7 თებერვალი, 2026 წელი
საქმე N 802, 803, 804, 805, 806, 807
საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე
საბჭოს წევრები: თიკო დავაძე, ნანა ბიგანიშვილი, ირაკლი მსხილაძე, თემო ინასარიძე, ნათია ამირანაშვილი, ნინო კაპანაძე, ლელა დუმბაძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართეს მეგი ფერაძემ, ქეთევან გოგიჩაშვილმა, მარიამ ოთინაშვილმა, მარიამ აქუბარდიამ, ნიკოლოზ ტყემალაძემ და მზია კაკალაშვილმა POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ. სადავო ქარდზე, რომელიც POSTV-ანალიტიკის Facebook გვერდზე გავრცელდა, მოქალაქე მეგი ფერაძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმაზე იყო საუბარი.
მოპასუხედ განისაზღვრა მედიასაშუალების არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლები მეგი ფერაძე, ნიკოლოზ ტყემალაძე და ქეთევან გოგიჩაშვილი.
მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია, თუმცა წარმოდგენილია შეპასუხება, სადაც მოპასუხე მედიასაშუალება აცხადებს, რომ სადავო ქარდი Facebook-ზე ნამდვილად განთავსდა, თუმცა მისი გამოქვეყნებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არცერთი პრინციპი არ დარღვეულა. მათი შეფასებით, განმცხადებლების პრეტენზიები დაუსაბუთებელი და მცდარ ფაქტებზე დაფუძნებულია და მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს. შესაბამისად, მედიასაშუალება საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ბრალდებებს არ ეთანხმება.
განმცხადებლები თავდაპირველად სადავოდ ხდიდნენ ქარტიის პირველ, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 პრინციპებს, თუმცა სხდომის მიმდინარეობისას მე-3, მე-8 და მე-10 პრინციპები მოიხსნა და სადავო პრინციპებად დაზუსტდა პირველი, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპები.
სამოტივაციო ნაწილი:
პირველი პრინციპი
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა კონკრეტულ პირს დაუდასტურებლად მიაწერა ფაქტთან კავშირი და მისი შესაძლო ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია მტკიცებულების გარეშე გაავრცელა.
აღნიშნული პრინციპი ჟურნალისტისგან მოითხოვს, რომ ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებამდე იგი გონივრულად გადაამოწმოს და აუდიტორიას მკაფიოდ გააცნოს მხოლოდ ის გარემოებები, რომელთა სისწორის დასადასტურებლად სათანადო ფაქტობრივი საფუძველი არსებობს. გადამოწმების ვალდებულება განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტულ პირს შესაძლო სამართალდარღვევას, ძალადობას, შეურაცხმყოფელ ქმედებას ან სხვა რეპუტაციულად დამაზიანებელ მოქმედებას მიაწერს.
განსახილველ შემთხვევაში, POSTV-ს მიერ გავრცელებულ სადავო ქარდში კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებული იყო მეგი ფერაძე და მას მიეწერებოდა ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ინფორმაცია წარმოდგენილი იყო არა როგორც ვარაუდი ან დაუდასტურებელი ვერსია, არამედ მტკიცებით ფორმაში, რაც აუდიტორიას უქმნიდა მკაფიო წარმოდგენას, რომ აღნიშნული ქმედება სწორედ მეგი ფერაძემ ჩაიდინა.
საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქარდზე გამოყენებული იყო მუშტმოღერებული პირის ფოტო, რომელსაც ეკეთა სათვალე და სახის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაჭრით ჰქონდა დაფარული. შესაბამისად, თავად ეს ფოტო არ იძლეოდა პირის იდენტობის ცალსახად დადგენის შესაძლებლობას. ამ პირობებში, როდესაც მედიასაშუალება ფოტოზე გამოსახულ პირს კონკრეტულ ადამიანთან აიგივებს და მას კონკრეტულ ქმედებას მიაწერს, აუცილებელია არსებობდეს დამატებითი, სარწმუნო და გადამოწმებული საფუძველი, რომელიც ამ ინფორმაციას დაადასტურებს.
სადავო მასალაში არ ყოფილა მითითებული არც წყარო, არც დამატებითი მტკიცებულება და არც სხვა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ფოტოზე გამოსახული პირი სწორედ მეგი ფერაძე იყო ან რომ ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მან განახორციელა. ამდენად, აუდიტორიისთვის უცნობი დარჩა, რის საფუძველზე მოხდა პირის იდენტიფიცირება და რა მტკიცებულებას ეყრდნობოდა მედიასაშუალება გავრცელებული ინფორმაციის წარმოდგენისას.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური სიზუსტის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვიზუალურ მსგავსებაზე, ვარაუდზე ან დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მით უფრო, როდესაც პირის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას შეუძლია მისი რეპუტაციის დაზიანება. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტის პასუხისმგებლობაა, ინფორმაციის გავრცელებამდე მიიღოს გონივრული ზომები მისი სისწორის დასადგენად და თავიდან აიცილოს ისეთი ფორმით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც აუდიტორიას დაუდასტურებელ გარემოებას დადასტურებულ ფაქტად წარმოუდგენს.
საბჭოსთვის ცნობილი გარემოებებით არ დასტურდება, რომ POSTV-მ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ის სათანადოდ გადაამოწმა. კერძოდ, არ იკვეთება, რომ ინფორმაცია გადამოწმდა მინიმუმ ორ დამოუკიდებელ და ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან. ასევე არ დასტურდება, რომ მედიასაშუალებამ ინფორმაციის გავრცელებამდე თავად მეგი ფერაძისგან სცადა კომენტარის მიღება.
საბჭო ხაზს უსვამს, რომ ორი დამოუკიდებელი წყაროს გამოყენება, თავისთავად, არ წარმოადგენს ყველა შემთხვევაში ინფორმაციის სიზუსტის ავტომატურ გარანტიას. თუმცა, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული პირისთვის მძიმე და რეპუტაციულად დამაზიანებელი ქმედების მიწერას, ჟურნალისტის მხრიდან ინფორმაციის მრავალმხრივი გადამოწმება და მისი წყაროს სანდოობის შეფასება წარმოადგენს პროფესიული კეთილსინდისიერების აუცილებელ ნაწილს.
ამასთან, მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს ინფორმაციის გავრცელების ფორმაც. POSTV-ს არ მიუთითებია, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა ვერსიას, ვარაუდს ან დაუდასტურებელ ცნობას.
ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელებამ აუდიტორიას არ დაუტოვა საფუძველი, ეჭვქვეშ დაეყენებინა ქარდზე მართლაც მეგი ფერაძე იყო თუ არა. მედიასაშუალებამ ვარაუდისა და დადასტურებული ფაქტის გამიჯვნის ვალდებულება ვერ უზრუნველყო.
საბჭო ასევე აფასებს მეგი ფერაძის პასუხის უფლების საკითხს. მართალია, პასუხის უფლება ცალკე პრინციპის მოთხოვნად არ უნდა იქნეს გაგებული, თუმცა კონკრეტული პირის მიმართ დამაზიანებელი ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებისას მისი პოზიციის მიღება და აუდიტორიისთვის მიწოდება წარმოადგენს ინფორმაციის სრულყოფილი და სამართლიანი გაშუქების მნიშვნელოვან კომპონენტს.
მოცემულ შემთხვევაში, POSTV-ს აუდიტორიისთვის არ მიუწოდებია მეგი ფერაძის პოზიცია და არც ის დასტურდება, რომ მედიასაშუალებამ მისგან კომენტარის მიღება სცადა. ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ინფორმაცია პირდაპირ ეხებოდა კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული ქმედების ჩადენას და მას ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდა.
საბჭოს შეფასებით, ჟურნალისტის პროფესიული პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ მან მიღებული ინფორმაცია აუდიტორიას გადასცეს. ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს წყაროს სანდოობა, გადაამოწმოს არსებითი ფაქტობრივი გარემოებები და განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდოს ისეთ ინფორმაციას, რომლის დაუზუსტებლად გავრცელებამ შესაძლოა კონკრეტული პირი მნიშვნელოვნად დააზიანოს.
მოცემულ შემთხვევაში, POSTV-მ კონკრეტული პირის იდენტობა და მისთვის მიწერილი ქმედება წარმოადგინა როგორც დადასტურებული ფაქტი, თუმცა ვერ წარმოადგინა ამ დასკვნის დამადასტურებელი სათანადო საფუძველი. ამასთან, არ დასტურდება ინფორმაციის სათანადო გადამოწმება, მათ შორის, დამოუკიდებელ წყაროებთან ან უშუალოდ მეგი ფერაძესთან.
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა წარმოადგენს ჟურნალისტური სიზუსტის სტანდარტის დარღვევას. მედიასაშუალებამ აუდიტორიას მიაწოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია დადასტურებული ფაქტის სახით, რის შედეგადაც საზოგადოებას მიეწოდა ისეთი ინფორმაცია, რომლის სისწორის შემოწმების შესაძლებლობა სადავო მასალიდან არ იკვეთებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ადგენს, რომ POSTV-ს მიერ გავრცელებული სადავო მასალით დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.
მეოთხე პრინციპი
“ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.”
განმცხადებლების პოზიციით, მედიასაშუალებამ ქარდში მეგი ფერაძის ფოტოს გამოყენებამდე არ შეათანხმა მასთან აღნიშნული ფოტო და გამოიყენა ის დაუკითხავად, რაც, მათი შეფასებით, არ შეესაბამება ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის მოპოვების კეთილსინდისიერ და სამართლიან მეთოდებს.
საბჭო არ იზიარებს განმცხადებლების პოზიციას.
სხდომაზე თავად მეგი ფერაძემ დაადასტურა, რომ სადავო ქარდში გამოყენებული ფოტო მედიასაშუალებამ მისი სოციალური ქსელის საჯაროდ ხელმისაწვდომი გვერდიდან აიღო. შესაბამისად, დადგენილია, რომ ფოტო საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო და მისი მოპოვება არ მომხდარა ფარული გზით, მოტყუებით, პირად სივრცეში შეჭრით ან სხვა ისეთი მეთოდის გამოყენებით, რომელიც ინფორმაციის ან ფოტოს არაკეთილსინდისიერად ან უსამართლოდ მოპოვებაზე მიუთითებდა.
საბჭო განმარტავს, რომ ქარტიის მე-4 პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, ინფორმაციის, ფოტოსა თუ დოკუმენტის მოპოვებისას გამოიყენოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები. აღნიშნული პრინციპი არ ადგენს საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოს გამოყენების ზოგად აკრძალვას და არც იმას გულისხმობს, რომ საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოს მედიაში გამოყენება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული ფოტოზე გამოსახულ პირთან.
მოცემულ შემთხვევაში, ფოტო თავად მეგი ფერაძის მიერ იყო განთავსებული მის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი იყო განუსაზღვრელი წრისთვის. საბჭოსთვის არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მედიასაშუალებამ ფოტოს მოსაპოვებლად გამოიყენა რაიმე შეცდომაში შემყვანი, ფარული ან სხვა არაკეთილსინდისიერი საშუალება.
საბჭო ასევე ითვალისწინებს მეგი ფერაძის საჯარო საქმიანობას. როგორც მან თავად აღნიშნა სხდომაზე, იგი მოძრაობის “თავისუფალი აუდიტორია” წევრია. ამასთან, მისი საქმიანობა ხორციელდება საჯარო სივრცეში — იგი საჯაროდ გამოდის, მონაწილეობს საზოგადოებრივ და საპროტესტო ღონისძიებებში და ჩართულია მოძრაობის საქმიანობაში. აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვანია ფოტოს გამოყენების კონტექსტის შეფასებისას, ვინაიდან მედიასაშუალებას ჰქონდა საფუძველი, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენებთან დაკავშირებით გამოეყენებინა პირის მიერ თავად საჯაროდ გავრცელებული ვიზუალური მასალა.
საბჭო ასევე ითვალისწინებს მედიასაშუალების მიერ ფოტოს გამოყენების მიზანს, რაც იყო აუდიტორიისთვის შესაძლებლობის მიცემა, მეგი ფერაძე ვიზუალურად შეედარებინა ქარდში წარმოდგენილ — მუშტმოღერებულ და სახედაფარულ, პირთან. ამ შემთხვევაში მეგი ფერაძის ფოტოს ჩვენება მაღალ საზოგადოებრივ ინტერეს წარმოადგენდა. შესაბამისად, ფოტოს მოპოვების პროცესში არ იკვეთება რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მე-4 პრინციპით აკრძალული მეთოდის გამოყენებაზე მიუთითებდა.
საბჭო ხაზს უსვამს, რომ ფოტოს გამოყენების ეთიკური გამართლება და მისი გამოყენების შედეგად გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ის გარემოება, რომ ფოტოს მოპოვება კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდით მოხდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ფოტოსთან დაკავშირებული ყველა შემდგომი ინფორმაცია ზუსტია ან ეთიკურად გამართლებული. შესაბამისად, ფოტოს გამოყენების მიზანი, მასზე დაფუძნებული იდენტიფიკაცია და გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე შეიძლება შეფასდეს ქარტიის სხვა პრინციპების ფარგლებში.
ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ მედიასაშუალებამ ფოტო ისე გამოიყენა, რომ ეს წინასწარ არ შეათანხმა მასზე გამოსახულ პირთან, თავისთავად არ მიუთითებს მისი მოპოვების არაკეთილსინდისიერ ან უსამართლო მეთოდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიზუალური მასალის გამოყენების შესაძლებლობა დაუსაბუთებლად შეიზღუდებოდა, რაც მე-4 პრინციპის მიზანს სცდება.
მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ POSTV-მ მეგი ფერაძის ფოტო მოიპოვა მისი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ფარული მოქმედებით, მოტყუებით, ზეწოლით ან სხვა არაკეთილსინდისიერი საშუალებით. პირიქით, თავად განმცხადებელმა სხდომაზე დაადასტურა, რომ ფოტო სოციალურ ქსელში მისი საჯაროდ ხელმისაწვდომი გვერდიდან იყო აღებული. ფოტო საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, ხოლო მეგი ფერაძის საჯარო საქმიანობის გათვალისწინებით, მისი გამოყენება საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მომზადებულ მედიამასალაში თავისთავად არ წარმოადგენს ქარტიის მე-4 პრინციპით აკრძალულ მეთოდს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ POSTV-ს მიერ მეგი ფერაძის საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოს მოპოვებისა და გამოყენებისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-4 პრინციპის მოთხოვნები არ დარღვეულა.
მეხუთე პრინციპი
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, მე-5 პრინციპის დარღვევის შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ მედიასაშუალებამ თავდაპირველად არსებითად არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და შემდგომ, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის არაზუსტობის შესახებ, არ შეასრულა მისი სათანადოდ და გონივრულ ვადაში შესწორების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, საბჭომ პირველი პრინციპის ფარგლებში უკვე დაადგინა, რომ სადავო ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა სიზუსტისა და სათანადო გადამოწმების სტანდარტს.
განმცხადებლების მიერ საბჭოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეგი ფერაძემ POSTV-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა და მედიასაშუალებას აცნობა, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. მან უარყო მისთვის მიწერილი ქმედება და მედიასაშუალებისგან გავრცელებული ინფორმაციის შესწორება მოითხოვა. ასევე, მოძრაობის “თავისუფალი აუდიტორია” სოციალური ქსელის გვერდზე მათ გამოაქვეყნეს განცხადება სადავო ქარდთან დაკავშირებით.
მოპასუხე მედიას, ქარტიის საქმის წარმოების შესაბამისად, მიეწოდა ყველა ინფორმაცია განცხადებასთან დაკავშირებით.
საბჭო აღნიშნავს, რომ ამ მომენტიდან მოპასუხისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სადავო იყო და კონკრეტული პირი მის სისწორეს უარყოფდა. შესაბამისად, მედიასაშუალებას წარმოეშვა ვალდებულება, შეემოწმებინა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია და, მისი არაზუსტობის დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სათანადო ფორმით მიეწოდებინა შესწორებული ინფორმაცია.
საქმის განხილვისას საბჭომ ვერ დაადგინა, რომ POSTV-მ გავრცელებული ინფორმაცია შეასწორა. ასევე არ დგინდება, რომ მედიასაშუალებამ აუდიტორიას მიაწოდა მეგი ფერაძის უარყოფა ან რაიმე ფორმით განმარტა, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი ან დაუდასტურებელი იყო.
ქარტიის მე-5 პრინციპის მიზანია, საზოგადოებას ჰქონდეს არა მხოლოდ ზუსტი ინფორმაციის მიღების უფლება, არამედ შესაძლებლობა, დროულად შეიტყოს მედიასაშუალების მიერ დაშვებული არსებითი შეცდომის შესახებ. როდესაც მედიასაშუალებისთვის ცნობილი ხდება, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, მისი ვალდებულებაა, ეს ინფორმაცია გონივრულ ვადაში შეასწოროს.
მოცემულ შემთხვევაში, POSTV-ს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები არაზუსტი იყო, თუმცა მან ეს ცნობები სათანადოდ არ შეასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ POSTV-მ ვერ შეასრულა არაზუსტი ინფორმაციის დროული და სათანადო შესწორების ვალდებულება და ამით დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-5 პრინციპი.
მეშვიდე პრინციპი
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ იგი სამიზნედ იქცა მისი პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციური პოზიციონირებისა და საზოგადოებრივი/აქტივისტური საქმიანობის გამო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს ისეთი საკითხები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული მტრობის, სტიგმისა და დისკრიმინაციული განწყობების გაძლიერებას.
საბჭო განმარტავს, რომ მე-7 პრინციპის დარღვევა არ შემოიფარგლება მხოლოდ პირდაპირი სიძულვილის ენის ან აშკარად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებით. დისკრიმინაციული ეფექტი შეიძლება წარმოიშვას მაშინაც, როდესაც მედიასაშუალება კონკრეტულ პირს მისი პოლიტიკური შეხედულების, საზოგადოებრივი საქმიანობის ან სხვა იდენტიფიცირებადი ნიშნის საფუძველზე უარყოფით სტერეოტიპთან აკავშირებს და ამგვარად საზოგადოებაში მის მიმართ მტრული ან დამამცირებელი დამოკიდებულების გაძლიერებას უწყობს ხელს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქარდზე მეგი ფერაძე მოხსენიებულია როგორც „ოპოზიციის ტიტუშკა”, რომელმაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფორმულირება არ წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტული ფაქტის ნეიტრალურ აღწერას. ქარდში გამოყენებული სიტყვები „ოპოზიციის ტიტუშკა“ შეიცავს როგორც პირის პოლიტიკურ იდენტიფიცირებას, ისე მის მიმართ მკვეთრად ნეგატიურ შეფასებას. ამასთან, სიტყვა „ტიტუშკა“ მოცემულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენება კონკრეტული პირის დისკრედიტაციისთვის და მას ძალადობრივ, აგრესიულ ან დესტრუქციულ ქცევასთან აკავშირებს.
ამგვარი ფორმულირება აუდიტორიას არა მხოლოდ ატყობინებს, რომ პირი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან ოპოზიციურ მოძრაობას უკავშირდება, არამედ ამ პოლიტიკურ კუთვნილებას უარყოფით და დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩენს.
საბჭო ასევე ითვალისწინებს, რომ, როგორც თავად მეგი ფერაძემ სხდომაზე აღნიშნა, იგი მოძრაობის წევრია და საჯაროდ მონაწილეობს საზოგადოებრივ და საპროტესტო აქტივობებში. შესაბამისად, სადავო ქარდში მისი „ოპოზიციის ტიტუშკად“ მოხსენიება პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო და პოლიტიკურ საქმიანობას და სწორედ ამ ნიშნით წარმოაჩენს მას უარყოფით კონტექსტში.
საბჭოს შეფასებით, აღნიშნული ქმნის ისეთ ნარატივს, რომელშიც განმცხადებელი აუდიტორიის წინაშე წარმოჩენილია არა უბრალოდ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებულ პირად, არამედ ოპოზიციურ, აგრესიულ და საზოგადოებისთვის პრობლემურ სუბიექტად.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით, პოლიტიკური პოზიციის ან საზოგადოებრივი აქტივობის კრიტიკა თავისთავად არ წარმოადგენს დისკრიმინაციას. მედიისთვის დაცულია უფლება, გააკრიტიკოს როგორც პოლიტიკური ჯგუფები, ისე მათი წევრები და აქტივისტები. თუმცა, აღნიშნული უფლება არ გამორიცხავს ჟურნალისტის ვალდებულებას, თავი შეიკავოს ისეთი ფორმით გაშუქებისგან, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის ან აქტივიზმის გამო პირის სტიგმატიზაციას ან მის მიმართ მტრული დამოკიდებულების გაძლიერებას იწვევს.
მოცემულ შემთხვევაში, საბჭოს შეფასებით, პრობლემა სწორედ აღნიშნული ზღვრის გადაკვეთაში მდგომარეობს. ქარდში მეგი ფერაძის პოლიტიკური პოზიციონირება გამოყენებულია მის მიმართ დამაკნინებელი იარლიყის — „ტიტუშკას“ — მისაკერებლად, ხოლო აღნიშნული იარლიყი დაკავშირებულია დაუდასტურებელ ბრალდებასთან ჟურნალისტისთვის მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ.
საბჭო ასევე ითვალისწინებს მასალის გავრცელების შესაძლო სოციალურ ეფექტს. კონკრეტული პირის „ტიტუშკად“ მოხსენიება და მისი ოპოზიციურ ძალასთან დაკავშირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას პარალელურად მიეწერება აგრესიული ან შეურაცხმყოფელი ქმედება, ზრდის მის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულებისა და სტიგმის ჩამოყალიბების რისკს. მედიასაშუალებას, მისი ფართო აუდიტორიისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის გათვალისწინებით, ეკისრება პასუხისმგებლობა, ასეთი რისკები წინასწარ შეაფასოს.
საბჭო არ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს ეკრძალება პირის მიმართ კრიტიკული შეფასების გაკეთება ან მისი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული ტერმინი „ოპოზიციის ტიტუშკა“ არ იყო აუცილებელი კონკრეტული ფაქტის საზოგადოებისთვის გასაცნობად და, სადავო ქარდის საერთო კონტექსტში, პირის დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის ფუნქცია შეიძინა.
ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჟურნალისტური მასალა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ფაქტის გადმოცემით, თითქოს მეგი ფერაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასში ხაზგასმით იყო მითითებული მისი პოლიტიკური კუთვნილება — „ოპოზიციის“ — და ამასთან გამოყენებული იყო დამაკნინებელი იარლიყი — „ტიტუშკა“. ამგვარი ფორმით პირის წარმოჩენამ მისი პოლიტიკური პოზიციონირება ნეგატიური სტერეოტიპის ნაწილად აქცია.
საბჭოს შეფასებით, სადავო ქარდის შინაარსი, გამოყენებული ტერმინოლოგია, პირის პოლიტიკური პოზიციის ხაზგასმა და მისთვის დაუდასტურებელი ქმედების მიწერა, ერთობლიობაში, ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ მედიაგაშუქებამ ხელი შეუწყო განმცხადებლის სტიგმატიზაციას და მისი პოლიტიკური შეხედულებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ნიშნით მის ნეგატიურ წარმოჩენას, რასაც ადასტურებს კომენტარებში გამოხატული ხალხის აგრესიაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ადგენს, რომ POSTV-ს მიერ გავრცელებული სადავო მასალით დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
● ფაქტის განზრახ დამახინჯება;
● ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
● პლაგიატი.”
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები მე-11 პრინციპის დარღვევას უკავშირებენ POSTV-ს მიერ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას და მიიჩნევენ, რომ მედიასაშუალებამ მეგი ფერაძეს კონკრეტული ქმედება განზრახ მიაწერა. მათი პოზიციით, აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენდა უბრალო ჟურნალისტურ შეცდომას და მიზნად ისახავდა განმცხადებლის დისკრედიტაციას.
საბჭო არ იზიარებს აღნიშნულ შეფასებას.
საბჭო პირველ რიგში განმარტავს, რომ ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. პირველი პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. შესაბამისად, ინფორმაციის არაზუსტობის ან სათანადოდ გადაუმოწმებლობის დადგენა შესაძლოა პირველი პრინციპის დარღვევის საფუძველი გახდეს. თუმცა, მხოლოდ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება თავისთავად არ ადასტურებს ფაქტის განზრახ დამახინჯებას და ავტომატურად არ იწვევს მე-11 პრინციპის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ პირველი პრინციპის დარღვევის დადგენა ხშირად მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის საფუძველია.
მე-11 პრინციპის დარღვევის დასადგენად აუცილებელია დადგინდეს არა მხოლოდ ინფორმაციის მცდარობა, არამედ ჟურნალისტის განზრახვა — რომ მან იცოდა ინფორმაციის მცდარობის შესახებ, ან არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლებიც გონივრულად მიუთითებდა მის ცოდნაზე და, მიუხედავად ამისა, მან მაინც გაავრცელა მცდარი ინფორმაცია.
საბჭოს პრაქტიკის შესაბამისად, ფაქტის განზრახ დამახინჯება შეიძლება გამოიკვეთოს, როდესაც:
● ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, შეგნებულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია;
● არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ჟურნალისტისთვის ცნობილი იყო ფაქტობრივი რეალობა, თუმცა მან იგი შეგნებულად დაამახინჯა;
● მედიასაშუალების ქმედებას ჰქონდა კამპანიური და განგრძობადი ხასიათი, რაც კონკრეტული პირის ან საკითხის მიმართ მიზანმიმართულ საინფორმაციო კამპანიაზე მიუთითებდა.
მოცემულ საქმეში საბჭომ ვერ დაადგინა ისეთი გარემოება, რომელიც საკმარისი იქნებოდა POSTV-ს ჟურნალისტის განზრახვის დასადასტურებლად.
მართალია, პირველი პრინციპის ფარგლებში საბჭომ მიიჩნია, რომ მეგი ფერაძისთვის კონკრეტული ქმედების მიწერისას მედიასაშუალებამ ვერ უზრუნველყო ინფორმაციის სათანადო გადამოწმება და გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი იყო და, ამის მიუხედავად, შეგნებულად გადაწყვიტა მისი აუდიტორიისთვის მიწოდება.
საბჭო ასევე ვერ ადგენს, რომ POSTV-ს მოქმედებას ჰქონდა კამპანიური და განგრძობადი ხასიათი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მედიასაშუალება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებდა მეგი ფერაძის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას ან სისტემატურად ცდილობდა მის დისკრედიტაციას. ერთი სადავო მასალის არსებობა, თუნდაც მასში პირველი პრინციპის დარღვევა დადგინდეს, თავისთავად არ არის საკმარისი კამპანიურობის დასადგენად.
საბჭო ასევე ვერ ხედავს საკმარის საფუძველს დასკვნისთვის, რომ სადავო მასალა წარმოადგენდა წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის ნაწილს. განმცხადებლების მიერ გამოთქმული ვარაუდები მედიასაშუალების შესაძლო მოტივთან დაკავშირებით, მტკიცებულებებით გამყარებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, ვერ იქნება საკმარისი მე-11 პრინციპის დარღვევის დასადგენად.
საბჭო ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტის დაცვა მოითხოვს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებას, თუმცა მე-11 პრინციპის მიზანი არ არის ნებისმიერი ჟურნალისტური შეცდომის „განზრახ დამახინჯებად“ შეფასება. ამ პრინციპის დარღვევის დადგენა გაცილებით მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს საჭიროებს, რადგან იგი ჟურნალისტის მიერ სიმართლის შეგნებულად დამახინჯებას უკავშირდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ POSTV-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა ქარტიის პირველი პრინციპით გათვალისწინებულ სიზუსტის სტანდარტს, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჟურნალისტის მიერ ფაქტის განზრახ დამახინჯებას, მის წინასწარ ცოდნას ინფორმაციის მცდარობის შესახებ ან მედიასაშუალების მხრიდან კამპანიური და განგრძობადი მოქმედების არსებობას. შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევა არ დგინდება.
სარეზოლუციო ნაწილი
POSTV-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 პრინციპები, არ დაურღვევია მე-4 და მე-11 პრინციპები.