10.02.2020
11 იანვარი 2020 წელი

საქმე N - 311 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე

განმცხადებელი: ეკატერინე მესხიძე

მოპასუხე: სანდრო კაჭახიძე და სალომე გოგოხია


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ეკატერინე მესხიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2019 წლის 9 აგვისტოს, ტელეკომპანია მაესტროს 12.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი სანდრო კაჭახიძე და სიუჟეტის ავტორი სალომე გოგოხია. ამასთან მე-7 პრინციპი სადავო იყო მხოლოდ სალომე გოგოხიას ნაწილში.

საქმის განხილვის თავისებურებები: 2019 წლის 24 ნოემბერს საბჭოს წევრებმა მოუსმინეს განმცხადებელს, რომელმაც სადავო პრინციპებს დაამატა მე-7 პრინციპი. განმცხადებლის პოზიცია საქმის მასალებთან ერთად გაგზავნილი იქნა საბჭოს სხვა წევრებისათვის და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენიათ.


სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების და საბჭოს მიერ მოკვლეული ინფორმაციის შესაბამისად დადასტურებული სახით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. 2017 წლის 03 მაისის რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა დადგენილად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ეკატერინე მესხიძის „შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის“ ფაქტი [შემდგომ „სექსუალური შევიწროება“], ამავე სააგენტოს უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის მიერ.
  2. პაპუნა უგრეხელიძემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რომ ეკატერინე მესხიძეს მოეხდინა ტელეეთერით გასული შემდეგი განცხადებების უარყოფა:   შპს „იბერია TV”,  2018 წლის 26 მარტი, გადაცემა „ახალი ამბები“. „ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში იქიდან გამომდინარე რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ რომ მარტივად რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია , რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო რომ დაჩაგრა, ეს სიამოვნებას ანიჭებდეს, აი შემიძლია უბრალოდ ასე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“.  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, 2018 წლის 24 მარტი, გადაცემა „შაბათის კურიერი“:   „ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ - ზეწოლის. ამის ახსნა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი, ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, რა გითხრათ აბა, - დაშინება, ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს, ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო რომ მე სახალხო დამცველს მივმართე, იმის გამო რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ასევ ვთქვათ ეს თემა, შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი“  „იმუქრებოდა, რომ იმ სამსახურიდანაც გავათავისუფლებინებ თავს, მემუქრებოდა, რომ მანამ არ მოვისვენებ სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტო, რომ ქალი ხარ და შემიძლია დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტრესში გამყოფო, დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე“ “აი მესაკუთრეობის, ასე ვთქვათ, არა ჯანსაღი დამოკიდებულება მას აქვს ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ“.  შპს „ტელეკომპანია პირველი“  2018 წლის 28 მარტის გადაცემაში „რეაქცია“. „აქ არ არის საუბარი ქლის დისკრიმინაციასა თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას“, „მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“.
  3. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე პაპუნა უგრეხელიძის მოთხოვნა და ეკატერინე მესხიძეს დაავალა ზემოაღნიშნული გამონათქვამების უარყოფა, გარდა ფრაზებისა “აი მესაკუთრეობის, ასე ვთქვათ, არა ჯანსაღი დამოკიდებულება მას აქვს ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ“, „მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“. 
  4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ ფაქტზე, მართლაც ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მიერ, და ეს ფაქტი უკვე დადგენილი ჰქონდა სახალხო დამცველს ამასვე აღნიშნავდა ეკატერინე მესხიძის უფლებადამცველი ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც იმავე დღესვე, 2019 წლის 09 აგვისტოს 12:12 წუთზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა რომ „სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კერძოდ, შევიწროება და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2017 წლის 03 მაისს დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფამილიარული ტერმინოლოგიის გამოყენებას, მუქაროს შემცველ სმს ტექსტებს და ა.შ. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა მსხვერპლის შეურაცხყოფასა და დამამცირებელ სამუშაო გარემოს შექმნაში, და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში“.

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი სანდრო კაჭახიძე აღნიშნავს რომ „შევიწროება და სექსუალური ძალადობა საჯარო რეესტრის ყოფილ უფროსს, პაპუნა უგრეხელიძეს არ დაუდასტურდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის თანამშრომლის ეკატერინე მესხიძის ბრალდებები არ იყო ფაქტობრივად დადასტურებული“. წამყვანის მიერ მტკიცებითი ფორმით გავცელებული ინფორმაცია რომ პაპუნა უგრეხელიძის მიერ შევიწროების და სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა - მცდარი ინფორმაციაა. სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, მართლაც ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მიერ, შესაბამისად ვერც პაპუნა უგრეხელიძის „უდანაშაულობას“ ან/და ამ ფაქტის არ არსებობას დაადგენდა სასამართლო.

თავად სიუჟეტში, ავტორი სალომე გოგოხია აღნიშნავს რომ: „მოსამართლე ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით ეკატერინე მესხიძეს დაევალა იმ მედია საშაულებების მეშვეობით უარყოს აღნიშნული ბრალდებები რომლითაც თავის დროზე თავის ყოფილ უფროსს წაუყენა და დაადანაშაულა როგორც სექსუალურ შევიწროებაში ასევე ძალადობაში“ წამყვანის ტექსტთან ერთობლიობით სიუჟეტის ავტორის ტექსტიც მაყურებელს აწვდის არაზუსტ ინფორმაციას რომ თითქოს სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო იმ გარემოებების დადგენა, მართლაც განხორციელდა თუ არა სექსუალური ხასიათის შევიწროება პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან. როგორც აღინიშნა „სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, შესაბამისად, სალომე გოგოხიას მიერაც გავრცელდა არასწორი ინფორმაცია რაც იწვევს პირველი პრინციპის დარღვევას. აღსანიშნავია რომ ჟურნალისტი თავის ტექსტში საუბრობს სახალხო დამცველის დასკვნაზეც, კერძოდ აღნიშნავს რომ: „თუმცა მისი ადვოკატები [იგულისხმება ეკატერინე მესხიძე] აცხადებენ რომ ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ვინაიდან არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა რომლითაც დასტურდება რომ მესხიძის მიმართ ნამდვილად ჰქონდა ადგილი სექსუალურ შევიწროებას და აქედან გამომდინარე მათთვის გაუგებარია თუ რატომ არ მიიღო მხედველობაში მოსამართლემ სახალხო დამცველის აღნიშნული დასკვნა “. ეს ტექსტი ვერ უზრუნველყოფს აუდიტორიისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან აქცენტია პროცესუალურ დეტალებზე, რომ გასაჩივრდება გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის დასკვნაზე საუბარია როგორც მტკიცებულებაზე და არსად არ არის მინიშნება რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავდა სექსუალური შევიწროების დადგენის ან უარყოფის შესახებ დავას.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით” სიუჟეტში გამოყენებულია პაპუნა უგრეხელიძის ადვოკატის ინტერვიუ, სადაც ის აკრიტიკებს სახალხო დამცველის დასკვნას: „[სახალხო დამცველმა] ერთის მხრივ დაადგინა ის რომ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა თურმე ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ქალბატონი მესხიძის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ მისი საუბრიდან გამომდინარე. პაპუნა უგრეხელიძე პასუხობს, ეს ადამიანი არის ასაკოვანი, ორი შვილის ბებია, და მე არ მაინტერესებს ახლა ეს როგორც ქალი, ეს ადამიანი არ მაინტერესებს“ ქარტიის საბჭოს მიიჩნევს რომ ჟურნალისტმა, რესპონდენტის ამ ფრაზის გასაჯაროებით ხელი შეუწყო სტიგმის გაძლიერებას გენდერული ნიშნით. კერძოდ აქცენტი კეთდება ეკატერინე მესხიძის ასაკზე, მის ოჯახურ მდგომარეობაზე და ეს ფაქტორები შეფასებულია როგორც სექსუალური მიმზიდველობის გამომრიცხავი გარემოებები, რომ კონკრეტული ასაკის ან და ოჯახური მდგომარეობის მქონე ქალი ავტომატურად არ შეიძლება იყოს ინტერესის ობიექტი მისი ასაკობრივი და შესაბამისად გარეგნული თვისებების გამო. აღნიშნული ფრაზა როგორც საბჭო აღნიშნავს ხელს უწყობს სტიგმისა და სტერეოტიპების გაძლიერებას გენდერული ნიშნით.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სანდრო კაჭახიძემ და სალომე გოგოხიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. სალომე გოგოხიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.




14.01.2020
24 ნოემბერი 2019 წელი

საქმე N - 309, 310, 312, 313, 314, 315, 316, 317, 318, 320, 321, 322, 323, 328

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, კამილა მამედოვა.

განმცხადებელი: ეკატერინე მესხიძე

მოპასუხე: 14 მედია საშუალების ჟურნალისტები

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ეკატერინე მესხიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ ქვემოთ მოცემულ მედია პროდუქტებში დარღვეული იყო ქარტიის პრინციპები:

  1. კვირის პალიტრა, სადავო სტატია „,სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პაპუნა უგრეხელიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო". 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, სადავო პრინციპი - 1.  
  2. Ambebi.ge, სადავო სტატია „მათ მერკანტელური მიზნები ამოძრავებთ" - რას წერს სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პაპუნა უგრეხელიძე, სასამართლოში გამარჯვების შემდეგ“. 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, სადავო პრინციპი 1. 
  3. Exclusivenews.ge, სადავო სტატია „პაპუნა უგრეხელიძე ეკა მესხიძის სექსუალურ შევიწროებაში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო“, 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, სადავო პრინციპი - 1.
  4. ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტები, სადავო სიუჟეტი გადაცემაში ქრონიკა 14:00 საათზე - 09 აგვისტო, 2019 წელი, წამყვანი ლევან კვატაშიძე და სიუჟეტის არაიდენტიფიცირებული ავტორი. სადავო პრინციპი - 1 და მე-5.
  5. Interpressnews.ge, სადავო სტატია ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი - სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია და მოპასუხეს ბინძური კამპანიის 5 ტელევიზიაში უარყოფა დაავალა." 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. სადავო პრინციპი - 1 და მე-5.
  6. Ipress.ge, სადავო სტატია „უგრეხელიძე: მესხიძეს დაევალა 5 ტელეკომპანიაში საჯაროდ უარყოს ცრუ ბრალდება სექსუალურ შევიწროებაზე", 09 აგვისტო, 2019 წელი, ირმა მესხია. სადავო პრინციპი - 1 და მე-5.
  7. Gurianews.com, სადავო სტატია „,სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო", 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. სადავო პრინციპი - 1 და მე-5.
  8. Marshalpress, სადავო სტატია ,,სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ ცნო", 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. სადავო პრინციპი - 1 და მე-5.
  9. Newposts.ge, სადავო სტატია ,,ძალადობა და სექსუალური შევიწროვება - სასაამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო". 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. სადავო პრინციპი - 1 და მე-5. 
  10. Caucasus business week, სადავო სტატია ,,The court acquitted Papuna Ugrekhelidze of Abuse and Sexual Harassment". არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. სადავო პრინციპი - 1 და მე-5.
  11. Liberali.ge, სადავო სტატია ,,პაპუნა უგრეხელიძემ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, დავის პირველი რაუნდი მოიგო". 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. სადავო პრინციპი - 1 და მე-5.
  12. 2020news, სადავო სტატია ,,სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო". 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. სადავო პრინციპი - 1 და მე-5.
  13. Infopostalioni.com, სადავო სტატია ,,სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო“. 09 აგვისტო, 2019 წელი, არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. სადავო პრინციპი - 1 და მე-5.
  14. ტელეკომპანია „ობიექტივი“, ნიკოლოზ მჟავანაძის საავტორო გადაცემა „სამოქალაქო საზოგადოება“, 30 აგვისტო, 21:30 ჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, სადავო პრინციპი - 1.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში, მედია საშუალებების - „კვირის პალიტრა“, „ambebi.ge”, “Ipn.ge” ჭრილში, მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ გიორგი სულაძეს. მან განაცხადა თვითაცილება, ვინაიდან აქვს შრომითი ურთიერთობა იმ მედია ჰოლდინგთან, რომელიც ასევე ფლობს ზემოაღნიშნულ მედია საშუალებებს.


საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი, ასევე მხოლოდ ერთი მოპასუხე მედია საშუალების ipress.ge წარმომადგენელი ირმა მესხია. რამდენიმე მედია საშუალებამ წარმოადგინა შეპასუხება, რომელთა შესახებ აღნიშნული იქნება გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში.


რიგი მოპასუხე მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე/სიუჟეტზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი, საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებებს, რომ ეცნობებინათ სადავო მედია პროდუქტებზე პასუხისმგებელი პირები, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4 ] თანახმად: „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.


სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.


განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების და საბჭოს მიერ მოკვლეული ინფორმაციის შესაბამისად დადასტურებული სახით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.   2017 წლის 03 მაისის რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა დადგენილად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ეკატერინე მესხიძის „შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის“ ფაქტი [შემდგომ „სექსუალური შევიწროება“], ამავე სააგენტოს უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის მიერ. 

2.  პაპუნა უგრეხელიძემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რომ ეკატერინე მესხიძეს მოეხდინა შემდეგი განცხადებების უარყოფა:


შპს „იბერია TV”, 2018 წლის 26 მარტი, გადაცემა „ახალი ამბები“. „ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში იქიდან გამომდინარე რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ რომ მარტივად რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია , რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო რომ დაჩაგრა, ეს სიამოვნებას ანიჭებდეს, აი შემიძლია უბრალოდ ასე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“. 

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, 2018 წლის 24 მარტი, გადაცემა „შაბათის კურიერი“:   „ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ - ზეწოლის. ამის ახსნა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი, ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, რა გითხრათ აბა, - დაშინება, ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს, ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო რომ მე სახალხო დამცველს მივმართე, იმის გამო რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ასევ ვთქვათ ეს თემა, შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი“   „იმუქრებოდა, რომ იმ სამსახურიდანაც გავათავისუფლებინებ თავს, მემუქრებოდა, რომ მანამ არ მოვისვენებ სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტო, რომ ქალი ხარ და შემიძლია დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტრესში გამყოფო, დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე“ “აი მესაკუთრეობის, ასე ვთქვათ, არა ჯანსაღი დამოკიდებულება მას აქვს ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ“.  შპს „ტელეკომპანია პირველი“, 

2018 წლის 28 მარტის გადაცემაში „რეაქცია“. „აქ არ არის საუბარი ქლის დისკრიმინაციასა თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას“, „მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“.

3. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე პაპუნა უგრეხელიძის მოთხოვნა და ეკატერინე მესხიძეს დაავალა ზემოაღნიშნული გამონათქვამების უარყოფა, გარდა ფრაზებისა “აი მესაკუთრეობის, ასე ვთქვათ, არა ჯანსაღი დამოკიდებულება მას აქვს ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ“, „მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ ფაქტზე, მართლაც ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მიერ, და ეს ფაქტი უკვე დადგენილი ჰქონდა სახალხო დამცველს ამასვე აღნიშნავდა ეკატერინე მესხიძის უფლებადამცველი ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც იმავე დღესვე, 2019 წლის 09 აგვისტოს 12:12 წუთზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა რომ „სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კერძოდ, შევიწროება და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2017 წლის 03 მაისს დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფამილიარული ტერმინოლოგიის გამოყენებას, მუქაროს შემცველ სმს ტექსტებს და ა.შ. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა მსხვერპლის შეურაცხყოფასა და დამამცირებელ სამუშაო გარემოს შექმნაში, და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში“.


თითოეული სადავო ჟურნალისტური პროდუქტის შეფასება:
 


1. კვირის პალიტრა, სადავო სტატია „,სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პაპუნა უგრეხელიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო". 09 აგვისტო, 2019 წელი.

გარდა სათაურისა, სადავო სტატიის ტექსტის თანახმად „თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მისი მხრიდან ყოფილ თანამშრომელზე, ეკა მესხიძეზე სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია“. კვირის პალიტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, მართლაც ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მიერ, შესაბამისად ვერც პაპუნა უგრეხელიძის „უდანაშაულობას“ ან/და ამ ფაქტის არ არსებობას ვერ დაადგენდა სასამართლო. აქვე აღსანიშნავია რომ სტატია ასახავს მხოლოდ პაპუნა უგრეხელიძის და მისი ადვოკატის პოზიციას, არა თუ მეორე მხარის პოზიცია, არამედ ჟურნალისტის მცდელობაც კი არ ჩანს რომ დაკავშირებოდა მეორე მხარეს და მისი პოზიცია მიეწოდებინა მკითხველისთვის, რაც ასევე წარმოადგენს ბალანსის და შესაბამისად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.


2. ambebi.ge, სადავო სტატია „მათ მერკანტელური მიზნები ამოძრავებთ" - რას წერს სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პაპუნა უგრეხელიძე, სასამართლოში გამარჯვების შემდეგ“. 09 აგვისტო, 2019 წელი.

სტატიის მიხედვით: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ უგრეხელიძე "ფეისბუქზე" წერს“. სადავო სტატიაში ასევე სრულად არის მოყვანილი პაპუნა უგრეხელიძის ფეისბუქ პოსტი. ავტორი ჟურნალისტი სტატიის ბოლოს აღნიშნავს რომ „2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.“ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მკითხველი იღებს ინფორმაციას, რომ სასამართლოს მიერ არ დადასტურდა პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი, რაც არასწორია, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ ფაქტზე, მართლაც ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ სტატია ასახავს მხოლოდ პაპუნა უგრეხელიძის პოზიციას, არ არის მოცემული მეორე მხარის პოზიცია, ჟურნალისტის მცდელობაც არ ჩანს რომ დაკავშირებოდა მეორე მხარეს და მისი პოზიცია მიეწოდებინა მკითხველისთვის, რაც ასევე წარმოადგენს ბალანსის და შესაბამისად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.


3. Exclusivenews.ge, სადავო სტატია „პაპუნა უგრეხელიძე ეკა მესხიძის სექსუალურ შევიწროებაში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო“, 09 აგვისტო, 2019 წელი.

სადავო სტატიის სათაურში მითითებულ ინფორმაცის, რომ თითქოს სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში უდანაშაულოდ სცნო, აგრძელებს თავად სტატიის ტექსტიც, სადაც მითითებულია, რომ: „თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ნაწილობრივ გაამართლა“. სტატიის ბოლოს ჟურნალისტი განმარტავს რომ: „2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილამ თანამშრომელმა ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა“. მითითებული ინფორმაციით ჟურნალისტი მკითხველს აწვდის ამბავს რომ თითქოს პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი სასამართლოს მიერ არ დადასტურდა, რაც არასწორია, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ ფაქტზე, მართლაც ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი. აქვე აღსანიშნავია, რომ სტატია ასახავს მხოლოდ პაპუნა უგრეხელიძის პოზიციას, არ არის მოცემული მეორე მხარის პოზიცია, ჟურნალისტის მცდელობაც არ ჩანს რომ დაკავშირებოდა მეორე მხარეს და მისი პოზიცია მიეწოდებინა მკითხველისთვის, რაც ასევე წარმოადგენს ბალანსის და შესაბამისად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.


4. ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტები, სადავო სიუჟეტი გადაცემაში ქრონიკა 14:00 საათზე - 09 აგვისტო, 2019 წელი.

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი ლევან კვატაშიძე აღნიშნავს რომ „[პაპუნა უგრეხელიძე] სასამრთლომ ნაწილობრივ გაამართლა ეკატერინე მესხიძის ხმაურიანი ბრალდებები პაპუნა უგრეხელიძის წინაღმდეგ არ დადასტურდა“ წარდგენის ბოლოს წამყვანი აკონკრეტებს რომ „როგორც ცნობილია 2018 წელს პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში მისმა ყოფილმა თანამშრომელმა დაადანაშაულა“ ამ ორი ფრაზის ერთიანობით აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია რომ თითქოს სასამართლომ არ დაადასტურა ეკატერინე მესხიძის ბრალდებები სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით რაც არ შეესაბამება სიმართლეს. იგივე ხაზი გრძელდება სიუჟეტშიც, რომელიც შეიცავს პაპუნა უგრეხელიძესთან ინტერვიუს, რომელიც საუბრობს რომ თითქოს სასამართლომ დაადგინა რომ მის მიერ სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. მართალია სიუჟეტში არის მეორე მხარის, ეკატერინე მესხიძის ადვოკატის ინტერვიუც, მაგრამ ეს ვერ უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და მაყურებლისათვის გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან ადვოკატი საუბრობს საქმის პროცედურულ ნაწილზე და არ ჩანს რომ ჟურნალისტი დაინტერესდა იმით თუ რეალურად რაზე იმსჯელა სასამართლომ და სასამართლოს გადაწყვეტილება მართლა გულისხმობდა თუ არა იმას რომ პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ ბრალდებებში „გამართლდა“ . ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.


5. interpressnews.ge, სადავო სტატია ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი - სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია და მოპასუხეს ბინძური კამპანიის 5 ტელევიზიაში უარყოფა დაავალა." 09 აგვისტო, 2019 წელი.

სადავო სტატიაში, პაპუნა უგრეხელიძეზე დაყრდნობით მითითებულია, რომ „თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მისი მხრიდან ყოფილ თანამშრომელზე, ეკა მესხიძეზე სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია“. როგორც აღინიშნა ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. სტატიაში ასევე მოცემულია პაპუნა უგრეხელიძის ადვოკატის ინტერვიუ. ამასთან სტატია არ შეიცავს მეორე მხარის პოზიციას, და წარმოადგენს ბალანსის დარღვევას. საბოლოო ჯამში, სტატია მკითხველს აცნობს არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროვებაში „უდანაშაულოდ“ ცნო, შესაბამისად არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.


6. ipress.ge, სადავო სტატია „უგრეხელიძე: მესხიძეს დაევალა 5 ტელეკომპანიაში საჯაროდ უარყოს ცრუ ბრალდება სექსუალურ შევიწროებაზე", 09 აგვისტო, 2019 წელი.

სტატიაში მტკიცებით ფორმაში მითითებულია არასწორი ინფორმაცია, რომ „თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო“. აღნიშნულიდან და იქიდან გამომდინარე რომ სტატია არ შეიცავს მეორე მხარის პოზიციას ჟურნალისტის მიერ მოხდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა. როგორც აღინიშნა სხდომას ესწრებოდა სადავო სტატიის ავტორი ჟურნალისტი ირმა მესხია რომელმაც აღნიშნა რომ მან სცადა ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში [საია], რომელიც იცავდა ეკატერინე მესხიძის ინტერესებს, მაგრამ მცდელობის მომენტისათვის მან პასუხი ვერ მიიღო. ხოლო მას შემდეგ რაც საიამ თავის პოზიცია გამოაქვეყნა,  მედია საშუალებამ განცხადება  უცვლელი სახით განათავსა  საკუთარ ვებ გვერდზე. საბჭოს მიერ მოკვლეული იქნა რომ:

  • სადავო სტატია Ipress.ge ზე განთავსდა 9 აგვისტოს 12:38 წუთზე.
  • სადავო სტატიის გამოქვეყნებამდე დაახლოებით 20 წუთით [12:12 წუთზე] ადრე სიას პოზიცია უკვე საჯაროდ იყო გამოქვეყნებული.
  • საიას პოზიცია Ipress.ge ზე დაიდო დაახლოებით 2 საათის შემდეგ, 14:06 წუთზე.
  • მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტისათვის უკვე ცნობილი იყო 12:38 წუთზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ, მას სტატია არ შეუსწორებია, და სიას განცხადება ცალკე განათავსა და შესაბამისად მკითხველი რომელიც მხოლოდ სადავო სტატიას გაეცნობოდა, ისევ არასწორ ინფორმაციას მიიღებდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.


7. gurianews.com, სადავო სტატია „,სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო", 09 აგვისტო, 2019 წელი.

სადავო სტატიის ტექსტი იმეორეს სათაურში მითითებულ არასწორ ინფორმაციას, რომ „სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ნაწილობრივ გაამართლა“. ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი იქნა რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ ფაქტზე, მართლაც ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მიერ. ასევე სტატია შეიცავს მხოლოდ პაპუნა უგრეხელიძის პოზიციას, არ არის მოცემული მეორე მხარის კომენტარი და ჟურნალისტის მცდელობაც არ ჩანს რომ დაკავშირებოდა მეორე მხარეს და მისი პოზიცია მიეწოდებინა მკითხველისთვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.


8. Marshalpress, სადავო სტატია ,,სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ ცნო" 09 აგვისტო, 2019 წელი.

9. Newposts.ge, სადავო სტატია ,,ძალადობა და სექსუალური შევიწროვება - სასაამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო".

ზემოაღნიშნულ ორივე სადავო სტატიაში მითითებულია რომ „თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ ცნო“ როგორც არა ერთხელ აღინიშნა სადავო სტატიებში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამოდა სიმართლეს, მეტიც, არ იყო გადამოწმებული მეორე მხარესთან, შესაბამისად დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.


10. Caucasus business week, სადავო სტატია ,,The court acquitted Papuna Ugrekhelidze of Abuse and Sexual Harassment".

სადავო სტატიაში აღნიშნული იყო რომ „Tbilisi City court satisfied 5 out of 6 claims of Papuna Ugrekhelidze, the former Chairman of the National Agency of Public Registry (NAPR) and ruled that Ekaterine Meskhidze did not suffer any abuse or harassment at work [თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის 6 მოთხოვნიდან 5 დააკმაყოფილა და დაადგინა რომ ეკატერინე მესხიძეზე არ განხორციელებულა სექსუალური შევიწროება]. ინფორმაცია არასწორია, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სექსუალური შევიწროების ფაქტზე, შესაბამისად ვერ დაადგენდა სექსუალური შევიწროება განხორციელდა თუ არა. ასევე სტატია არ შეიცავს მეორე მხარის პოზიციას, რაც წარმოადგენს ბალანსის დარღვევას. სტატიაში ,,The court acquitted Papuna Ugrekhelidze of Abuse and Sexual Harassment" დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.


11. Liberali.ge, სადავო სტატია ,,პაპუნა უგრეხელიძემ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, დავის პირველი რაუნდი მოიგო". 09 აგვისტო, 2019 წელი.

სხვა სადავო სტატიებისაგან განსხვავებით Liberali.ge სტატიაში მითითებული იყო ორივე მხარის პოზიცია, სადაც ეკატერინე მესხიძის უფლებადამცველი აღნიშნავდა რომ „სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება“. მაგრამ ქარტიის საბჭო პრობლემურად მიიჩნევს სტატიის სათაურს.

სადავო სტატიის სათაური ,,პაპუნა უგრეხელიძემ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, დავის პირველი რაუნდი მოიგო" მკითხველს აწვდის ინფორმაციას რომ თითქოს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული დავის პირველი რაუნდი მოიგო პაპუნა უგრეხელიძემ, რომელი ინფორმაციაც იყო არასწორი და ეს თავად სტატიის შინაარსშიც ჩანდა, შესაბამისად საბჭო მიიჩნევს რომ არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციური სათაურის გამოყენებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭომ საქმეში „ანა გაბელაია მართა ლაბაძისა და Reportiori.ge-ს, kvira.ge-ის, digest.pia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ [2018 წელი], აღნიშნა რომ

„ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში“.


12. 2020news,
სადავო სტატია ,,სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო". 09 აგვისტო, 2019 წელი.


სათაურის მსგავსად სადავო სტატიის ტექსტითაც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა რომ „საქალაქო სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ეკატერინე მესხიძის მიმართ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია“. როგორც უკვე აღინიშნა ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ასევე სადავო სტატია არ შეიცავდა მეორე მხარის პოზიციას და ეყრდნობოდა მხოლოდ პაპუნა უგრეხელიძის, და როგორც აღმოჩნდა მცდარ ინფორმაციას, რაც იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.


13. infopostalioni.com, სადავო სტატია ,,სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო“. 09 აგვისტო, 2019 წელი.


სადავო სტატიაში აღნიშნულია რომ „თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე გაამართლა“. ხოლო მკითხველისათვის იმის საილუსტრაციოდ თუ რაში „გამართლდა“ პაპუნა უგრეხელიძე, სტატიაში მითითებულია რომ იგი ყოფილმა თანამშრომელმა ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება რომ მედია საშუალების მიერ გავრცელდა არასწორი, დაუბალანსებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია რამაც გამოიწვია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.


14. ტელეკომპანია „ობიექტივი“, ნიკოლოზ მჟავანაძის საავტორო გადაცემა „სამოქალაქო საზოგადოება“, 30 აგვისტო, 21:30 ჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, სადავო პრინციპი - 1.

ტელეკომპანია „ობიექტივში“, ნიკოლოზ მჟავანაძის საავტორო გადაცემაში, წამყვანმა ისაუბრა სასამართლო დავაზე პაპუნა უგრეხელიძესა და ეკატერინე მესხიძეს შორის, სადაც აღნიშნა რომ „ის ბრალდებები რომელიც იყო მის მიმართ, ყველა ამ ბრალდებასთან [იგულისხმება ბრალდება სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით] დაკავშირებით იმსჯელა სასამართლომ და ამ მესხიძეს რომელიც ადანაშაულებდა ამ ადამიანს დაავალა ამ ცნობების უარყოფა“ საბჭოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად სასამართლოს არ უმსჯელია სექსუალური შევიწროებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იყო არასწორი. ამასთან გადაცემა შეიცავს პაპუნა უგრეხელიძესთან ინტერვიუს, წამყვანი შემდეგ თემას აგრძელებს მოწვეულ სტუმრებთან ერთად და არც ეტაპზე არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობაც კი რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა მეორე მხარესთან, რაც ასევე იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.


შენიშვნა: საბჭოს სამდივნოსთან კომუნიკაციის დროს რამდენიმე მოპასუხე მედია საშუალებამ მიუთითა, რომ ისინი ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაეყრდნენ სხვა მედია საშუალებას, რაც მათ ათავისუფლებდა სარედაქციო პასუხისმგებლობისაგან. ქარტიის საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს რომ სხვა მედიის, როგორც წყაროზე მითითება არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მედიასაშუალებას თავად იზრუნოს აუდიტორიისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე, და ყველა ესეთი მედია საშუალება ეთიკური ვალდებულებების დაცვის მიზნით მოვალე იყო გადაემოწმებინა სხვა მედია საშუალების [ანუ წყაროს] მიერ გავრცელებული ინფორმაცია. უცვლელი სახით მასალის კოპირებით კი მათ პირველწყარო მედია საშუალების მსგავსად ვერ შეასრულეს ეთიკური ვალდებულებები.


ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”. ქარტიის საბჭოს განმცხადებელმა წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომ მათ შესწორების მოთხოვნით მიმართეს შემდეგ მედია საშუალებებს: ტელეკომპანია იმედი, interpressnews.ge, ipress.ge, gurianews.com, Marshalpress, Newposts.ge, Caucasus business week, Liberali.ge, 2020news, infopostalioni.com. აღნიშნული მედია საშუალებებიდან არც ერთს არ შეუსწორებია ინფორმაცია ეთიკური ჟურნალისტიკისათვის დადგენილი წესით, შესაბამისად დაირღვა მე-5 პრინციპი. ცალკე აღსანიშნავია infopostalioni.com, რომელმაც ქარტიის საბჭოს აცნობა, რომ ეკატერინე მესხიძის პრეტენზიის შემდეგ მათ სადავო სტატია წაშალეს. საბჭო ხაზს უსვამს რომ არასწორი ინფორმაციის წაშლა არ წამოადგენს შესწორებას და ეთიკური ვალდებულებებისაგან არ ათავისუფლებს ჟურნალისტს: 

  • მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.
  • მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.
  • მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
  • თუკი მომდევნო დღეებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რაც არსობრივად ცვლის წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, უმჯობესია ცალკე მომზადდეს ახალი მასალა, უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ცხადად მიეთითოს ბმული და გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ.


სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს: 

  1. კვირის პალიტრის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  2. Ambebi.ge - ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  3. Exclusivenews.ge -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  4. ტელეკომპანია იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა და წამყვანმა ლევან კვატაშიძემ.
  5. Interpressnews.ge - ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  6. Ipress.ge- ის ჟურნალისტმა ირმა მესხიამ.
  7. Gurianews.com - ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  8. Marshalpress -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  9. Newposts.ge - -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  10. Caucasus Business week -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  11. Liberali.ge - ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  12. 2020news -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  13. Infopostalioni.com -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  14. ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ქარტიის მე-5 პრინციპი დაარღვიეს:

  1. ტელეკომპანია იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა და წამყვანმა ლევან კვატაშიძემ.
  2. Interpressnews.ge - ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  3. Ipress.ge- ის ჟურნალისტმა ირმა მესხიამ.
  4. Gurianews.com - ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  5. Marshalpress -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  6. Newposts.ge - -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  7. Caucasus Business week -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  8. Liberali.ge - ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა. 
  9. 2020news -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.
  10. Infopostalioni.com -ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა.