16 ივლისი, 2024 წელი
საქმე N 731
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო რამიშვილი
საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, ხატია ღოღობერიძე, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო”. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 28 თებერვალს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ გადაცემაში “ღამის კურიერი” დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა აღნიშნული გადაცემის წამყვანი, ნინო შუბლაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მელანო ცხვარაძე.
მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია.
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის სხდომაში ვერ მონაწილეობის გამო, ერთჯერადად, სხდომის მიზნებისთვის, საქმის განხილვის საწარმოებლად თავმჯდომარედ განისაზღვრა ნინო რამიშვილი. (ქარტიის საქმის წარმოების წესის შესაბამისად: “საბჭოს სხდომას ხსნის და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს ამ სხდომისათვის საბჭოს წევრების მიერ თავმჯდომარედ არჩეული პირი.”)
სამოტივაციო ნაწილი:
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა მოპასუხე ჟურნალისტის ქვემოთ მოყვანილ ფრაზებს:
ნინო შუბლაძის სადავო ფრაზები:
“ელგებეტე პროპაგანდა.”
“სად გადის ზღვარი უმცირესობების უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის?”
განცხადებისა და მისი ავტორის პოზიციის შესაბამისად, კონკრეტულ ფრაზებთან ერთად, პრობლემურია მთლიანად გადაცემის კონტექსტი, რამდენადაც გადაცემა “შეიცავს ქვიარ თემის მადისკრედიტებელ, მათი ჩაგვრისა და დისკრიმინაციის გაღრმავების შემცველ მასალებს. ერთსაათიანი გადაცემის განმავლობაში ჟურნალისტი მრავალჯერ ახსენებს “ელგებეტე პროპაგანდას” და ამ ფორმულირებას იყენებს კითხვის დასმის დროსაც”.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაცემაში მოწვეული პოლიტიკოსის, გურამ მაჭარაშვილის მიერ რამდენჯერმე გაჟღერებული ტერმინი “ელგებეტე პროპაგანდა”, სიძულვილის ენაა და ჟურნალისტი ვალდებულია, რომ განმარტება გააკეთოს და აუდიტორიას აუხსნას, როგორ უნდა მოვიხსენიოთ ქვიარ თემი სწორად. ორგანიზაციის პოზიციით, “ტერმინის შეგნებულად არასწორი გამოყენება ქვიარ თემის მიზანმიმართულ მარგინალიზაციას და მათ არასერიოზულ აღქმას უწყობს ხელს, რაც საზოგადოებაში მათ მიმღებლობას ამცირებს და კიდევ უფრო რიყავს”. ამასთან, რესპონდენტი ამბობს, რომ თავშივე უნდა “ჩავკლათ ის ნებისმიერი ანტისხეული, რომელიც ამას [ქვიარ თემს] პროპაგანდირებას უწევს.”
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული და დამაზიანებელი. მისი პოზიციით, სიუჟეტში მრავალჯერ გამოყენებული ტერმინი: ლგბტ თემის “პროპაგანდა”, როგორც ასეთი, არ არსებობს და ვერ იარსებებს, გამომდინარე იქიდან, რომ სექსუალური ორიენტაცია არა არჩევანი, არამედ მოცემულობაა. განმცხადებლის თქმით, აღნიშნული სიტყვათშეთანხმება პუტინის რუსეთში 2013 წელს მიღებული ჰომოფობიური კანონის მემკვიდრეობაა და მისი გამოყენების მიზანი ქვიარ თემის, როგორც ერთ-ერთი მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფის, კიდევ უფრო მარგინალიზება და ჩაგვრის გაღრმავებაა, რაც წაახალისებს დისკრიმინაციასა და ძალადობას.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ, ქვიარ ადამიანები მოიხსენიონ, როგორც ქვიარ თემი, რომელიც ქოლგა ტერმინია და მარტივად გამოსათქმელია, ან აბრევიატურით ლგბტქ+ ადამიანები.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მსგავსი სახით საკითხის გაშუქება იწვევს ქვიარ თემის დისკრიმინაციას და ხელს უწყობს სიძულვილის გაძლიერებას.
ლგბტქ+ ადამიანები ხშირად არიან დისკრიმინაციის სამიზნეები. მათ უწევთ გამკლავება ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან წამოსულ აგრესიასთან, პოლიტიკურ ჰომოფობიასთან და უთანასწორობასთან, შესაბამისად, მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები. ჟურნალისტი ვალდებულია იყენებდეს ისეთ ტერმინებს, რაც არ იქნება შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი არცერთი ჯგუფის მიმართ.
ქარტიის პრინციპები ჟურნალისტს ავალდებულებს, პირდაპირი ეთერის შემთხვევაში გაემიჯნოს, მიუთითოს რესპონდენტებს, თუ ისინი საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის მიმართ იყენებენ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, რაც ნინო შუბლაძემ არ გააკეთა. უფრო მეტიც, მის მიერ არაერთგზის გამოყენებული ტერმინი “ელგებეტე პროპაგანდა” არაზუსტი და მადისკრედიტებელია.
საბჭო აღნიშნავს, რომ გადაცემაში აქცენტირებული ე.წ. „ლგბტ პროპაგანდა" არ არსებობს. მითითება, რომ „პროპაგანდას” შეუძლია იდენტობაზე გავლენა მოახდინოს და შეცვალოს, გარდა იმისა, რომ არასწორია, არის რუსული დეზინფორმაციული ნარატივის და პროპაგანდის ნაწილიც — არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება და სანდო წყარო, რომელიც დაადასტურებდა „ლგბტ პროპაგანდის" რაიმე ფორმით არსებობას და იმას, რომ ის გავლენას ახდენს ადამიანებზე.გარდა ამისა, დისკრიმინაციულია ამ ტერმინით აპელირება, რადგან ის თავისთავად შეიცავს ქვიარ ადამიანების მტრად წარმოჩენის ნარატივს — თითქოს ქვიარ თემი არის მტერი, რომლის “თავს მოხვევასაც” ცდილობენ და ის საქართველოს მოსახლეობის, ეროვნული იდენტობის წინააღმდეგაა მიმართული.
საქართველოში ამ ტერმინოლოგიას მეტწილად ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფები იყენებენ. ამასთან, ამას ემატება მმართველი გუნდის წევრების ნაწილის ჰომოფობიური განცხადებები, რაც ცხადყოფს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავად აწარმოებენ დისკრიმინაციულ პროპაგანდას მედიის მეშვეობით, რაც განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობები ისედაც ძლიერია.
ქვიარ თემის დისკრიმინაციის ხელშეწყობის ნაცვლად, მედიამ უნდა იმუშაოს ცნობიერების და განათლების დონის ამაღლებაზე ლგბტქ+ საკითხების მიმართ, ასევე, იმ შევიწროების და დისკრიმინაციის შესახებ, რომელსაც ქვიარ თემი განიცდის. მედიამ უნდა გამოიყენოს ისეთი ლექსიკა და ტერმინოლოგია, რომელიც ხელს არ შეუწყობს სტერეოტიპული ფორმულირებების გავრცელებას, არამედ, წაახალისებს ტოლერანტული კულტურის დამკვიდრებას.
გადაცემაში ჟურნალისტი და რესპონდენტი აქტიურად იყენებენ არასწორ ტერმინებს [„ელგებეტე”]. საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტურ მასალაში აუცილებელია გამოყენებული იყოს სწორი ტერმინები და ჟურნალისტმა სათანადო ძალისხმევა უნდა გასწიოს სწორი ტერმინების მოძიებისთვის.
ქარტიის სახელმძღვანელო წესებში „სახელმძღვანელო მითითებები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ლგბტქი საკითხებზე სენსიტიური და ეთიკური გაშუქების შესახებ", მოცემულია ინფორმაცია სწორი ტერმინოლოგიის შესახებ, რომელიც ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს დისკრიმინაციული ფორმულირებების გავრცელებისგან დაიცავს.
როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.
მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტი ვალდებული იყო, მინიმუმ გამიჯვნოდა ჰომოფობიურ გამონათქვამებს, რის სუსტ მცდელობებს ვაწყდებით კიდეც გადაცემაში, თუმცა ეს ვერ გადაწონის კეთილსინდისიერი მედიის ვალდებულებას, რომ ჟურნალისტი უნდა უპირისპირდებოდეს მსგავს მიდგომას და, არათუ ახალისებდეს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, რაც სადავო მასალაში არ იკვეთება.
ქარტიის საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ ყველა ზემოთ აღწერილი ფრაზა და გადაცემის კონტექსტი მთლიანად დისკრიმინაციულია ქვიარ თემის მიმართ.
ამასთან, ქარტიის საბჭო ყურადღებას ამახვილებს
იმაზე, რომ როდესაც ავტორმა გადაცემაში ამ თემაზე სასაუბროდ მოიწვია
საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, იმ
განცხადების ფონზე, რაც მან ქვიარ თემთან
დაკავშირებით წინა დღეს (და მანამდეც არაერთგზის) გააკეთა, გადაცემის
წამყვანს უნდა ჰქონოდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის დისკრიმინაციულ
განცხადებებს გააკეთებდა ქვიარ თემის მიმართ, და უნდა დახვედროდა
შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, უნდა გამოეყენებინა სწორი ტერმინები და
გამიჯვნოდა, შებრძოლებოდა პარლამენტის აშკარად ჰომოფობი წევრის
ჰომოფობიურ გზავნილებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა პირდაპირ დისკრიმინაციად მიიჩნევს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომლებიც პირს, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.
ქარტიის საბჭო მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის (როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური) პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტქ+ ადამიანების მიმართ.
ჟურნალისტი სადავო მასალაში რესპონდენტთან ერთად ნებსით თუ უნებლიედ ახდენს ლგბტქ+ ადამიანების დისკრედიტაციას და მათი არსებობის, მათი საჯაროდ პოზიციონირების საზოგადოების პრობლემად წარმოჩენას, ამაზე მიუთითებს ჟურნალისტის შეკითხვა: “სად გადის ზღვარი უმცირესობების უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის?” და რესპონდენტის გამონათქვამი, რომ ყველა ანტისხეული უნდა ჩავკლათ.
სადავო გადაცემაში წარმოჩენილია, რომ თითქოს ქვიარ თემი არ უნდა სარგებლობდეს იმავე უფლებებით, რითაც სხვა ადამიანები და თითქოს ისინი არ ექცევიან უფლებების დაცვის საერთო ჩარჩოში, რაც ცალსახად პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითია. ეს ყოველივე კი, ისედაც ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებაში, ხელს უწყობს სტიგმისა და სიძულვილის გაძლიერებას.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა წაახალისა ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია, რითაც ხელი შეუწყო ჰომოფობიური განწყობების გაღვივებასა და გავრცელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო გადაცემაში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
სადავო გადაცემაში “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.