20 თებერვალი, 2026 წელი
საქმე N 810
საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე
საბჭოს წევრები: თიკო დავაძე, ნანა ბიგანიშვილი, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თემო ინასარიძე, ლელა დუმბაძე, ნათია ამირანაშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ნინო დათაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალა, რომელშიც საუბარია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კონფლიქტზე მასსა და სასამართლოს მანდატურებს შორის, იყო არაზუსტი, ღირსების შემლახველი, გადაუმოწმებელი და დისკრიმინაციული.
მოპასუხე ჟურნალისტად სიუჟეტის ავტორი გიორგი აბაზაძე განისაზღვრა.
საქმის განხილვის თავისებურებები:
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ნინო დათაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი, იურისტი თამარ გაბოძე.
მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია განცხადებასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
პირველი პრინციპი
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალა არაზუსტი და მანიპულაციურია. მისი პოზიციით, მთავარი უზუსტობა გამოიხატება იმაში, რომ განმცხადებლის სამედიცინო დოკუმენტაციაში ჩანაწერი “ფსიქო-ემოციური ლაბილობა” ჟურნალისტმა წარმოაჩინა როგორც ფსიქიკური პრობლემა.
განცხადების თანახმად, აღნიშნული სიუჟეტი ემსახურება ნინო დათაშვილის მოძალადე და ფსიქიკურად არამდგრად ადამიანად წარმოჩენას.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და მიიჩნია, რომ არაზუსტია ფსიქო-ემოციური ლაბილობის, როგორც ფსიქიკური დაავადების წარმოჩენა.
საბჭო მედიაპროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს, დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.
მოპასუხე ჟურნალისტმა სადავო მასალაში აჩვენა სამედიცინო დოკუმენტაციის ფრაგმენტი (ერთ-ერთი ფორმა 100) ნინო დათაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, სადაც იყო ჩანაწერი “ფსიქო ემოციური ლაბილობა”.
ჟურნალისტმა სიუჟეტი დააფუძნა ამ დოკუმენტზე და მანიპულაციურად, გადაუმოწმებლად, სპეციალისტების შესაბამისი განმარტებების გარეშე, ეს ჩანაწერი წარმოაჩინა, როგორც ფსიქიკური პრობლემების დამადასტურებელი ფაქტი.
მთლიანი სიუჟეტი, ჟურნალისტის ტექსტები, შერჩეული რესპონდენტების კომენტარები ქმნის წარმოდგენას, თითქოს ფსიქო-ემოციური ლაბილობა ფსიქიკური დაავადება და დიაგნოზია. ინფორმაციის მარტივად, საჯარო წყაროებში გადამოწმებაც კი ცხადყოფდა, რომ ეს შეფასება არასწორია.
ემოციური ლაბილობა არ განიხილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პათოლოგიად ან დაავადებად, ის თავისთავად არ არის ფსიქიკური აშლილობა, არამედ მიეკუთვნება „აფექტურ მდგომარეობებთან დაკავშირებული პრობლემების“ ჯგუფს.
სადავო მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა და მინიმალური ძალისხმევა, რომ იგი შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას და მაყურებლამდე მის მიტანას ამომწურავად.
სადავო მასალა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაციის გადამოწმება და აუდიტორიის სწორად ინფორმირება ჟურნალისტის მიზანი არც ყოფილა. სიუჟეტი შეიცავს მანიპულაციურ ელემენტებს და ცდილობს ნინო დათაშვილის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისა და პროტესტში ჩართული პირის, დისკრედიტაციას.
სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: “არსებობს ვიდეოკადრები და არის სამედიცინო ცნობა, თუმცა ნინო დათაშვილს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად წარმოაჩენენ.” ამას თან ერთვის კადრები, სადაც ასახულია სასამართლოს მანდატურთან ნინო დათაშვილის დაპირისპირება.
საბჭოს შეფასებით, სიუჟეტში, სასამართლოში განმცხადებელსა და მანდატურებს შორის კონფლიქტი არასრულად, მიკერძოებულად და საერთო შინაარსის დამახინჯებით არის ნაჩვენები. შერჩეული ფრაგმენტები არ ასახავს დაპირისპირების დასაწყისს, არ აღწერს სურათს ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაც აუდიტორიის უპატივცემულობაა და საბჭომ სიზუსტის დარღვევად მიიჩნია.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, ინფორმაცია მინიმუმ ორ დამოუკიდებელ წყაროსთან უნდა გადამოწმდეს და, მნიშვნელოვანია, სიუჟეტში მისი ადრესატის პოზიცია აისახოს.
სადავო მასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტი ცდილობს განმცხადებლის ინტერესების დამცველთან, თამარ გაბოძესთან, დაკავშირებას, თუმცა ის პასუხობს, რომ დრო არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში, სიუჟეტში ნაჩვენები მხარის წარმომადგენელთან დაკავშირების მცდელობა არ მიიჩნევა საკმარისად. საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტს მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა მეორე მხარის პოზიციის წარმოსაჩენად, მაშინ როდესაც საქმე მის პერსონალურ ინფორმაციას, სამედიცინო დასკვნას ეხება.
ჟურნალისტს შეეძლო ნინო დათაშვილის უფლებადამცველების საჯარო განცხადების ფრაგმენტების გამოყენება, სადაც დათაშვილის მხარე მედიასთან განმარტებას აკეთებდა ამ საკითხზე.
ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს მსგავს შემთხვევაში, კომენტარზე უარის თქმის მიუხედავად, სიუჟეტში წამოჭრილ თემაზე მხარეების პოზიციების საზოგადოებამდე მისატანად.
ვინაიდან ჟურნალისტი მასალას ამზადებს აუდიტორიისთვის, მისი მთავარი
მიზანი არა მხოლოდ მხარეთა შორის ფორმალური ბალანსის დაცვა, არამედ
საზოგადოების უკეთ ინფორმირება უნდა იყოს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ სადავო მასალაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი, გადაუმოწმებელი და დაუბალანსებელია, რაც არ შეესაბამება ქარტიის პირველი პრინციპის სტანდარტს.
მეშვიდე პრინციპი
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “აღნიშნულ სიუჟეტში ნინო დათაშვილი, რომელიც არ არის ლოიალური ძალაუფლებაში მყოფი პარტიის მიმართ, გამოყვანილია როგორც მოძალადე, ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანი და რადიკალი.”
მისი აზრით, სიუჟეტი ნინო დათაშვილის მიმართ მაყურებლის ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება და არის “ადამიანის დეჰუმანიზაციის პროცესის ნაწილი, რისი საბოლოო მიზანია ყველა განსხვავებულად მოაზროვნის დევნა და მხოლოდ მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური პირების დარჩენა ამ ქვეყანაში.”
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გიორგი აბაზაძის სიუჟეტები
დისკრიმინაციულია.
აღნიშნული პრინციპი ავალდებულებს ჟურნალისტს, ყველაფერი იღონოს დისკრიმინაციის ანდა დისკრიმინაციის წახალისების წინააღმდეგ, არ შეუწყოს ხელი სტიგმის გაძლიერებასა და ასეთი ინფორმაციის გავრცელებას.
ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერი სიუჟეტში მანიპულაციურად არის დაკავშირებული მის ქმედებებთან და არის ერთგვარი მინიშნება, რომ ადამიანი, რომელიც ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ საჯაროდ აქტიურობს, არის ფსიქიკური დიაგნოზის მატარებელი.
განსახილველი სიუჟეტი არის ერთგვარი მინიშნება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მოძალადეები არიან.
საბჭოს პოზიციით, სიუჟეტში ნინო დათაშვილის სამედიცინო დასკვნაზე
აპელირებით, მისი როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანად
წარმოჩენით და ამის სასამართლოში ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილი
აქვს დისკრიმინაციას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
ნიშნით.
მაშინ, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ სტიგმაა ქართულ საზოგადოებაში, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მისი როლი ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას. ის უნდა იაზრებდეს, რომ აქვს შესაძლებლობა, გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და თავიდან უნდა აირიდოს ისეთი ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გავრცელება, რომელიც აძლიერებს დისკრიმინაციას და სტიგმას.
ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.
მეათე პრინციპი
“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”
განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტი შეიცავდა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას, რაც უხეშად არღვევს ნინო დათაშვილის უფლებებს და არის ჩარევა მის პირად ცხოვრებაში.
ამ პრინციპის ფარგლებში ქარტიის საბჭო მსჯელობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობაზე, ამგვარი ინტერესის გარეშე კი პერსონალური ინფორმაციის გავრცელება პირად ცხოვრებაში შეჭრაა.
მოცემულ შემთხვევაში, ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ ნინო დათაშვილის, როგორც აქტივისტის, საჯარო პირის, მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი და მისი საქმის დეტალებისადმი მედიის ინტერესს არ მიიჩნევს მის პირად ცხოვრებაში შეჭრად.
ასევე, საბჭომ შეაფასა ჟურნალისტის მიერ დათაშვილის სამედიცინო ინფორმაციის გავრცელება ამ პრინციპთან მიმართებაში.
საბჭომ ვერ დაინახა დარღვევა სიუჟეტში სამედიცინო დასკვნის გავრცელებაში, ვინაიდან ეს ინფორმაცია თავად ნინო დათაშვილის უფლებადამცველ ორგანიზაციას საჯაროდ ჰქონდა გამოქვეყნებული სიუჟეტის მომზადებამდე და მისმა წარმომადგენლებმა ამ დოკუმენტის შესახებ მანამდე საჯაროდ ისაუბრეს ჟურნალისტებთან. სიუჟეტის მომზადების დროისთვის, დათაშვილის აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტი უკვე საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, გასაჯაროებული მეორე, დათაშვილის, მხარის მიერ. თუმცა, ასეთი შემთხვევებისთვის საბჭო გასცემს რეკომენდაციას, რომ როდესაც კონკრეტული, სენსიტიური ინფორმაცია გავრცელებულია ადამიანთა მცირე ჯგუფებს შორის, პასუხისმგებლიანმა მედიამ, რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს, მისი გასაჯაროებისას იმოქმედოს უფრო მაღალი სტანდარტით და, უმჯობესია, დაფაროს ყველა პერსონალური, მათ შორის, სამედიცინო ინფორმაციის შემცველი მონაცემი, და ისე გამოაქვეყნოს ის.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ შემთხვევაში. საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, განმცხადებელმა საბჭო დაარწმუნოს, რომ მოპასუხე ჟურნალისტი კონკრეტული განზრახვითა და მოტივით მოქმედებდა.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა საბჭოს ვერ წარმოუდგინა შესაბამისი მტკიცებულება, რაც მოპასუხე ჟურნალისტის განზრახვას და ქმედების კამპანიურობას დაადასტურებდა. შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა სადავო სიუჟეტში მე-11 პრინციპის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები. ქარტიის საბჭომ არ დაადგინა მე-10 და მე-11 პრინციპების დარღვევა.