშალა პროფესიულ საქმიანობაში. „იმედის" ჟურნალისტის თქმით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიას მანქანაზე მუქარის შემცველი წარწერები დატოვეს და მედიასაშუალების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს „იმედის" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი. 

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. მივმართავთ აქციის ორგანიზატორებს არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, რათა შეწყდეს მედიასაშუალებების მიმართ მუქარა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება მედიის მიმართ აგრესიის ტენდენციურობასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად კრიტიკული მედიასაშუალებების მისამართით გამოიხატება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, როგორც ჟურნალისტური გაერთიანებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უფლება, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ.  

30.10.2021
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ტექნიკის დაზიანების მცდელობა - საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 2021 წლის არჩევნების მეორე ტურზე კენჭისყრის მიმდინარეობისას ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემდეგი ფაქტები გამოავლინა:

  1. თბილისში, გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
  2. მარტვილში, 31-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, ნინო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა;
  3. ტელეკომპანია „პირველის” გადამღებ ჯგუფს რუსთავში საარჩევნო უბანთან მყოფმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;
  4. ქარელის მუნიციპალიტეტში, მე-2 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შენობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი „ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
  5. ზუგდიდში საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების” კოორდინატორები ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ;
  6. ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტ ნინო ჩაკვეტაძეს, მარტვილში მე-2 საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ;
  7. ტელეკომპანია „პირველის” ინფორმაციით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერმა მათ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა;
  8. „TV მედია ცენტრის” ჟურნალისტის გიგა გელხვიძის ინფორმაციით, ქუთაისში მე-14 საარჩევნო უბანზე მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ;
  9. ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, ქუთაისში მათ გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილი პირები დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
  10. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში ტელეკომპანია „პირველის”ჟურნალისტს საარჩევნო უბნის წარმომადგენელი სიტყვიერად დაუპირისპირდა;
  11. ტელეკომპანია „პირველის” ინფორმაციით „ქართული ოცნების” აგრესიულად განწყობილმა დამკვირვებელმა მათ ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა;
  12. ბათუმში, ერთ-ერთ უბანზე TV 25-ის გადამღები ჯგუფისთვის კამერის დაზიანება სცადეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს;
  13. ასევე, ბათუმში, ჟურნალისტ თეო ფუტკარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს;
  14. ქუთაისში, მე-15 უბანზე On.ge-ის ჟურნალისტს აგრესიულად განწყობილმა პირმა მუშაობაში ხელი შეუშალა, მისი ტექნიკის დაზიანება სცადა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა;
  15. გონიოში ტელეკომპანია „ფორმულას” და „მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს;
  16. ფოთში „ქართული ოცნების" აგრესიულად განწყობილი აქტივისტები „მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
  17. მესხეთში ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს ქვა ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
  18. „გურიანიუსის" ინფორმაციით, სენაკის პირველი საარჩევნო უბნიდან მათი ჟურნალისტი გამოაძევეს, რომელიც უბანზე დაპირისპირების კადრებს იღებდა.
  19. "მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიას სენაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
 სია  შესაძლოა განახლდეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

პირველ ტურში გამოვლენილი შემთხვევები შეგიძლიათ ნახოთ აქ.
30.10.2021
დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას 16:00 საათამდე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. Მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ “აქტივისტებს” “ზონდერებს” “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ.
ასევე ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან “TV მონიტორინგის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა. TV მონიტორინგის” დირექტორის ინფორმაციით, პარტიამ თავისი წარმომადგენელი გაიწვია საარჩევნო უბნიდან.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

მივმართავთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ.

მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევებზე.
27.10.2021

2021 წლის 27 ოქტომბერს, გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, მედიასაშუალების ჟურნალისტს, რატი წვერავას აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით კი, მათი ჟურნალისტის მიკროფონს აქციის მონაწილემ სიგარეტი ჩააწვა, ჟურნალისტების ნაწილს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ ძალას და მათ აქტივისტებს, მისცენ მედიას აქციაზე მუშაობის საშუალება. ასევე, შეახსენებს ყველა პირს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა - მამუკა მდინარაძემ აქციის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რითაც წინასწარი ნეგატიური ფონი შეუქმნა აქციის მონაწილეებს და წინასწარ წაახალისა აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს 2021 წლის 27 სექტემბერს მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მუშაობაში.

მივმართავთ მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

27.10.2021
კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით.

დღეს, 2021 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.