09.07.2026

18 აპრილი, 2026 წელი

 

საქმე  N 815

 

საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე

საბჭოს წევრები: ნანა ბიგანიშვილი, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თემო ინასარიძე, ლელა დუმბაძე, ნათია ამირანაშვილი, ნინო კაპანაძე

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების ხატია ქვათაძის, ლევან ჯავახიშვილისა და მარიამ ქართველიშვილის წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალა, რომელშიც საუბარია მოსამართლის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვაზე, იყო არაზუსტი, გადაუმოწმებელი და რეპუტაციული ზიანის მიმყენებელი.

 

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ქრონიკის” წამყვანები ხატია ქვათაძე და ლევან ჯავახიშვილი, ასევე  სიუჟეტის ავტორი მარიამ ქართველიშვილი.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი ვლადიმერ ხუჭუა.

 

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც წერილობითი პოზიცია წარმოუდგენიათ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

 

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სადავო ფრაზები:

 

„მოსამართლის პოლიტიკური სარჩელი“;

 

“...პოლიტიკური ნიშნით გაჯერებული სარჩელი”;

 

“... ითხოვდა რომ პოლიციის მიმართ შეურაცხყოფის, დაუმორჩილებლობისთვის ან ხულიგნობისთვის დაკავებულებს 2000 ლარიანი ჯარიმა არ უნდა დაეკისროთ“;

 

„რუსთაველის ქუჩაზე მდგომთა ხმაურიანი პროცესების სამართლებრივ დოკუმენტად ქცევა სცადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ“;

 

 „მოსამართლე ხუჭუა პასუხს გაექცა“;

 

„მოსამართლის მოტივაცია ოპოზიციის პროტესტის ავანგარდია, მმართველ გუნდში აბსურდული საკონსტიტუციო სარჩელის უკან პოლიტიკური მოტივები გაშიფრეს“;

 

„მოსამართლის მანტიის მქონე ხუჭუა „ენჯეო“ სექტორის და ოპოზიციის კამპანიას შეუერთდა ეგრეთ წოდებულ გაჟონილ ბიულეტენებზე და მსაჯულის ჩაქუჩიც დაურტყა“;

 

„ხუჭუას პოლიტიკურ მოტივებზე აგებული სამართლებრივი კამპანია კიდევ ერთხელ ვერ შედგა“...

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

 

სადავო სიუჟეტი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ ხუჟუას წარდგინებას. წარდგინებით მოსამართლე სადავოდ ხდიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

 

სადავოდ გამხდარი ამავე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი გულისხმობს, რომ თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა, გარდა ამავე კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, თუ პირი არ დაემორჩილება პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარმდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით (პირველი ნაწილი). სახდელის სახე და ზომა იგივეა ასეთი პირის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ამის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდების ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების შემთხვევაშიც (მე-2 ნაწილი). ხოლო თუ იგივე პირი განმეორებით ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას, ჯარიმა იზრდება 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი განისაზღვრება 7 დღიდან 60 დღემდე ვადით (მე-3 ნაწილი).

 

სადავოდ გამხდარი ამავე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი გულისხმობს, რომ თუ პირს 173-ე მუხლით ადრე დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი და ის კვლავ ჩაიდენს იმავე ტიპის დარღვევას, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა აღარ გამოიყენება და მას აუცილებლად შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე მუხლებს სადავოდ გამხდარი შენიშვნის ნაწილები 2025 წლის 2 ივლისს დაემატა, მაშინ როდესაც საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. ეს ფაქტი ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ საკანონმდებლო ცვლილებას სწორედ საპროტესტო აქციებში მონაწილე ხალხის დაშინებისა და უფრო მკაცრად დასჯის სურვილი ედო საფუძვლად. სწორედ ამ დანაწესების კონსტიტუციურობას ხდიდა სადავოდ განმცხადებელი თავის კონსტიტუციურ წარდგინებაში, კონკრეტულ საქმეზე დაყრდნობით, რომელიც განიხილებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის მიერ. საქმე ეხებოდა პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და მის შეურაცხყოფას, რისთვისაც მას დაეკისრა ჯარიმა. თუმცა, მძიმე სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გამო, მას დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ შეეძლო.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად არ მიიღო და განმარტა, რომ საერთო სასამართლოს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს მხოლოდ იმ ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე, რომლის გამოყენებაც კონკრეტული საქმის გადაწყვეტისთვის აუცილებელია. მოცემულ შემთხვევაში კი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო განიხილავდა 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ პირველად სამართალდარღვევას, ხოლო სადავო ნორმები ეხებოდა უკვე განმეორებით სამართალდარღვევას და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევას. შესაბამისად, ეს ნორმები მიმდინარე საქმეში პირდაპირ გამოსაყენებელი არ იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, რაიონული სასამართლო რეალურად მიუთითებდა არა მიმდინარე, არამედ მომავალში შესაძლო პრობლემაზე — რომ პირი, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფრო მკაცრად დაისჯებოდა. თუმცა ასეთი ჰიპოთეტური რისკი ვერ გახდება კონსტიტუციური წარდგინების საფუძველი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ წარდგინება არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს და სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე ვერ იმსჯელებდა.

 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გავრცელდა არასრული, შინაარს მოკლებული და ამასთანავე ცრუ ინფორმაცია მის მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ის შეიცავდა მრავალ ფაქტობრივ შეცდომას და ბრალდების ელემენტებს, რომ თითქოს ის კანონის დარღვევასთან ერთად, კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება.

 

ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტი არის მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი. აღნიშნულს საბჭო შემდეგ მოცემულობებზე დაყრდნობით ასაბუთებს:

 

სადავო მასალა ებმის სიუჟეტს სახელწოდებით “გარედან ორგანიზებული პროტესტი”, რაც მაყურებელში იმთავითვე აღძრავს ნეგატიურ წინასწარგანწყობას. სადავო მასალა დასათაურებულია შემდეგნაირად: “მოსამართლის პოლიტიკური სარჩელი“. ქარტიის საბჭოს მრავალჯერ განუმარტავს, რომ სათაური მისი მნიშვნელობიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს ცალკე მედიაპროდუქტად, რამდენადაც ის მაყურებელსა თუ მკითხველს უქმნის წინასწარ განწყობას და წინასწარ წარმოდგენას მასალასთან დაკავშირებით.

 

სიუჟეტის სათაური თავიდანვე ნეგატიურ განწყობას უქმნის აუდიტორიას მოსამართლე ხუჭუას მიმართ და განაწყობს ისე, თითქოს მან თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო რაიმე სარჩელი წარადგინა სასამართლოში. ეს იმთავითვე მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია და მცდარ წარმოდგენას უქმნის მაყურებელს.

 

ქარტიის პირველი პრინციპის ჭრილში დიდი ყურადღება ექცევა, თუ რამდენად სცა ჟურნალისტმა აუდიტორიას პატივი და რამდენად ეცადა მაყურებლისთვის  გადამოწმებული, ზუსტი, და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის მთავარი ხაზია, მაყურებელს აცნობოს, რომ მოსამართლე ხუჭუას კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო, სიუჟეტიდან მაყურებელი ვერ გაიგებს ვერც წარდგინების შინაარსს და ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზს. სიუჟეტში  არც კი ჩანს ჟურნალისტების მცდელობა, მაყურებელს მიაწოდოს რაიმე ინფორმაცია ამ საქმის წარმოების შინაარსთან დაკავშირებით. ეს ცხადყოფს, რომ სიუჟეტის მიზანი არ იყო აუდიტორიის ინფორმირება, აუდიტორიის ინტერესის პატივისცემა, რაც ქარტიის პირველი პრინციპის უგულებელყოფაა.

 

მოპასუხე მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ეჩვენებინათ საკითხის სრული კონტექსტი, კერძოდ ის, რომ არსებობდა კიდევ სხვა კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად ცნო. ამის ნაცვლად, მედია მხოლოდ იმ გადაწყვეტილებაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც სასამართლომ წარდგინების მიღებაზე უარი თქვა. ამბის ასეთი შერჩევითი გაშუქება ქმნის ცალმხრივ სურათს და ემსახურება არა საზოგადოების სრულ ინფორმირებას, არამედ მედიისთვის სასურველი ნარატივის გავრცელებას, რაც არის ფაქტების “მიჩქმალვა” (მნიშვნელოვანი ფაქტების დამალვა და უგულებელყოფა) და ექცევა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის სფეროში.

 

სიუჟეტში კონსტიტუციური წარდგინების საფუძველი მანიპულაციურად არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პროტესტთან. ჟურნალისტი ამ ნაწილშიც ავრცელებს მოსამართლის მიმართ ბრალდებას, რისი რაიმე სახის მტკიცებულებაც სიუჟეტში არ მოჰყავს, სანაცვლოდ აუდიტორიას სთავაზობს მოსამართლის “მამხილებელ” ფრაზებს, კვლავ დასაბუთების გარეშე:

„მოსამართლის მოტივაცია ოპოზიციის პროტესტის ავანგარდია, მმართველ გუნდში აბსურდული საკონსტიტუციო სარჩელის უკან პოლიტიკური მოტივები გაშიფრეს“;

 

„მოსამართლის მანტიის მქონე ხუჭუა „ენჯეო“ სექტორის და ოპოზიციის კამპანიას შეუერთდა ეგრეთ წოდებულ გაჟონილ ბიულეტენებზე და მსაჯულის ჩაქუჩიც დაურტყა“;

 

„ხუჭუას პოლიტიკურ მოტივებზე აგებული სამართლებრივი კამპანია კიდევ ერთხელ ვერ შედგა“;

 

“საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კოლეგისთვის კონსტიტუციის და კანონის განმარტება მოუწიათ”...

 

სადავო სიუჟეტში ჟურნალისტის მხრიდან  რატომღაც "უჩვეულოდაა" წარმოჩენილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ "კანონის განმარტება”. საკონსტიტუციო წარდგინების შინაარსი ისეა წარმოჩენილი თითქოს მოსამართლე ამ წარდგინებით იმ პროტესტის მონაწილეების სანქციებისაგან დაცვას ცდილობს, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ. სიუჟეტში ნათქვამია: “... ითხოვდა, რომ პოლიციის მიმართ შეურაცხყოფის, დაუმორჩილებლობისთვის ან ხულიგნობისთვის დაკავებულებს 2000 ლარიანი ჯარიმა არ უნდა დაეკისროთ“.


“იმედის” სიუჟეტის ეს მონაკვეთიც არ შეესაბამება ხუჭუას წარდგინების მოთხოვნებს და ცალსახად არაზუსტია.

 

რეალურად კი, კონსტიტუციური წარდგინების შინაარსი სრულიად განსხვავებულია და იგი არ შეეხება სამართალდამრღვევთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. წარდგინებაში მოთხოვნილი იყო, სასამართლოს ემსჯელა შემდეგ საკითხზე: თუ პირი ვერ იხდის დაკისრებულ ჯარიმას სიღარიბის გამო, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში მის მიმართ სავალდებულოდ გამოიყენება უფრო მკაცრი სანქცია — ადმინისტრაციული პატიმრობა. შედეგად, დაბალი სოციალური მდგომარეობის მქონე პირი უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჯარიმის გადახდა არ შეუძლია. სასამართლოს აზრით კი, ეს ქმნის არაპროპორციული და უთანასწორო დასჯის საფრთხეს და ზღუდავს სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.

 

შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების მიზანი იყო არა სამართალდამრღვევთა „დაცვა“ ან მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, არამედ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება.

 

მოპასუხე მედიამ აღნიშნული სამართლებრივი საკითხი გააშუქა დამახინჯებული და მანიპულაციური ფორმით, რითაც მაყურებელს შეუქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მოსამართლე მიზანმიმართულად იცავდა პოლიციის შეურაცხმყოფელ ან მოძალადე პირებს. ასეთი გაშუქება არ ასახავს წარდგინების რეალურ შინაარსს, საზოგადოებას აწვდის არაზუსტ ინფორმაციას და იწვევს საკითხის მცდარ აღქმას. აღნიშნული ემსახურებოდა მოსამართლის დისკრედიტაციას, მისი პროფესიული რეპუტაციის შელახვას და მაყურებლის თვალში მის დაკნინებას.

 

ამას კიდევ უფრო ამძაფრებს სიუჟეტში გამოყენებული მმართველი ძალის წევრი პოლიტიკოსების კომენტარები:

 

არჩილ გორდულაძე: “ცდილობს, რომ გამოიყენოს თავისი განცხადებები, მათ შორის, სამწუხაროდ, სამართლებრივი მექანიზმები პოლიტიკური მიზნებისთვის, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 2024 წელსაც, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის უკანაც მისი მეუღლე იდგა, რომელიც თავის მხრივ ერთი ჩვეულებრივი ნაცაქტივისტია… გავიდა მოსამართლის ჩარჩოებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მანტიას ატარებს, გადაქცეულია ნაცმოძრაობის ნარატივის ამყოლ კონკრეტულ პირად.”

 

ირაკლი ქადაგიშვილი: “ეს არ არის სამართლის საკითხი, ეს იყო მისი პოლიტიკური გემოვნება და პოლიტიკური გემოვნება და სამართალი ორი სხვადასხვა რამ არის. ამ შემთხვევაში მოსამართლე ხუჭუა არის პოლიტიკური გემოვნების მხარეს და არა სამართლის მხარეს.”

 

ამასთან, სიუჟეტში ისმის ფრაზა:  „მოსამართლე ხუჭუა პასუხს გაექცა“ - მაშინ როდესაც მოსამართლე განმარტავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მის პოზიციას კონსტიტუციურ წარდგინებასა და შესაბამის დოკუმენტებში გაეცნოს.

 

ყოველივე ეს საბჭოს არწმუნებს, რომ სადავო სიუჟეტი არის არაზუსტი და აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი, რის გამოც დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

მეხუთე პრინციპი

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

განმცხადებლის მიერ საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ვლადიმერ ხუჭუამ მის შესახებ არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მალევე, 2026 წლის 1 მარტს, წერილობით მიმართა ტელეკომპანია “იმედს”, სადაც ის ითხოვს, შეასწორონ მის შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია.

 

საქმის განხილვისას ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ ტელეკომპანია “იმედს” გავრცელებული ინფორმაცია არ შეუსწორებია.

 

ამასთანავე, ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვლადიმერ ხუჭუას განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა ტელეკომპანია “იმედს”,  ქარტიის სამდივნოს წარმომადგენელი ესაუბრა მოპასუხე ჟურნალისტებს და საქმის კურსში ჩააყენა ისინი ქარტიაში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ეს ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას, არსებითად არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინა.

 

სადავო მასალა  დღემდე ხელმისაწვდომია “იმედის” ფეისბუქ გვერდსა და ოფიციალურ საიტზე და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი და შეცდომაში შემყვანია.

 

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო სიუჟეტში ქარტიის მე-5 პრინციპი დაირღვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებმა ხატია ქვათაძემ, ლევან ჯავახიშვილმა და მარიამ ქართველიშვილმა ქარტიის პირველი და  მე-5 პრინციპები დაარღვიეს.

 

სადავო მასალა 27:45

 

განცხადება

 

დამატებით წარმოდგენილი მასალა