19.09.2020


10 აპრილი 2020 წელი საქმე N - 345

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, გელა მთივლიშვილი, ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნანა ვარდიაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 2019 წლის 14 დეკემბერს მომზადებულ სიუჟეტში - „კონტრაქციისთვის ჩამოყვანილები სახლებში ბრუნდებიან“ დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-10 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom მეშვეობით. თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სადავო სიუჟეტში მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭომ განიხილა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

ქარტიის მე-10 პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“


ქართულმა ოცნებამ” 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში მასშტაბური აქცია გამართა, მათ შორის მხარდამჭერები ჩამოიყვანა რეგიონებიდან. სიუჟეტი ეხება აქციის ჩამოსული მონაწილეების უკან დაბრუნების პროცესს. ამავე სიუჟეტის თანახმად, აქციის რამდენიმე მონაწილე ნასვამია, იგინება და, სავარაუდოდ, არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. სიუჟეტში, 26 -ე წამიდან კადრში ჩნდება განმცხადებელი, ნანა ვარდიაშვილი, რომელიც ჟურნალისტს ეუბნება: „ნუ აწუხებთ იმ ადამიანს“, „ადამიანი რომ გეუბნებათ, რომ თქვენთან ლაპარაკი არ უნდა, უნდა გაანებოთ თავი“.

განმცხადებელი ამბობდა, რომ იგი არ იყო აქციის მონაწილე, არამედ შემთხვევით შეესწრო მოვლენების განვითარებას და მოუწოდა ჟურნალისტს, რომ არ გადაეღო/ჩაეწერა ის ადამიანები, რომელთაც ამის სურვილი არ ჰქონდათ. მისი თქმით, ვინაიდან იგი ასე მოხვდა სიუჟეტში, მაყურებელს შთაბეჭდილება დარჩა, რომ განმცხადებელიც აქციის მონაწილე იყო.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილი აქციის მონაწილეების გადაადგილების და მათი ქცევის მიმართ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, მით უფრო თუ ეს ქცევა ანტისოციალურია. შესაბამისად, ჟურნალისტს უფლება ჰქონდა საჯარო სივრცეში გადაეღო აქციის მონაწილეები და მათი ქცევა.

განმცხადებლი აცნობიერებდა, რომ მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება/სიუჟეტის მომზადება. იგი თავისი ინიციატივით მივიდა ჟურნალისტთან და გამოთქვა რეპლიკა/უკმაყოფილება, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ მისი გამოჩენა ასევე იქნებოდა სიუჟეტის ნაწილი და, სავარაუდოდ, აქციის მონაწილედაც შეიძლება აღექვა მაყურებელს. აღსანიშნავია რომ თავად განმცხადებელმა ჟურნალისტს არ განუმარტა, რომ იგი არ იყო აქციის მონაწილე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტის ქმედებები არ არღვევს ქარტიის პირველ და მე-10 პრინციპს.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი.