30.06.2022

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 

ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა. 

ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით.  მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი.

27.06.2022

2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე  „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, 2021 წლის მძიმე გამოცდილების ფონზე, უმცირესობებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ გამართვაზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება. ესენია:

  • ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება
  • რეგიონული კონფერენცია, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან ლგბტქ აქტივისტების მონაწილეობით
  • პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს

ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა,  როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ  საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ. 

უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ  სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს  2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი  ზომები, რათა:

- უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება

- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან

- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

24.06.2022
2022 წლის 24 ივნისს, თბილისში, “TV პირველის” ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის მიზეზი მათი პროფესიული საქმიანობა გახდა.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ასევე “TV პირველის” ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგნაირად მიმართა: “თვალებგადმოყრილი ლაპარაკობ კორიდორში”, “დაკარგე ადამიანის სახე”, “ცუდად ხარ, გატყობ, რომ გაგიჟებული ხარ”, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მას სამარცხვინო უწოდა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობას და ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას. ქარტია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

ქარტია, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. მოვუწოდებთ უწყებას, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და დამნაშავეები დაისაჯონ კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომით.

 

24.06.2022
დღეს, 2022 წლის 24 ივნისს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გადამღებ ჯგუფს აგრესიული პირები ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში. 

გუშინ, 2022 წლის 23 ივნისს  “TV პირველის” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მხრიდან დისკრიმინაციის და აგრესიული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა საჯარო შეხვედრისას მის მიმართ არაერთხელ გამოიყენა არაკორექტული ლექსიკა, ისევე როგორც შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი, ასევე დისკრიმინაციული ფრაზები.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დოლიძის ქუჩაზე  “TV პირველის”  გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ.
19.06.2022

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 19 ივნისს, ბათუმში, სამუშაო პროცესის დროს „TV პირველის” ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც „TV პირველის" ოპერატორი ღამის ეთერში რესპონდენტის ჩასართავად ემზადებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ოპერატორს თავდაპირველად ჰკითხეს, წარმოადგენდა თუ არა ის „TV პირველს”, შემდეგ შეაგინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოწმეების თქმით, მედიის წარმომადგენელი ხუთამდე ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გახდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.

19.06.2022

2022 წლის 19 ივნისს ქალაქ ბათუმში, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, თავდასხმა ცალსახად უკავშირდება  ჟურნალისტურ საქმიანობას. 

ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.

კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა. დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. მათ შორის, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს  2022 წლის 18 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში “TV  პირველის” გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით. 

16.06.2022
ქალბატონო პრეზიდენტო, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ და დადებითად გადაწყვიტოთ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი, რადგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის “მთავარი არხის” დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის დაპატიმრებით რეალური საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სამართლიანი კრიტიკა ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის 2022 წლის 8 ივნისის რეზოლუციაშიც „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ“ აისახა, რომლითაც ევროპარლამენტმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო პროცესები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში.მოხარული ვართ, რომ თქვენ მიერ 2022 წლის 14 ივნისს გაჟღერებული წუხილი, ევროპასთან ინტეგრაციის ხარვეზებთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას უდროოდ დაკავებას და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დასჯასაც შეეხო. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს. აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს [2] და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებები. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ნიკა გვარამიას დაკავებას არაერთი შიდა და საერთაშორისო აქტორი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მოგეხსენებათ, შეწყალების ინსტრუმენტი სახელმწიფო მეთაურთა ძალაუფლების პაკეტის ისტორიული კომპონენტია. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ კომპეტენციად განიხილავს. ურთიერთშეკავების და გაწონასწორების (checks and balance) მექანიზმში მინიჭებული ფუნქციების მიღმა, სამართლის დოქტრინაში შეწყალების ინსტრუმენტის რამდენიმე ტრადიციული მიზანი განიხილება. მათ შორისაა ერის კონსოლიდაცია და სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის შესახებ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი განსაკუთრებული შემოთავაზებაა ქართული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, საქართველოს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

 მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.

 თქვენი უფლებამოსილების გამოყენებით დაამტკიცოთ ევროკავშირის წევრობის რეალური სურვილი და მზაობა ქვეყანამ გადალახოს არსებული დაბრკოლებები.

 ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
2. ლიბერალური აკადემია თბილისი
3. მედიაკლუბი
4. მედიის განვითარების ფონდი
5. მედიაომბუდსმენი
6. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
7. სატელევიზიო ქსელი
8. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
9. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
10. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
11. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
12. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
13. ღია საზოგადოების ფონდი 
15.06.2022

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის შეშფოთებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის ირგვლივ, დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილთან აკავშირებენ.

მსგავს რიტორიკას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და წარმოადგენს საფრთხის შემცველ დეზინფორმაციას, რომელიც ომის შიშით მანიპულირებს და საქართველოს მოქალაქეების დასავლური არჩევანის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. სწორედ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანია დასავლურ არჩევანზე „პრაგმატულად“ უარის თქმა და 2008 წლის ომის შემდეგ „ახალ რეალობასთან მორგების“ აუცილებლობაში ჩვენი საზოგადოების დარწმუნება. 

ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რომლის მიღწევისთვის ჩვენს საზოგადოებას დიდი ფასი აქვს გადახდილი. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობისთვის გაცნობიერებულად ასოცირდება ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, დემოკრატიულ განვითარებასა და - რაც მთავარია - თავისუფლებასა და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებასთან. მხოლოდ ამ სივრცეშია შესაძლებელი ჩვენი ეროვნული ამოცანის - თავისუფლებისა და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფა.

დაუშვებელია დასავლური ღირებულებების აღრევა, მიზანმიმართულად დამახინჯება და მოსახლეობისთვის მცდარი სახით მიწოდება. აღნიშნული ტენდენცია საქართველოში განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურდა რადიკალური და დესტრუქციული ჯგუფების მიერ. თუმცა დღეს - უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობის ფონზე - მედია წყაროებისა თუ მმართველი ჯგუფებისგან პოლარიზების, მცდარი ინფორმაციის ინიცირების, წახალისებისა და მხარდაჭერის ფაქტები განსაკუთრებით დამაზიანებელია. „ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკა და განცხადებები ხშირად არაზუსტი და დეზინფორმაციულია. ამგვარი განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლური კურსის ურყეობას.

საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ცხადი და პირდაპირი გზავნილებით მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების განვითარებისკენ.

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა არ დააყენოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ, ვიწროპარტიული ამოცანების მისაღწევად და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და უარი თქვას რიტორიკაზე, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება. 

11.06.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღების ფაქტს. 

როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ეფექტურად გამოიყენოს დარჩენილი დრო, რომ გაზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი. 

მომავალი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ყველა შტოსთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით:  

  1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამისათვის გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი ან სხვა სამართლებრივი გზები;
  2. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ თავდასხმები და ბოიკოტის რეჟიმი კრიტიკული მედიის მიმართ;
  3. დაჩქარდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევების გამოძიება,  მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ფაქტების სრულფასოვანი შესწავლის და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის პროცესი;
  4. ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში აიკრძალოს რუსული ტელეარხების ტრანზიტი;
  5. საჯარო სამსახურებმა ჯეროვნად აღასრულონ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებები.
01.06.2022

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „პრაიდ კვირეული“ თბილისში 28 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დასრულდება. ულტრარადიკალური ჯგუფები, შარშანდელის მსგავსად, ახლაც იმუქრებიან, რომ აპირებენ კვირეულისთვის ხელის შეშლას. 

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ ძალადობრივი ჯგუფების მუქარის შემცველი განცხადებები.

ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს პრაიდის კვირეული.

მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია და დაეხმაროს საზოგადოებას ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დაძლევაში.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • არ დაუთმოთ მედიასივრცე ძალადობისკენ მოწოდებებსა და სიძულვილის ენას. (აგრესიული  მოწოდებების  გავრცელებამ და სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობა, რომლის დროსაც დაშავდა 53 ჟურნალისტი, მიყენებული დაზიანებების შედეგად კი გარდაიცვალა ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა);
  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაშუქებისას აუცილებლად მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ჯგუფების მიზნებსა და მოტივაციაზე; 
  • ეცადეთ ხელი არ შეუწყოთ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას;
  • ეცადეთ, სიძულვილის ენის შემცველი მასალა გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამის გარდაუვალი აუცილებლობა და მაღალი საჯარო ინტერესი; ამ შემთხვევაშიც, საზოგადოებას განუმარტეთ, რომ ესა თუ ის განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას;
  • ცხადად გაემიჯნეთ ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ ნიშნავს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას „ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”, შესაძლებელია, სხვა ფორმით და სხვა ტექსტით. არ გაიზიაროთ რესპონდენტის პოზიცია; თუ ამგვარი პოზიცია ისმის პირდაპირ ეთერში, იქვე მიუთითეთ რესპონდენტს და ეცადეთ, არ დაუთმოთ ტრიბუნა ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებებს.