08.10.2020
03 ოქტომბერი 2020 წელი

საქმე N - 360

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, ნინა ხელაძე, კამილა მამედოვა


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ისინი იყვნენ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნესის სიახლეების" ჟურნალისტები და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რამაც, საბოლოო ჯამში, ჟურნალისტები აიძულა, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია. განმცხადებლების აზრით, დაირღვა ქარტიის მე-2 პრინციპი.

საქმის განმხილველ სხდომაში მონაწილეობდნენ განმცხადებლები და მათი წარმომადგენელი. ნიკოლოზ ლალიაშვილს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-2 პრინციპი: “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”. განმცხადებელმა მიუთითა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შემდეგ ქრონოლოგიაზე:

24 დეკემბერი, 2019

პირველი შეხვედრა ნიკოლოზ ლალიაშვილთან შედგა მისივე თხოვნით. შეხვედრაზე დაიბარეს მხოლოდ ბიზნესის რედაქციის აღმასრულებელი პროდუსერი და ამავდროულად, გადაცემის წამყვანი, ანა ცხოვრებოვა. ამ დროისთვის ლალიაშვილი იყო ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილე (ტელეკომპანია “მაესტრო” “იმედის” ჰოლდინგში შედიოდა). მან გააკრიტიკა ცალკეული სიუჟეტები, რომლებიც, მისივე თქმით, “კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ“. ამ შეხვედრაზე მან პრაქტიკულად გასცა დირექტივა, თუ როგორი უნდა გამხდარიყო გადაცემა და ვისი ინტერესების სასარგებლოდ ემუშავა მთლიანად რედაქციას. მხარეები განსახილველ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

13 იანვარი, 2020

ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ბიზნესის რედაქციის აღმასრულებელ პროდიუსერს, ანა ცხოვრებოვას და მოსთხოვა, რომ გადაცემაში არ გაეშვათ კონკრეტული სიუჟეტი. Სიუჟეტის თემა იყო ე.წ. „მაღლივის საბაგირო“. ლალიაშვილმა პროდიუსერს მიზეზად დაუსახელა, რომ “მერიაში ნერვიულობენ”. ამ დროისთვის ნიკოლოზ ლალიაშვილი კვლავ დირექტორის მოადგილე იყო. სატელეფონო საუბრის დროს ანა ცხოვრებოვამ ნათლად განუცხადა, რომ ასეთი კომუნიკაცია მიუღებელი იყო. მისი თქმით, ბიზნესის რედაქციისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, ინერვიულებდა თუ არა რომელიმე ჩინოვნიკი ამა თუ იმ თემის გაშუქების გამო, რადგან უფრო მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლის ინტერესი, სცოდნოდათ, თუ რატომ არ ამუშავდა საბაგირო, რომლის რეაბილიტაციაზე თანხა დაიხარჯა. რედაქციამ დირექტივა არ გაითვალისწინა და თემა მაინც გააშუქა.


25 თებერვალი, 2020



Ნიკოლოზ ლალიაშვილი გვიან საღამოს შეხვდა ბიზნესის რედაქციის რამდენიმე თანამშრომელს. ლალიაშვილის განცხადებით, 16 მარტიდან ეთერში უნდა გასულიყო ახალი ბიზნეს-გადაცემა და მას სურდა, რომ ახალი გადაცემის მომზადებაში ჩართულიყვნენ ტელეკომპანია “მაესტროს” ბიზნესის რედაქციის თანამშრომლები. ამ ეტაპისთვის გარკვეული არ იყო თანამშრომელთა ფუნქციები. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ანა ცხოვრებოვა არ იქნებოდა არც აღმასრულებელი პროდუსერი და არც გადაცემის წამყვანი. Შესაბამისად, იგი არ მიიღებდა გადაწყვეტილებას გასაშუქებელ საკითხებთან დაკავშირებით. ამ შეხვედრაზე ნიკოლოზ ლალიაშვილმა კვლავ გაიმეორა წინა შეხვედრებზე ჩამოყალიბებული ხედვა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკის პრიორიტეტი არ არის მთავრობის კრიტიკა და მთავარი მიზანია: “ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში”. მისივე თქმით, ამ მოსაზრებას უპირობოდ უნდა იზიარებდეს კომპანიის ყველა თანამშრომელი. ნიკოლოზ ლალიაშვილმა ჟურნალისტები ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად თავის მოადგილესთან გაუშვა. Ბიზნესის რედაქციის თანამშრომლებმა შესთავაზეს მას, რომ ახალი გადაცემის შექმნამდე გადაცემა “ბიზნესის სიახლეები” “მაესტროზე” დარჩენილიყო. ლალიაშვილმა უპასუხა, რომ გაარკვევდა, თუ რამდენად იყო ეს შესაძლებელი.


27 თებერვალი, 2020


ტელეკომპანია “იმედის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოთხოვნით, ერთმანეთს შეხვდნენ ახალი გადაცემის მომავალი წამყვანი, გურამ ნიკოლაშვილი და გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” სარედაქციო გუნდი. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა კვლავ ვერ მიიღეს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია.


28 თებერვალი, 2020 (პარასკევი)


28 თებერვალს გადაცემა  ბოლოჯერ გავიდა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში. გადაცემის ბოლოს წამყვანმა, ანა ცხოვრებოვამ ისაუბრა გადაცემის დახურვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის შესახებ. იმავე საღამოს “მაესტროს” გენერალურმა პროდუსერმა, ვარლამ ავალიანმა გადაცემა “ბიზნესის სიახლების” თანამშრომლებს, ანა ცხოვრებოვას თანადასწრებით უთხრა, რომ ნიუსრუმში მათი ადგილები სჭირდებოდა სხვა თანამშრომლებისთვის და ორშაბათიდან უნდა “დაეცალათ ოთახი”. ავალიანი გაღიზიანებული იყო იმით, რომ წამყვანმა ეთერში თქვა გადაცემის დახურვის მიზეზი. არხის გენერალურ პროდუსერსა და რედაქციის თანამშრომლებს შორის შემდგომაც იყო შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია, რადგან, მისი თქმით, ბოლო ეთერის შემდეგ, გადაცემის დახურვაზე პასუხს ყველა მას სთხოვდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია.


13 მარტი, 2020


ტელეკომპანია “იმედის” ადამიანური რესურსების სამსახურმა ანა ცხოვრებოვას აცნობა, რომ რედაქციის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა გურამ ნიკოლაშვილი და გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” სარედაქციო ჯგუფი მას უნდა შეხვედროდა. ანა ცხოვრებოვა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსთან დაკავშირებული მკაცრი ზომების გამო, ამ შეხვედრას დისტანციურად დაესწრო, დანარჩენი თანამშრომლები მივიდნენ შეხვედრაზე. გუნდმა კვლავ მოითხოვა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები, ისევე, როგორც სამომავლო სამუშაოს აღწერილობა.


18 მარტი, 2020

არაერთი მცდელობის მიუხედავად, მიეღოთ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები და ემუშავათ სამუშაოს მკაფიო აღწერილობით, ჟურნალისტებმა არხთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, ნუცა შუბაშვილმა, მარიამ მჭედლიშვილმა და გიგა ბენიამ სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერეს განცხადება და ამის შესახებ წინასწარ აცნობეს გურამ ნიკოლაშვილს.


განმცხადებლებმა, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის დასადასტურებლად, წარმოადგინეს აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ნიკოლოზ ლალიაშვილთან საუბარს 2019 წლის 24 დეკემბერს [აუდიო N 1] და 2020 წლის 25 თებერვალს [აუდიო N 2 და N 3]. საბჭო გაეცნო აღნიშნულ ჩანაწერებს:


2019 წლის 24 დეკემბრის შეხვედრა:


  1. ჟურნალისტის არგუმენტზე, რომ იგი ამბებს აშუქებს დაბალანსებულად, ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს: „ეგ სიტყვა დაივიწყე, გეხვეწები რა, დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული“. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ არა თუ უნდა დაივიწყოს, არამედ ჟურნალისტის მთავარი მოვალეობაა, რომ ამბები დაბალანსებულად გააშუქოს. ჟურნალისტური საქმიანობა განსაკუთრებული სოციალური დატვირთვის მქონე საქმიანობაა. მედიის მიზანია, მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია, რათა აუდიტორიამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. მაყურებელს/მომხმარებელს აქვს გულწრფელი მოლოდინი, რომ მას ჟურნალისტი აწვდის ყველა მხარესთან გადამოწმებულ, გამოკვლეულ და შემოწმებულ ინფორმაციას. ეს არის საზოგადოების ძირითადი უფლება და, შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბალანსი და გაავრცელოს ზუსტი ინფორმაცია. ეთიკის ქარტიის პირველი და მთავარი პრინციპი ასე იკითხება: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. ნიკოლოზ ლალიაშვილის ამ ფრაზაში ჩანს, რომ მისი სურვილია, ჟურნალისტმა უარი თქვას ეთიკურ, პროფესიულ ვალდებულებაზე და ინფორმაცია გააშუქოს მიკერძოებულად.
  2. ჟურნალისტი ეკითხება ნიკოლოზ ლალიაშვილს, თუ რატომ უნდა თქვას უარი ამბების ობიექტურად გაშუქებაზე. ლალიაშვილი პასუხობს, რომ ისინი არიან ომში და თუ ჟურნალისტი უარს იტყვის მის მითითებაზე, რომ არ დაიცვას ბალანსი, ის „დეზერტირია“: „ჰოდა ეხლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში,“ „არ შეიძლება, შენ თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე, როცა შენი ჯარი, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ “იმედი” ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვომობთ და შენ ამბობ, „მე არ ვომობ“, ეგ არის დეზერტირობა, მაგას ქვია დეზერტირობა“
  3. ნიკოლოზ ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ომი როგორც ბიზნეს მოწინააღმდეგეებთან (“რუსთავი-2”, “მთავარი არხი” და ა.შ.), ასევე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან, რომელთაც “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონთ. მისი თქმით, ამ ომში ჩართულია „დაჟე გართობა, პროდაქშენი, ნიუსზე ხომ ლაპარაკი არ არის, პოლიტიკური ტოქშოუები“
  4. ჟურნალისტი არ აპირებს „ომში“ ჩართვას და ამბების მიკერძოებულად გაშუქებას. Ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს, რომ მას არა აქვს კორპორატიული სოლიდარობა.
  5. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიასაშუალების მთავარი ეთიკური ვალდებულება მიუკერძოებლობაა. ჟურნალისტთან საუბარში ნიკოლოზ ლალიაშვილი კიდევ ერთხელ გამორიცხავს ამ პრინციპს და ეუბნება მას: „ახლა ამ არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული. არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა რა, ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული“.
  6. საბჭო ყურადღებას ამახვილებს ნიკოლოზ ლალიაშვილის მიზანზე, რომ „დააკრისტალოს“ მისი მაყურებელი. ჟურნალისტი ეკითხება, შეესაბამება თუ არა არხის პოლიტიკას ახალი ამბების ობიექტურად გაშუქება, რაზეც ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს, რომ „შენი ფეხი არ დგამს იქეთ მხარეს ნაბიჯს, საითაც დგამს იმედი“. ასეთი ქმედებით მაყურებელი იბნევა. თუ ჟურნალისტი ცდილობს, მაყურებელი „დაკრისტალდეს“, საჭიროა ჟურნალისტიც ჩაერთოს იმ „ომში“, რომელსაც “იმედი” ეწევა და გამორიცხულია ამბების ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქება.
  7. საუბრის ბოლოს გამოიკვეთა, კონკრეტულად რა იყო მიუღებელი ნიკოლოზ ლალიაშვილისთვის. პერიოდულად საუბარი ეხებოდა ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალას ლარის ინფლაციაზე. ნიკოლოზ ლალიაშვილს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, ჟურნალისტის კითხვაზე: „ანუ მთავრობა რომ არ გვეხსენებინა და ისე გაგვეშუქებინა ინფლაცია, რომ რეალურად გვიუფასურებს გაზრდილ ხელფასებს, პრობლემა არ არის? ..“ ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს - „არ არი“. ანუ იკვეთება, რომ ტელეკომპანიას და, შესაბამისად, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ პროსახელისუფლებო პოზიცია, რომ თავი უნდა შეიკავონ მთავრობის კრიტიკისაგან.

2020 წლის 25 თებერვლის შეხვედრა:


აღნიშნულ შეხვედრაზეც ნიკოლოზ ლალიაშვილი აგრძელებს არხის სარედაქციო პოლიტიკაზე საუბარს.

  1. ჟურნალისტები ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად განიხილავენ მომავალ გადაცემას და სარედაქციო დამოუკიდებლობას. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ლალიაშვილი პასუხობს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, „თუ თქვენი ღირებულებები თანხვედრაშია არხის სარედაქციო პოლიტიკასთან“. რომ ეს პოლიტიკა არის „არა ნაცების დაბრუნებას ხელისუფლებაში“.
  2. ნიკოლოზ ლალიაშვილი აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს არხის “big idea” -ს, რომელიც არის: „შესაბამისად ჩვენ ვართ როგორც ჰოლოკოსტ გამოვლილი ებრაელები, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში, არანაირ ფასად არ ითანამშრომლებენ მესამე რაიხთან და ნაციზმთან, არასოდეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ნაციზმი არ აღორძინდეს. ეს არის იმედის სარედაქციო პოლიტიკა. ეს არის basic principle, ჩვენი Big idea ეგ არის“.
  3. „სარედაქციო თავისუფლება - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ეს არის გამოგონილი ფანტომი“, - ასე აფასებს ნიკოლოზ ლალიაშვილი ჟურნალისტის კითხვას, ექნებათ თუ არა სარედაქციო თავისუფლება.
  4. ჟურნალისტი საუბრისას იხსენებს ორ ფაქტს, როდესაც მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერივნენ:
„ახალი წლის შემდეგ საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა მონაცემები, საჯარო დეკლარაციებში ხარვეზებზე მთავრობის წევრების. ეს იყო სრულიად ხელმისაწვდომი, საჯაროდ საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი რომლის გაშუქებაც გვინდოდა და ამას მოყვა ამბავი, რომ სრულიად მთავრობის პიარმა დაიწყო რეკვა ტელევიზიაში, რომ არ გააშუქოთ ეგ“.

„მთავრობამ მიწა გაასხვისა ერთ-ერთ კომპანიაზე იმ მიზნით, რომ ის საბაგიროს გააკეთებდა და მონეტიზაციიდან გარკვეულ შემოსავალს მივიღებდით, რაც არ მოხდა. ეს ტერიტორია ჩაკეტილია და ნაგვის ბუნკერად არის გადაქცეული, თქვენი [იგულისხმება ნიკოლოზ ლალიაშვილი] სურვილი იყო, რომ ეს თემა არ გაშუქებულიყო“. ნიკოლოზ ლალიაშვილს ფაქტი არ უარყვია, რომ ნამდვილად ჰქონდა მისი მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. პირიქით, იგი ხაზს უსვამს, რომ ჩარევა მისაღებია, თუ „მთავარ იდეას ემსახურება“, რომ კრიტიკაც უნდა ემსახურებოდეს მთავარ მიზანს.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით საბჭოსათვის ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ჟურნალისტის იძულებას, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. ჟურნალისტის აზრი და ქცევა იყო მისი სურვილი, რომ დაეცვა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები, ამბები აუდიტორიისათვის მიეწოდებინა დაბალანსებულად, ობიექტურად. ამის საპირისპიროდ მას სთხოვდნენ და აიძულებდნენ, რომ ცალმხრივად და მიკერძოებულად ემუშავა, არ გააკრიტიკებინა ხელისუფლება.

ტელეკომპანია “იმედი” ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა საქართველოში და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მისი დირექტორი არა მხოლოდ ახორციელებს კომპანიის ადმინისტრაციულ მენეჯმენტს, არამედ პირდაპირ ჩართულია სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში და ამავე დროს, ამ ჩართულობის წინაპირობაა მისი მოსაზრებები, რომ ბალანსი ცუდია, სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არსებობს, ჟურნალისტური საქმიანობა ომია კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ და მეორე ძალის სასარგებლოდ. საყურადღებოა არხის დამოკიდებულება საკუთარი მაყურებლების მიმართ, რომ მაყურებელი უნდა „დაკრისტალდეს“ და მათ უნდა მიეწოდოს მხოლოდ მიკერძოებული ინფორმაცია.

ქარტიის საბჭო ცალკე გამოყოფს ჟურნალისტთა ქმედებას, რომ არ დამორჩილდნენ მათ დამოუკიდებლობაში ჩარევას და გაასაჯაროეს მედიამენეჯერების სურვილი, რომ ჟურნალისტები აქციონ მიკერძოებულ ჯარისკაცებად პოლიტიკურ ძალთა ომში.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ნიკოლოზ ლალიაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-2 პრინციპი.


დანართები:

  1. აუდიო N 1, აუდიო N 1 ტრანსკრიპტი
  2. აუდიო N 2, აუდიო N 2 ტრანსკრიპტი
  3. აუდიო N 3, აუდიო N 3 ტრანსკრიპტი