26.07.2022

2022 წლის 25 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნატალი ჯახუტაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აგრესიული სიტყვიერი თავდასხმის სამიზნედ იქცა. პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდა და სექსისტური ენით ესაუბრებოდა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში.

გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი” საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებულები არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირებს არ შეულახონ პატივი და ღირსება.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები.

კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს.

25.07.2022

2022 წლის 25 ივლისს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა, მათ შორის გამოიყენა სექსისტური ენა:  „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე”. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც. მან ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ბრძანდებით, ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. 

19.07.2022

დღეს, 2022 წლის 19 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე.

საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას. ამდენად, ნიკა გვარამიას საქმის განხილვით, სააპელაციო სასამართლოს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ცვლილება შეიტანოს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, არამედ უზრუნველყოს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაც.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორმა ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.

კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიქტურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებს სახალხო დამცველისა თუ სხვა ორგანიზაციების მოსაზრებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.

14.07.2022
2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანიების „მაესტროს” და „იმედის” ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც მისივე განმარტებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს, „მთავარი არხის” ჟურნალისტები კი ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის.

ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა. ამის დასტურია, 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც, ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს. უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტების სახელით საჩივრებიც გაიგზავნა.

2022 წლის 13 ივლისს, ე.წ. სამთავრობო ტელეარხებზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს.

მოვუწოდებთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაფანტოს ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მიერ უკანონო მიყურადების შესახებ არსებული ეჭვები.
08.07.2022

გუშინ, 2022 წლის 7 ივლისს პირველი არხის ეთერში პოლიტიკური პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჩართვისას არხის წამყვანს თამთა სანიკიძეს არაერთხელ მიუთითა კითხვების ფორმულირების ცვლილებისკენ და უხეშად მიმართა. 

2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდასხმის სამიზნედ იქცა „მთავარ არხი“ და მისი ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილიც. ბრიფინგზე მმართველი პარტიის ლიდერმა ჟურნალისტს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი, “ომში ჩართვისკენ“ მოწოდებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსგავსი „პროპაგანდის გავრცელებით“ სხვებიც გამოირჩევიან. - პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიუღებლად მიიჩნევს, მედიის წარმომადგენლებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას. ჟურნალისტების  გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იწვევს უარყოფით შედეგს, რომელსაც საზოგადოებაზე აქვს გავლენა. პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ახალისებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას. ამასთან, წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრის ინფორმაციისა და იდეების მიღების უფლებაში ჩარევას. 

კოალიცია მოუწოდებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს პატივი სცენ ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას.

08.07.2022

2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების” ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, “მთავარ არხს” და მის ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი. მან თენგო გოგოტიშვილი “ომში ჩართვისკენ” მოწოდებებში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ მსგავსი “პროპაგანდის გავრცელებით” სხვებიც გამოირჩევიან და პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა. 

გუშინვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემის” სტუმარი, ოპოზიციური პარტიის, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აგრესიულად ესაუბრა წამყვანს, თამთა სანიკიძეს და მას კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა. გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტს, არამხოლოდ მისთვის, არამედ წინა სტუმრისთვის დასმული შეკითხვებიც დაუწუნა: “მე მგონი, ამ კითხვით მარტო მე კი არ დამცინით, თქვენს თავსაც დასცინით და საზოგადოებასაც”. ამასთან, სანიკიძის კითხვებს მან “აუტანელი” უწოდა და რამდენჯერმე გაუმეორა ჟურნალისტს, რომ ის წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კერძო ტელევიზიისგან განსხვავებით, არ შეუძლია ჰქონდეს ისეთი სარედაქციო პოლიტიკა, როგორსაც თავად გადაწყვეტს: “თქვენ არ ხართ კომერციული ტელევიზია, რომ სარედაქციო პოლიტიკა ისე მართოთ, როგორც გინდათ”.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევა - სახელისუფლო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ამგვარი თავდასხმა შემაშფოთებელია, მით უმეტეს, ჟურნალისტების მიმართ უკვე გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ფონზე.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა და არ აქვს მნიშვნელობა, მათ მოსწონთ თუ არა ეს შეკითხვები. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა - პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს.

პარლამენტის წევრებს ასევე შევახსენებთ, რომ ინფორმაციის საზოგადოებისთვის და მედიისთვის მიწოდება მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, არა ნება, არამედ, პირდაპირი მოვალეობაა. 

აქვე დავძენთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება სწორედაც რომ მისი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი უნდა იყოს და მაუწყებელს არათუ შეუძლია, არამედ ვალდებულია, ჰქონდეს კიდეც სრულიად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. საზოგადოებას ყოველთვის აქვს უფლება, მაუწყებელს მისი ყველა ჯგუფის ინტერესების დაკმაყოფილება მოსთხოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ან ცალკეულ პოლიტიკოსებს, განურჩევლად იმისა, ისინი მიეკუთვნებიან მმართველ ძალას თუ ოპოზიციას. 

პოლიტიკოსების, მით უფრო, დეპუტატების მხრიდან მედიაზე თავდასხმა აღიქმება ზეწოლად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ხელს უწყობს ძალადობასა და აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს მათ, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და აგრესიული რიტორიკით ნუ ახალისებენ მედიაზე თავდასხმას. 

06.07.2022
2022 წლის 05 ივლისს ,,TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს შოთა სადაღაშვილს და თორნიკე გელიტაშვილს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მოძალადეები ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მხარდამჭერებად გაეცნენ, არხის სარედაქციო, პროევროპული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში.

იმავე დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, „TV მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივ და პრორუსულ ჯგუფთან ,,ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულმა პირებმა 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და დაუმტვრიეს ტექნიკა. მთლიანობაში 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ხელისუფლება ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პრორუსული ჯგუფთან დაკავშირებული პირების მიერ გამოხატულ აგრესიას. მით უფრო, როცა Რეგიონებში მცხოვრები ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შესაძლოა კიდევ უფრო დაუცველები აღმოჩნდნენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში გამოიკვლიოს „TV მონიტორინგისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა.

კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაატაროს პრევენციული ზომები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
06.07.2022

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტში არაფხიზელ მდგომარეობაში პირები „ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მოძალადეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს. 

გარდა ამისა, ტელეკომპანიის განცხადებით, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას “დასავლური კურსი აქვს აღებული და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს “ტვ მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტები.

04.07.2022

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.

შსს-ს ცნობით, ამ დღეს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. 

2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა. ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია. 

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. 

ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება. 

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.

01.07.2022

გუშინ, 2022 წლის 30 ივნისს კრიტიკული მაუწყებლის „ტელეკომპანია პირველის” დირექტორს ვატო წერეთელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების” დეპუტატები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება უკვე დაადასტურა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას.

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.