08.12.2025

20 ოქტომბერი, 2025 წელი

 

საქმე 809

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ირაკლი მსხილაძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი, ნინო გელაშვილი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა ნადარეიშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანიის “იმედი” სოციალური ქსელის (ფეისბუკის) გვერდზე, 2025 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერი, რომელიც თითქოს ბაჩო ახალაიას (განმცხადებლის მეუღლის) და პაატა ბურჭულაძის საუბარს შეიცავდა, არღვევდა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს.

 

მოპასუხე მხარედ განისაზღვრა ტელეკომპანიის “იმედი” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები, ვინაიდან ქარტიის საბჭოს სამდივნომ ვერ დაადგინა სადავო მასალის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტის ან ჟურნალისტების ვინაობა.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი ანა ნადარეიშვილი.

 

მოპასუხე, ტელეკომპანიის “იმედი” ჟურნალისტები, სხდომას არ დასწრებიან და საკუთარი პოზიცია  საბჭოსთვის არც წერილობით წარმოუდგენიათ.

 

ამ გადაწყვეტილებაში საბჭო აფასებს ტელეკომპანიის “იმედი” ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

განმცხადებლის  პოზიცია:

 

განმცხადებლის განმარტებით, ტელეკომპანიის “იმედი” ჟურნალისტებმა დაარღვიეს

ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან მტკიცებით ფორმაში, გადამოწმების გარეშე, გაავრცელეს მძიმე შინაარსის აუდიო ჩანაწერი, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წევრი, ბაჩო ახალაია და მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო, საუბრობენ აქციაზე არეულობის მოწყობასა და მსხვერპლზე. სოციალურ ქსელში განთავსებული აუდიო ჩანაწერის აღწერაში არ არის მითითებული, რომ ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე  საუბრის მონაწილეები სავარაუდოდ არიან. ასევე, მათთვის არ მიუციათ ჩანაწერთან დაკავშირებით პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა. ანა ნადარეიშვილის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგაც კი, როცა მან საპასუხოდ, სოციალურ ქსელში (ფეისბუკზე) დაწერა, რომ ჩანაწერი იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ყალბი, ტელეკომპანიიდან არავინ დაკავშირებია.

 

განმცხადებელი სადავოდ მიიჩნევდა ქარტიის მე-3 პრინციპს (ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია), ვინაიდან ფიქრობდა, რომ აუდიო ჩანაწერი “იმედში” შეიქმნა და არავითარი სხვა წყარო არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც საქმის განხილვისას ანა ნადარეიშვილმა აღნიშნული პრინციპის დეტალური განმარტება მოისმინა, მე-3 პრინციპი მოხსნა.

 

განმცხადებლის მტკიცებით, “იმედის” მიერ ძალიან მძიმე, ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული შინაარსის, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი იყო ბაჩო ახალაიას პოლიტიკური დისკრიმინაცია, რითიც დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. 

 

მოპასუხე მედიაორგანიზაციის პოზიცია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, უცნობია.

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული  აუდიო ჩანაწერით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

 

ტელეკომპანიის “იმედი” სოციალური მედიის გვერდზე გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერი მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ ჩანაწერი ასახავს ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარს.

“იმედმა” ეს აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა 2025 წლის 4 ოქტომბერს, როცა პრეზიდენტის სასახლესთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

 

ამ ფონზე “იმედმა” გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, სადაც მათი თქმით, ბაჩო ახალაია და იმ დროისთვის უკვე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ვითარების ხელოვნურად ესკალაციას, ახალგაზრდებისთვის იარაღის დარიგებას, სისხლისღვრასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავენ.

 

საქმის განხილვისას, ანა ნადარეიშვილმა საბჭოს განუმარტა, რომ ამ აუდიოსთან დაკავშირებით, მის მეუღლეს და მას “იმედის” ჟურნალისტები არ დაკავშირებიან.

აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებისას, “იმედის” ჟურნალისტებმა აუდიტორიას არ მიაწოდეს ინფორმაცია, სცადეს თუ არა ბაჩო ახალაიასთან დაკავშირება. მასალაში არც პაატა ბურჭულაძის ადვოკატთან, ან მის წარმომადგენელთან დაკავშირების, ან ინფორმაციის დაზუსტების მცდელობა ჩანს.

 

“იმედმა” სადავო აუდიო ჩანაწერი საზოგადოებას მიაწოდა, როგორც ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი, ისე, რომ არ დაიცვა ფაქტის გადამოწმების ელემენტარული სტანდარტი.

 

ინფორმაცია არ არის გადამოწმებული სულ მცირე ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროსთან, როგორც ამას ქარტიის სტანდარტი ითვალისწინებს.

 

გამოქვეყნებული მასალის თანმხლებ ტექსტში არ არის აღწერილი, რა გზას მიმართეს ჟურნალისტებმა ამ აუდიოს ნამდვილობის გადასამოწმებლად მის გამოქვეყნებამდე. არ ჩანს გადამოწმების მცდელობაც კი, მაშინ როცა საქმის განხილვისას საბჭოს წევრებმა გაარკვიეს, რომ ასეთი აუდიო ჩანაწერების მონტაჟის, ფალსიფიცირების, გენერირების კვალის აღმომჩენი რამდენიმე ტექნიკური საშუალება არსებობს, მათ შორის პროგრამები, რომლებიც აუდიოს შემოწმებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. “იმედის” ჟურნალისტს შესაძლებლობა ჰქონდა, მასალის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებამდე, ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პროდუქტის ამომცნობი ინსტრუმენტებით შეემოწმებინა, მაგრამ აუდიოჩანაწერის წარდგენაში არც ეს მცდელობა ჩანს. “იმედის” ჟურნალისტები ვალდებულნი იყვნენ, აუდიტორიის უკეთ ინფორმირებისთვის, მის მიმართ პატივისცემის გამოჩენისთვის გამოეყენებინათ ყველა შესაძლო ხერხი ინფორმაციის გადასამოწმებლად.

 

კარგი ჟურნალისტური სტანდარტით ეს ვალდებულება ძლიერდება, როცა გავრცელებული მედია პროდუქტის მიხედვით კონკრეტული პირები სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენაში არიან მხილებულები. განსახილველ შემთხვევაში აუდიო ჩანაწერის შინაარსით, შესაძლოა, საუბრის ფიგურანტების მხრიდან ადგილი ჰქონოდა სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს. ასეთი შინაარსის მასალის გამოქვეყნებისას მედია განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს. ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა არც საუბრის შესაძლო ფიგურანტების მიმართ დაარღვიოს სიზუსტის პრინციპი და არც აუდიტორიას მიაწოდოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც ამ მასალის შემთხვევაში არ ჩანს და ეს, ცალსახად, აუდიტორიის უპატივცემულობას, მაყურებლის ინტერესების უგულვებელყოფას წარმოადგენს.

განსახილველ შემთხვევაში, “იმედის” ჟურნალისტებმა არ დაიცვეს ეთიკური ჟურნალისტიკის ელემენტარული წესები, გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი აუდიო ჩანაწერი გაავრცელეს ისეთ დროს და ისეთი ფორმით, რაც საბჭოს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ქმედება მიმართული იყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, ქუჩაში პროტესტისთვის გამოსული ადამიანთა ჯგუფის დისკრედიტაციისკენ და ემსახურებოდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდას, რასაც “იმედი” უკვე წლებია აკეთებს და ეს ქარტიის საბჭოს არაერთ გადაწყვეტილებაშია აღწერილი.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს სიმართლეს, საკუთარ აუდიტორიას და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს.

მეშვიდე პრინციპი

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული  აუდიო ჩანაწერით დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, დისკრიმინაცია.

 

განმცხადებელმა ანა ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია “იმედი” ხშირად უძღვნის სიუჟეტებს ბაჩო ახალაიას, სადაც ის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენელი, გამოყვანილია სასტიკ ადამიანად და ბინძური საქმეების შემსრულებლად.

 

განმცხადებლისვე განმარტებით, იმედის მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ის იყო, რომ უმძიმესი შინაარსის აუდიო ჩანაწერის დაჯერება, რომლის ფიგურანტი ბაჩო ახალაიაა, მედიასაშუალების აუდიტორიისთვის ადვილი იქნებოდა, ხალხს მის მიმართ კვლავ  აგრესიულად განაწყობდა და გამოიწვევდა ბაჩო ახალაიას პოლიტიკურ დისკრიმინაციას.

 

ამასთანავე, ანა ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ თავად “ნაციონალური მოძრაობის” წევრია და ღიად აქვს გაცხადებული პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. “ქართული ოცნების” პროპაგანდა კი “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ პარტიისა თუ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ხელმძღვანელ პირებს წარმოაჩენს, როგორც ბოროტ ძალას, რომელიც მუდმივად უქმნის საფრთხეს ქვეყნის მოსახლეობას.

 

განმცხადებლის მტკიცებითვე, “იმედის” მიერ გამოქვეყნებული მედიაპროდუქტი მისი და მისი მეუღლის, მათი როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ოჯახის, დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად, რასაც მიაღწია კიდეც.

 

განმცხადებლის მტკიცებით, “იმედის” მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის  უარყოფითი გავლენა აისახა მისი ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც პოლიტიკასთან არანაირად არ არიან დაკავშირებული.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტებმა, იმით, რომ არაფერი იღონეს უმძიმესი შინაარსის ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად, არ მისცეს შანსი საუბრის ფიგურანტებს, პასუხი გაეცათ ბრალდებებზე, უთანასწორო პირობებში ჩააყენეს ისინი, მოექცნენ უსამართლოდ, ხელი შეუწყეს მათ დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას.

 

განმცხადებლის პოზიციით, რომელიც საბჭომ გაიზიარა, ბაჩო ახალაიას სახელი პირდაპირ ბმაშია “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ამ აუდიო ჩანაწერში მისი, როგორც ფიგურანტის წარმოჩენა ახდენდა “ნაციონალური მოძრაობის” და თავად ბაჩო ახალაიას პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციას.


საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის მხრიდან ასეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გამოქვეყნებამ ხელი შეუწყო ბაჩო ახალაიას, მისი ოჯახის და “ნაციონალური მოძრაობის” დისკრიმინაციას და მათ მიმართ სტიგმის გაძლიერებას.

 

განმცხადებლის განმარტებით, ამ მასალის გამოქვეყნებას მოჰყვა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ საჯარო სივრცეში სიძულვილის შემცველი განცხადებების გავრცელება, რითიც “იმედმა” ხელი შეუწყო მისი მეუღლის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი ხელისუფლების წევრის და მისი როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დისკრიმინაციას.

ქარტიის მეშვიდე პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, ყველაფერი იღონოს ვინმეს მიმართ დისკრიმინაციის ანდა დისკრიმინაციის წახალისების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში “იმედის” ჟურნალისტების მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია გახდა დისკრიმინაციის წამხალისებელი.

“იმედის” მიერ გამოქვეყნებული მედიაპროდუქტის შედეგად კი განმცხადებლის ოჯახი სიძულვილისა და აგრესიის სამიზნე გახდა (აუდიოჩანაწერს სიძულვილის ენის შემცველი ათეულობით კომენტარი ახლდა), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქარტიის მე-7 პრინციპს, დისკრიმინაციის ზიანის პრევენციას.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” მიერ აღნიშნული აუდიო ჩანაწერის ამ ფორმით გამოქვეყნებამ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის და სტიგმატიზაციის წახალისება გამოიწვია, რითიც ქარტიის მე-7 პრინციპი, დისკრიმინაცია დაირღვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

“იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, და  მეშვიდე პრინციპები.