15 თებერვალი, 2025 წელი
საქმე N- 774
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თეა ცაგურიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანისა და ჟურნალისტის, ირინა ყურუას, წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა თავისი შეპასუხება.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში. სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი თეა ცაგურია და მოპასუხე ჟურნალისტი ირინა ყურუა.
განმცხადებელი თეა ცაგურია თავდაპირველად მიუთითებდა, რომ წამყვანმა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დაპატიმრებული დეკანისა და ოთხი სტუდენტის შესახებ გადაცემის დასაწყისში წარმოთქმულ ტექსტში დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (კეთილსინდისიერება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის უფლებები), მეცხრე (მასალების გამიჯვნა), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა, სხდომაზე მან გადაწყვიტა, აღარ ედავა ქარტიის მესამე, მეოთხე და მეცხრე პრინციპებზე.
საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის უფლებები), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო გადაცემა “სათქმელი” საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში 2024 წლის 12 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის მხრიდან სადავოდაა გამხდარი გადაცემის ის ნაწილი, სადაც წამყვანი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დაპატიმრებული დეკანისა და ოთხი სტუდენტის შესახებ საუბრობს.
განმცხადებელი თეა ცაგურია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ირაკლი დევაძის მეუღლეა.
განმცხადებლის მიერ მითითებული ირინა ყურუას სადავო ფრაზები:
,,ბათუმში აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები დააკავეს.”
განმცხადებლის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირები არ შეიძლება, მოხსენიებულ იქნან აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლად. ასევე, სტუდენტები აკადემიურ საზოგადოებად არ იწოდებიან.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის განმარტავს, რომ ის ხელმძღვანელობს უდანაშაულობის პრეზუმფციით. ვინაიდან დაკავებულების ბრალეულობა სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დამტკიცებული, ის დაკავებულებს „მოძალადეებს“ ვერ უწოდებდა.
,,წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ოთხი სტუდენტი, ასევე სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე.“
განმცხადებლის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ ჯორბენაძე არის აღნიშნული ძალადობის ორგანიზატორი, რომელმაც ეს ქმედება დააორგანიზა და ჩაიდინა სასწავლებლის კედლებში არასასწავლო და არასამუშაო დროს.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის განმარტავს, რომ განმცხადებლის ანალიზი სუბიექტურ შეფასებას ეყრდნობა, ის კი, როგორც ჟურნალისტი, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მამუკა ჯორბენაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავს.
,,პროკურატურა დავით გვიანიძეს, ანრი კაკაბაძეს, გურამ მიქელაძეს, გიორგი დავითაძეს დეკანთან ერთად ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.”
განმცხადებლის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტი, რაზედაც ჟურნალისტი უთითებს, დადასტურებულია როგორც დაზარალებულების მიერ, ისე სასწავლებლის შენობის შიგნით მოთავსებული ვიდეო-კამერით.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: მისი განმარტებით, მონოლოგში აღწერილია რეალობა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი, რომელსაც ის მაყურებელს აცნობს, საჯაროდ არის ცნობილი.
,,დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გუშინ შეუფარდა. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი და სტუდენტები აქციებში მონაწილეობით აპროტესტებდნენ ხელისუფლების ანტიდასავლურ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, სწორედ საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრას ცდილობდნენ ახალგაზრდები რექტორის კაბინეტის კარებზე, როდესაც ლექტორს თეა ცაგურიასა და მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.’’
განმცხადებლის პოზიცია: ის განმარტავს, რომ წამყვანი არ ახსენებს მის აკადემიურ სტატუსს, რითაც, ჯორბენაძესთან შედარებით, მის დაკნინებას ცდილობს. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას სტუდენტებისთვის რაიმე სახით შენიშვნა არ მიუცია და არც მათთან კონტაქტი ჰქონია. ის, რაზეც ჟურნალისტი საუბრობს, ეხება სხვა დროს და სხვა სტუდენტებთან მის საუბარს.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის განმარტავს, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი სტუდენტი, გურამ მიქელაძე, ინციდენტის დროს სხვა სტუდენტებთან ერთად რექტორის კაბინეტის შესასვლელთან იმყოფებოდა. რაც შეეხება მის დაპირისპირებას სტუდენტებთან, ამის შესახებ სტუდენტები უკვე ესაუბრნენ გამოძიებას, მხარეთა ადვოკატებს და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. განმცხადებლის სტატუსთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ თეა ცაგურიას დაკნინება მისი მიზანი არ ყოფილა და ვერ იფიქრებდა, რომ სიტყვა „ლექტორი“ დამაკნინებელ კონტექსტში იქნებოდა აღქმული.
,,დეკანი სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.”
განმცხადებლის პოზიცია: განმცხადებელი აღნიშნავს, რომ დეკანი მის მიმართ აგრესიული იყო და მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რასაც წამყვანი უგულებელყოფს. ის ცდილობს, ეს სამსახურებრივი დაპირისპირება პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ მის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ვიდეოშიც (ერთვის გადაწყვეტილებას) ჩანს და ეს ვიდეო დაკავებულების დაცვის მხარესაც აქვს. ის მაყურებელს სწორედ ამ ინციდენტის შესახებ უყვება. „სხვა სტუდენტების თანდასწრებით, სხვა გარემოებაში“ მომხდარ ფაქტზე მითითებით კი განმცხადებელი ცდილობს შექმნას განწყობა, რომ წამყვანი ფაქტს ამახინჯებს.
,,გვიან ღამით კი პროფესორთან უნივერსიტეტის შენობაში ინციდენტში მონაწილე ლექტორის ქმარი, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ირაკლი დევაძე, მივიდა თანმხლებ პირთან ერთად.“
განმცხადებლის პოზიცია: მისი მეუღლის უნივერსიტეტში მისვლა დეკანის ინიცირებულია. მისი მეუღლე უნივერსიტეტში მერიის თანამშრომლის სტატუსით არ მისულა. მისი სამსახურის ხსენება მიზანმიმართულად მოხდა, რათა მაყურებელში გამძაფრებულიყო განცდა, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან. ამასთან, წამყვანმა განზრახ არ ახსენა, რომ დაპატიმრებულთაგან ორის მშობელი ასევე მერიის თანამშრომელია.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: დადასტურებული ფაქტია, რომ უნივერსიტეტის შენობაში სწორედ გვიან ღამით შედის ორი პირი, ლექტორის მეუღლე და მისი მეგობარი. დეკანისა და განმცხადებლის მეუღლის მიმოწერაში ნათლად იკითხება, როგორ ეუბნება ირაკლი დევაძე დეკანს, რომ დანარჩენ სათქმელს პირადად ეტყვის. წამყვანს არ უთქვამს, რის საფუძველზე მივიდნენ ისინი უნივერსიტეტში. სიტყვა “პოლიტპატიმართან” დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ეთერში მსგავს შეფასებებს ყოველთვის ერიდება. რაც შეეხება განმცხადებლის მეუღლის სტატუსს, საქმის მასალებში არსად მოიპოვება ირაკლი დევაძის შვებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია. ამაზე არც პროკურორს უთქვამს რამე. ამდენად, ის დღის ნებისმიერ მონაკვეთში ამ სტატუსით სარგებლობს. მუშაობენ თუ არა დაკავებული სტუდენტების მშობლები მერიაში, ეს ინფორმაცია საქმესთან არანაირ კავშირში არ არის.
,,რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.“
განმცხადებლის პოზიცია: ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ შესვლისთანავე პირები თავს დაესხნენ განმცხადებლის მეუღლეს და თანმხლებ პირს.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ნათქვამი ფრაზა არის მხოლოდ ფაქტობრივი მოცემულობა, რაც დასტურდება ვიდეოთი.
,,გამოძიების ვერსიით, ამ პირებს მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები თავს დაესხნენ, დაზარალებულის სტატუსიც სწორედ ირაკლი დევაძეს და ირაკლი ნაკაშიძეს აქვთ“.
განმცხადებლის პოზიცია: უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ესხმიან თავს მის მეუღლესა და მის მეგობარს დეკანი და ოთხი სტუდენტი, რაც არის ფაქტი.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: სწორედ პროკურატურის ვერსიაა ის, რომ „ამ პირებს მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები დაესხნენ თავს“. სასამართლო რა ვიდეო-მტკიცებულებებს მიიჩნევს სარწმუნოდ ან ვის მიანიჭებს დამნაშავის სტატუსს, ეს ჯერ უცნობია.
,,დამნაშავეს, ცხადია, სასამართლო გამოავლენს, თუმცა ფაქტია, რომ უსამართლოა თაობის გამორჩეული წარმომადგენლების დაკავება. წარმოუდგენელია, ჯგუფური ძალადობა დააბრალო პროფესორს, რომელიც საკუთარი ქვეყნის პატრიოტია, სტუდენტების გულმხურვალე მხარდამჭერია და მისი გამორჩეული ინტელექტი ამ უმაღლესი სასწავლებლის საყრდენია, არა მხოლოდ, აკრედიტაცია-ავტორიზაციის, არამედ სრულად სასწავლო საგანმანათლებლო პროცესში. უსამართლოა, ასე მოექცე სტუდენტებს, რომლებიც განსხვავებული აზრისადმი პატივისცემით, მოყვასის სიყვარულით და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებით გამოირჩევიან.
განმცხადებლის პოზიცია: მოცემულ ეპიზოდში ჟურნალისტი უდანაშაულოდ ცნობს დაკავებულებს, ასევე ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულების სტატუსს და მიზანმიმართულად ცდილობს, დამნაშავეების მიმართ სიბრალული გამოიწვიოს. დეკანის მისეული შეფასება მთლიანად პირად შეხედულებებზე არის დაფუძნებული.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: სადავოდ გამხდარი ფრაზები არის მისი შეფასება, რომელიც ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც ის ფლობს.
,,ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების 48-საათიანი გასაჩივრების ვადა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დაკავებულების ახლობლები, სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები პროცესის ხელოვნური დაზიანებისგან დაზღვევის მოტივით საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ“.
განმცხადებლის პოზიცია: წამყვანი მაყურებელს უქმნის წარმოდგენას, რომ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი, ლექტორი და კურსდამთავრებული დაკავებულებს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ის მიზანმიმართულად არ იყენებს სიტყვა ,,ნაწილს“. ასევე, ის მიანიშნებს იმაზე, რომ თითქოსდა განცხადებების გაკეთებისგან ბრალდებულთა ახლობლები თავს დაზარალებულების მოთხოვნით იკავებენ.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის მაყურებელს იმას აცნობს, რომ დაკავებულების ახლობლები, სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები (აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებამდე) პროცესის ხელოვნური დაზიანებისგან დაზღვევის მოტივით, საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ. არსად ამბობს, რომ „განცხადებების გაკეთებისგან ბრალდებულთა ახლობლები თავს დაზარალებულების მოთხოვნით იკავებენ“.
,,დაკავებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლების მოთხოვნით მოსამართლეს მიმართეს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. იმავე მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა 2628 ადამიანმა, ერთ-ერთი სტუდენტის, ანრი კაკაბაძის, გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, ყველა დაკავებულის მხარდასაჭერი აქციები კი მიმდინარეობს ბათუმში. დარწმუნებული ვარ, პროფესორი და სტუდენტები მალე ისევ თავისუფლები იქნებიან, თუმცა მათ წინააღმდეგ დაწყებული ეს პროვოკაციული საქმე ბათუმელებს და არა მხოლოდ მათ, დიდხანს ემახსოვრებათ.”
განმცხადებლის პოზიცია: წამყვანი განმცხადებელს, მის მეუღლეს და მის მეგობარს უწოდებს პროვოკატორს და ამბობს, რომ მათი საქციელი ქალაქს დიდხანს ემახსოვრება.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: „პროვოკაციული“ ეს არის ჟურნალისტის, როგორც ანალიტიკური გადაცემის წამყვანის შეფასება სტუდენტების დაკავების საქმისადმი.
,,ისტორიის და საზოგადოების მეხსიერებას, ასევე შემორჩება წარმოუდგენელი სისასტიკე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ და მედიის წინააღმდეგ, რომელიც აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაშავდა მედიის 50- ზე მეტი წარმომადგენელი....”
განმცხადებლის პოზიცია: წამყვანი ამ მონაკვეთში პირდაპირ გადადის აქციებზე დაკავებულების შესახებ საუბარზე, რითაც მაყურებელს განზრახ უქმნის წარმოდგენას, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან. მათი დაკავების მიზეზი არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიცია: ის აღნიშნავს, რომ მაყურებელს აცნობს ამ ინფორმაციას, როგორც აქტუალურ თემას და ამბის გაშუქება მხოლოდ აუდიტორიის ინფორმირებას ემსახურება.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ იმსჯელა გადაცემაში წამყვანის ცალკეულ ფრაზებსა და მათ საერთო შინაარსზე და დაასკვნა, რომ გადაცემის ეს ნაწილი არის მიკერძოებული, დაუზუსტებელი და აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადაცემის წამყვანის შემდეგ ციტატებზე:
,,დამნაშავეს, ცხადია, სასამართლო გამოავლენს, თუმცა ფაქტია, რომ უსამართლოა თაობის გამორჩეული წარმომადგენლების დაკავება. წარმოუდგენელია, ჯგუფური ძალადობა დააბრალო პროფესორს, რომელიც საკუთარი ქვეყნის პატრიოტია, სტუდენტების გულმხურვალე მხარდამჭერია და მისი გამორჩეული ინტელექტი ამ უმაღლესი სასწავლებლის საყრდენია, არა მხოლოდ, აკრედიტაცია-ავტორიზაციის, არამედ სრულად სასწავლო საგანმანათლებლო პროცესში. უსამართლოა, ასე მოექცე სტუდენტებს, რომლებიც განსხვავებული აზრისადმი პატივისცემით, მოყვასის სიყვარულით და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებით გამოირჩევიან.
,,დარწმუნებული ვარ, პროფესორი და სტუდენტები მალე ისევ თავისუფლები იქნებიან, თუმცა მათ წინააღმდეგ დაწყებული ეს პროვოკაციული საქმე ბათუმელებს და არა მხოლოდ მათ, დიდხანს ემახსოვრებათ.”
ამ ფრაზებით წამყვანმა აუდიტორიას როგორც ფაქტი, ისე მიაწოდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის პროფესორს ჯგუფურ ძალადობას აბრალებენ, რაც, მისი შეფასებით, წარმოუდგენელია, რომ მას ჩაედინა.
ასევე, წამყვანმა “პროვოკაციული საქმე” უწოდა დეკანის და სტუდენტების დაკავებას. მან მაყურებელს მტკიცებით ფორმაში უთხრა, რომ დეკანს დანაშაულს აბრალებენ და რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.
გადაცემის წამყვანმა ამ ორი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ეთერში
გავრცელებისას არ სცა აუდიტორიას პატივი, არ სცადა ამბის სათანადოდ
გადამოწმება და აუდიტორიისთვის სხვადასხვა მხარის პოზიციების
მიწოდება.
წამყვანის მთელი ტექსტი იყო უნივერისტეტის დეკანის და სტუდენტების
მიერ ჩადენილი ქმედების შემსუბუქების, მათ მიერ ჩადენილი ფაქტის
ნაწილობრივ მიჩქმალვის მცდელობა, რაც ცალსახად ქარტიის პირველი
პრინციპის დარღვევაა.
პირველი პრინციპის ჭრილში, სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი
იყო წამყვანს აუდიტორიისთვის მიეწოდებინა ამ საქმეში დაზარალებულად
ცნობილი მხარის პოზიციაც, უშუალოდ დაზარალებულის, ანდა მისი
მეუღლის, რომლის
ინციდენტი
დეკანთან ფიზიკური
დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი გახდა.
სადავო გადაცემა ეთერში გავიდა 12 დეკემბერს. იმ დროისთვის, საკუთარი
პოზიცია უკვე საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული საქმეში დაზარალებულად
ცნობილ პირს, ირაკლი დევაძეს (9 დეკემბერს), და მის მეუღლეს,
განმცხადებელ თეა ცაგურიას.
დაზარალებულის მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოზიცია ასახულია “ბათუმელების” 11 დეკემბრის სტატიაში, რომელიც ერთი დღით ადრეა გამოქვეყნებული, ვიდრე ირინა ყურუა სადავო გადაცემას მოამზადებდა, რაც ასევე ადასტურებს, რომ მოპასუხე ჟურნალისტს ამ საქმის მეორე მხარის პოზიციის მოძიება და გადაცემაში ასახვა მარტივად შეეძლო.
გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე (ამ თემას მხოლოდ წამყვანის შესავალი ტექსტი დაეთმო), შეიძლებოდა წამყვანს ეთერში დაზარალებული მხარის სრული განცხადება არ წაეკითხა, თუმცა საბჭო მიიჩნევს, რომ მათი პოზიცია გადაცემა “სათქმელში” აუცილებლად უნდა ასახულიყო რაიმე ფორმით, აუდიტორიისთვის უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მისაწოდებლად.
საბჭოს სხდომაზე, წევრების შეკითხვების პასუხად, ირინა ყურუამ განმარტა, რომ გადაცემის ეთერში გასვლამდე არ ჰქონია კომუნიკაცია დაზარალებულ მხარესთან, არ უცდია ინფორმაციის მათთან დაზუსტება და მისთვის ასევე უცნობი იყო დაზარალებული მხარის გავრცელებული პოზიცია სოციალურ ქსელში.
საბჭო მიიჩნევს, რომ კონკრეტული ფაქტების არ ცოდნა ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან
არ ათავისუფლებს. მისი ვალია, გასწიოს მაქსიმალური ძალისხმევა
საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაციის
მისაწოდებლად, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ჟურნალისტმა ვერ
უზრუნველყო.
კიდევ ერთი სადავო ფრაგმენტი, რომელსაც საბჭო პრობლემურად მიიჩნევს, არის წამყვანის შემდეგი ფრაზა: “მათ წინააღმდეგ დაწყებული ეს პროვოკაციული საქმე ბათუმელებს და არა მხოლოდ მათ, დიდხანს ემახსოვრებათ.”
წამყვანის ეს ფრაზა განმცხადებელმა აღიქვა, როგორც მისი და მისი მეუღლის მისამართით წარმოთქმული.
ირინა ყურუამ საბჭოს წევრების შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ პროვოკატორებად არ უგულისხმია დაზარალებული მხარე.
საბჭო, ზოგადად, თითოეულ საკითხს იხილავს აუდიტორიის პოზიციიდან გამომდინარე, თუ როგორ შეიძლება გაეგო მაყურებელს წამყვანის ესა თუ ის ფრაზა. ამ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ერთმნიშვნელოვნად ცხადი არ არის, თუ ვის გულისხმობდა წამყვანი ამ საქმის პროვოცირების ავტორებად, თუმცა, დიდია ალბათობა, რომ, წამყვანის ფრაზებიდან გამომდინარე, მაყურებელს პროვოკაციაში მონაწილეებად აღექვა დაზარალებული მხარე.
ვინაიდან წამყვანის ტექსტი ამ ნაწილშიც არ იყო მკაფიო და ცალსახა, საბჭო აქაც მიიჩნევს დარღვეულად პირველ პრინციპს, აუდიტორიის უპატივცემულობის ნაწილში.
გადაცემის კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც საბჭომ პრობლემა დაინახა,
გადაცემაში გაშვებულ ინციდენტის ამსახველ ვიდეო ფრაგმენტს
უკავშირდება.
ინციდენტი, რომლის გამოც უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და ოთხი სტუდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, სრულად არის გადაღებული უნივერსიტეტის დერეფანში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერებით.
როდესაც მოპასუხე ჟურნალისტი ირინა ყურუა წამყვანის ტექსტს ეთერში კითხულობდა, პარალელურად აჭარის ტელევიზიის მაყურებელი, ტელეეკრანზე, ცალკე ფანჯარაში, ინციდენტის ამსახველ ამ კადრებს ადევნებდა თვალს.
თუმცა “სათქმელში” გავრცელებული კადრები არ არის სრული, დაჭრილია და სრულად არ ასახავს დეკანის და სტუდენტების ქმედებებს. ამ კადრების ყურებით აუდიტორია ვერ მიიღებს ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას.
“სათქმელის” ეთერში გაშვებული ვიდეო ფრაგმენტი მაყურებელს მეტ კითხვას გაუჩენდა, ვიდრე პასუხებს მიაწვდიდა. ამ ვიდეოს ასე ფრაგმენტულად, შესაბამისი მინიშნებების, მინაწერების და განმარტებების გარეშე გაშვება არღვევს სიზუსტის და აუდიტორიის პატივისცემის პრინციპს.
ეს კადრები საჯაროდ გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, სადავო გადაცემის ეთერში გასვლამდე ერთი დღით ადრე, როგორც დეკანის და სტუდენტების მხრიდან ჩადენილი ჯგუფური ძალადობის მტკიცებულება, სადაც ხელჩართული ჩხუბი დაახლოებით 40 წამს გრძელდება და ნათლად ჩანს ინციდენტში მონაწილე პირების ქმედებები და მათი ვინაობის მიმანიშნებელი ინიციალები.
“სათქმელში” ჩანაწერის სრული ვიდეო არ გაუშვიათ. ნაცვლად ამისა, რამდენჯერმე გაიმეორეს კადრები, სადაც ინციდენტის დასაწყისია ნაჩვენები, ჯამში 40 წამი. ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ინციდენტი უფრო ვრცლად და დეტალურად ენახა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ ამ გადაცემამდე ერთი დღით ადრე გავრცელებული ვიდეოს პირველ 45 წამში სრულად ჩანს ფიზიკური დაპირისპირების დასაწყისი და დასასრული, თითოეულ მონაწილეს მითითებული აქვს სახელ-გვარების ინიციალები და დაინტერესებულ პირს მარტივად შეუძლია გაიგოს.
საბჭოს წევრების შეკითხვების პასუხად, მოპასუხე ჟურნალისტმა განმარტა, რომ მას ხელი არ მიუწვდება მის საავტორო გადაცემაში ე.წ. გადაფარვის კადრების გაშვებასთან. “ამას წყვეტს გადაცემის რეჟისორი და პროდიუსერი,” - უთხრა მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საავტორო გადაცემის ავტორი აუდიტორიის
წინაშე პასუხისმგებელია მის გადაცემაში გავრცელებულ
ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე. თუ რაიმე მისგან დამოუკიდებლად ხდება
და ეს ეთიკურ პრინციპებს ეწინააღდმეგება, ამის შესახებ წამყვანმა
პირდაპირი ეთერის დროსვე უნდა გააკეთოს შესაბამისი განმარტება. თუ
ირინა ყურუა მიიჩნევდა, რომ კადრების ამგვარად ეთერში გაშვება
აუდიტორიის ინტერესს არღვევდა, მას ამის გამოსწორებაზე იქვე,
ეთერშივე, უნდა ეზრუნა.
გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემის ამ ეპიზოდშიც დაირღვა ქარტიის პირველი, სიზუსტის, პრინციპი. აუდიტორიამ, რომელმაც ვიდეო კადრები არასრულად, შესაბამისი განმარტებების გარეშე ნახა, ზუსტი ინფორმაცია ვერ მიიღო.
წამყვანის კიდევ ერთი სადავო ფრაზაა: ,,დეკანი სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.” ირინა ყურუამ აუდიტორიას უთხრა, რომ ინციდენტი დაიწყო უნივერსიტეტის დერეფანში განმცხადებელ თეა ცაგუარიას და სტუდენტებს შორის დაპირისპირებით, სადაც დეკანი მამუკა ჯორბენაძე სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. ესეც გადამოწმებადი ფაქტია, რომელიც ჟურნალისტმა ეთერში ისე გაავრცელა, რომ სათანადოდ არ დაუზუსტებია.
ქარტიას განმცხადებელმა წარმოუდგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია ინციდენტი, თუმცა ვიდეო უხმოა და ინციდენტის სრული შინაარსის გაგება შეუძლებელია. თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ დეკანი ინციდენტის აქტიური მონაწილე იყო. საბჭო მიიჩნევს, რომ ინციდენტის ამსახველი ამ ვიდეოდან არ დასტურდება, რომ ფრაზა, “დეკანი სიტუაციის განმუხტვას შეეცადა” ზუსტია და რეალობას ასახავს.
საბჭო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა ამ ეპიზოდშიც არ გამოიჩინა
სათანადო სიფრთხილე და აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც არ იყო
შესაბამისად დაზუსტებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ირინა ყურუამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი და 12 დეკემბრის გადაცემა “სათქმელში” აუდიტორიას არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდა.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
განმცხადებლის განმარტებით, წამყვანმა უგულებელყო თეა ცაგურიას და მისი მეუღლის ინტერესი, მათი პოზიცია ყოფილიყო ხელმისაწვდომი “სათქმელის” მაყურებლისთვის.
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს მე-5 პრინციპის დარღვევა დაუდგინდეს, აუცილებელია:
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო გადაცემაში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.
ქარტიის სამდივნომ, თეა ცაგურიას განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა მოპასუხე ჟურნალისტს. მოპასუხე ჟურნალისტმა წარმოადგინა შესაბამისი შეპასუხება, რითიც დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ ამ სხდომამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე.
ამასთან, განმცხადებელმა საბჭოს დამატებით წარმოუდგინა განცხადება, რომლითაც მან საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართა და რომლითაც ის მისი მეუღლის ინციდენტის ობიექტურ გაშუქებას და ეთერის დათმობას ითხოვდა.
მოპასუხე ჟურნალისტმა სხდომაზე დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ განცხადების შინაარსი და განმცხადებლის მიერ მასში გამოთქმული უკმაყოფილება.
აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული
პრეტენზიის შესახებ.
სადავო გადაცემიდან ერთი თვეზე მეტის გასვლის მიუხედავად, მოპასუხე ჟურნალისტს არც შესწორება გამოუქვეყნებია, არც ახალი გადაცემა მოუმზადებია ამ თემის შესახებ, სადაც ყველა მხარის პოზიცია იქნებოდა ასახული და რომელიც იმ ხარვეზებს გამოასწორებდა რაც პირველ, სადავო გადაცემას ჰქონდა.
სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე და მას არ აქვს არანაირი მითითება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ქარტიის მე-5 პრინციპი დაარღვია.
მეშვიდე პრინციპი.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”
განმცხადებელი განმარტავს, რომ გადაცემის შემდეგ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო პირადი შეტყობინებების სახით, ასევე დაიწერა ღირსების შემლახველი კომენტარები. წამყვანმა წაახალისა აგრესია მის მიმართ.
მოპასუხე ჟურნალისტი განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი პროტესტს გამოხატავდა და ადრესატებისადმი არაკეთილგანწყობილ კომენტარებს მომხდარის გასაჯაროებისთანავე, 9 დეკემბრიდან, წერდა, მისი გადაცემა კი ეთერში 12 დეკემბერს გავიდა.
სხდომაზე განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გადაცემაში წამყვანმა წაახალისა აგრესია მის მიმართ და ხელი შეუწყო მისი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.
გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია დისკრიმინაციის ისეთი სახეა, როდესაც განსხვავებული მოპყრობის საფუძველი გენდერია და სწორედ ამ ნიშნით ხდება ადამიანების გამორჩევა თუ ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა თუ შესაძლებლობის შეზღუდვა.
გადაცემაში წამყვანის მხრიდან თეა ცაგურიას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. მისი მხრიდან არ მომხდარა განმცხადებლის რაიმე ნიშნით, მათ შორის გენდერულით, გამორჩევა და მისთვის რაიმე უფლების ან/და თავისუფლების შეზღუდვა, მით უმეტეს, მისი დისკრიმინაციის წახალისება.
ის, რომ თეა ცაგურიას პირადი შეტყობინებების სახით მუქარის შემცველი შეტყობინებები მისდიოდა და ღირსების შემლახველი კომენტარები დაიწერა, ჟურნალისტ ირინა ყურუას ქმედებებს არ უკავშირდება და, სავარაუდოდ, იმ ინციდენტიდან გამომდინარეობს, რომელიც მას და მის ქმარს გადახდა.
არაფრით დასტურდება, რომ განმცხადებლის მიმართ აგრესიის მიზეზი სადავო გადაცემაში გამოთქმული ჟურნალისტის ფრაზები გახდა. საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო გადაცემაში ჟურნალისტის მხრიდან არ მომხდარა თეა ცაგურიას მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ანდა ამის წახალისება.
განმცხადებლისთვის გაგზავნილი პირადი შეტყობინებების და კომენტარების შეფასება კი ქარტიის საბჭოს მანდატს სცდება.
ამის გათვალისწინებით, საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში ქარტიის მეშვიდე პრინციპი არ დარღვეულა.
მერვე პრინციპი.
“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”
განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში გასულმა ინფორმაციამ მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა მის არასრულწლოვან შვილს.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში არ დარღვეულა ქარტიის მერვე პრინციპი.
ქარტიის ეს პრინციპი ისე უნდა განიმარტოს, რომ განხილვის სფეროში მოექცეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც უშუალოდ არასრულწლოვნებს ეხება. ამ პრინციპის მიზანი არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაა, ვინაიდან ისინი ხშირად, სხვადასხვა გარემოების საფუძველზე, საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ქვეშ ექცევიან და არის შემთხვევები, როცა არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცია ისე საჯაროვდება მედიასაშუალების მიერ, რომ ამის ობიექტური ინტერესი და საჭიროება არ არსებობს. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ არასრულწლოვნების შესახებ გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ლახავდეს და მომავალშიც შელახოს მათი ინტერესი.
ამ პრინციპის ფარგლებში, ქარტიის პრაქტიკა ისეთ შემთხვევებს მოიაზრებს, როდესაც სადავო მასალა პირდაპირ თუ ირიბად უშუალოდ არასრულწლოვანს ეხება.
განმცხადებლის მითითება, რომ გადაცემაში გასულმა ინფორმაციამ, მშობლების იდენტიფიცირებამ, მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა განმცხადებლის არასრულწლოვან შვილს, სამწუხარო ფაქტია, თუმცა, არ არის ამ პრინციპის განსჯის საგანი, ვინაიდან, ეს მის მეტად ფართო განმარტებას გამოიწვევდა და მერვე პრინციპის ქვეშ მოექცეოდა ყველა ის შემთხვევა, როდესაც განმცხადებლებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, რომელთა მშობლებზეც მცდარი, გადაუმოწმებელი თუ განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო მასალა არ ეხებოდა უშუალოდ განმცხადებლის არასრულწლოვან შვილს, გადაცემის წამყვანს ის არ უხსენებია და არ გაუკეთებია რაიმე მინიშნება არასრულწლოვნების მიმართ, გადაცემაში ქარტიის მერვე პრინციპი არ დარღვეულა.
მეათე პრინციპი.
“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”
განცხადების თანახმად, წამყვანმა განმცხადებლის, მისი მეუღლისა და მეგობრის პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი) გაასაჯაროვა.
მოპასუხე ჟურნალისტის პოზიციის შესაბამისად, არც დეკანის, არც სრულწლოვანი სტუდენტების და მით უფრო - საჯარო მოხელის, მერიის თანამშრომლის, სახელებისა და გვარების გასაჯაროება არ წარმოადგენს შესაბამისი კანონით დაცულ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სტუდენტები და დეკანი 9 დეკემბერს დააკავეს, შესაბამისად, საქმეში მხარეების ვინაობა გასაჯაროებული იყო სადავო გადაცემის გასვლამდეც, სხვადასხვა საშუალებით.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში არ დარღვეულა ქარტიის მე-10 პრინციპი.
ქარტიის მე-10 პრინციპის ფარგლებში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ინტერესი: ერთი მხრივ, საზოგადოების წევრების უფლება, დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრება, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების უფლება, მიიღოს ინფორმაცია.
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, შესაძლებელია, პირის შესახებ ინფორმაცია გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების ინტერესს. თუმცა, საზოგადოებრივ ინტერესად არ შეიძლება ჩაითვალოს ცნობისმოყვარეობა და საზოგადოების სუბიექტური სურვილი, იცოდეს ამა თუ იმ ამბის შესახებ.
ქარტიის საბჭომ იმსჯელა, თუ რამდენად შეიძლებოდა მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება პირადი ინფორმაციის გავრცელების გარეშე.
განმცხადებლის მხრიდან სადავოდაა გამხდარი წამყვანის მხრიდან მისი, მისი მეუღლისა და მისი მეგობრის სახელებისა და გვარების გასაჯაროება და მისი მეუღლის სამუშაო ადგილის აღნიშვნა.
საბჭომ დაადგინა, რომ გადაცემაში სახელებისა და გვარების გაჟღერება ემსახურება საჯარო ინტერესს, საზოგადოების ინფორმირებას. მაშინ, როდესაც ცნობილია ერთი მხარის ვინაობა, მაყურებელს უფლება აქვს იცოდეს, ვინ დგას ამბის მეორე მხარეს.
რაც შეეხება სამსახურეობრივი პოზიციის გაჟღერებას, მაყურებლისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ დაზარალებული მხარე საჯარო მოხელეა, რათა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისას ობიექტურ მაყურებელს ფაქტების განსასჯელად საკმარისი ინფორმაცია ჰქონდეს.
ამასთანავე, სადავო გადაცემა ეთერში გავიდა 12 დეკემბერს. აღნიშნული ინციდენტი იმ დრომდე სულ მცირე სამი დღის განმავლობაში შუქდებოდა და მასალების უმრავლესობაში ინციდენტში მონაწილე პირები უკვე იდენტიფიცირებულები იყვნენ და ირინა ყურუას მხრიდან დაზარალებულის ვინაობის დამალვა არ შეიძლება, რაიმე ლეგიტიმურ მიზანს მომსახურებოდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო გადაცემაში ქარტიის მე-10 პრინციპი არ დარღვეულა.
მეთერთმეტე პრინციპი.
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
განმცხადებელი თეა ცაგურია მე-11 პრინციპის დარღვევას საკუთარ განცხადებაში შემდეგნაირად ასაბუთებდა: “ირინა ყურუა გახლავთ ხელოვნების უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგი, იგი ლექციებს კითხულობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ბრალდებული ჯორბენაძე კი არის ამავე ფაკულტეტის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომლისთვის აკადემიური სტატუსის მინიჭება და კარიერული წინსვლა ხდება მისი ინიციატივით და დიდწილად მასზეა დამოკიდებული. ყურუა და ჯორბენაძე ურთიერთდაქვემდებარებაში არიან, ამ ფაქტების გათვალისწინებით იკვეთება ყურუას პირადი დაინტერესება მისი ხელმძღვანელი ისე წარმოაჩინოს, რომ მიიღოს ამით შემდგომში სარგებელი, რისთვისაც პირადი გამორჩენის მიზნით გამოიყენა ტელევიზია და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.”
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ქარტიის მე-11 პრინციპი დაირღვა.
ქარტიის პრაქტიკით, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის აუცილებელი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა.
საბჭომ მიიჩნია, რომ წამყვანის მიკერძოებული ტექსტებით, ვიდეო ფრაგმენტის არასრული ჩვენებით, ინფორმაციის დაზუსტებისთვის მეორე მხარესთან არ დაკავშირებით, ირინა ყურუამ ქარტიის პირველი პრინციპი არაერთგზის დაარღვია.
პირველი პრინციპისგან განსხვავებით მე-11 პრინციპის დადგენისთვის საბჭო ყოველთვის იკვლევს მოტივს.
პირველი პრინციპი, შესაძლოა, ჟურნალისტმა დაარღვიოს შემთხვევით, უყურადღებობით, პროფესიონალიზმის ნაკლებობით, ანდა რაიმე სხვა ტიპის დაუდევრობით. ხოლო თუ საბჭო დარწმუნდება, რომ პირველი პრინციპის დარღვევა მრავალჯერადია, ამას აქვს გარკვეული მოტივი, ეს განპირობებულია რაიმე ტიპის მიკერძოებით, მაშინ საბჭო მე-11 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს.
განსახილველ მასალაში ირინა ყურუამ გადაუმოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით უთხრა აუდიტორიას, რომ დეკანს ჯგუფურ ძალადობას აბრალებდნენ, პროვოკაცია მოუწყვეს, დეკანი ინციდენტის განმუხტვას ცდილობდა. ყველა ეს განცხადება ჟურნალისტის მხრიდან გადამოწმებას ექვემდებარებოდა და შინაარსობრივად ფაქტებს წარმოადგენდა.
ამ სადავო ფრაზების ერთობლიობით მაყურებელს ჩამოუყალიბდა მცდარი, დაუზუსტებელი წარმოდგენა მოვლენაზე, რომელიც ჟურნალისტმა ისე გააშუქა, რომ პატივი არ სცა აუდიტორიას და ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმება არ სცადა.
აუდიტორიისადმი უპატივცემულობით, მოპასუხე ჟურნალისტმა გაავრცელა
ფაქტები, რომლებიც ქარტიის დადგენილ გადამოწმების ელემენტარულ ორი
წყაროს პრინციპს არ დაუქვემდებარა, ინფორმაციის დაზუსტება მეორე
მხარესთანაც კი არ სცადა.
ჰქონდა თუ არა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტის ამ ქმედებას მოტივი? საბჭო საკითხის განხილვისას, მოპასუხე ჟურნალისტისთვის დამაზუსტებელი შეკითხვების დასმით, მივიდა დასკვნამდე, რომ ყურუას ამ გადაცემის ამ ფორმით მომზადებისას ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი და მოტივი - მრავალწლიანი მეგობრული და სამსახურებრივი ურთიერთობა ბრალდებულ დეკანთან, მამუკა ჯორბენაძესთან, და განზრახ მიკერძოებული ტექსტების ეთერში გავრცელება ამ ურთიერთობით იყო განპირობებული.
საბჭოს წევრებთან ირინა ყურუამ განმარტა, რომ ბრალდებული დეკანი წლებია, არის მისი მეგობარი და რომ მასთან აკავშირებს ასევე პროფესიული საქმიანობა (მამუკა ჯორბენაძე არის იმ პროგრამის ხელმძღვანელი, რომელშიც ირინა ყურუა მუშაობს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, როგორც პროგრამის თანახელმძღვანელი).
აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ირინა ყურუას მიერ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია, ნაცვლად გადამოწმებული ფაქტებისა, ეფუძნებოდა მის სუბიექტურ, მიკერძოებულ პირად დამოკიდებულებას ბრალდებულ მამუკა ჯორბენაძისადმი, რის შესახებაც მას მაყურებლისათვის არაფერი უთქვამს.
საბჭო მიიჩნევს, რომ მიუკერძოებელ, ეთიკური პრინციპების პატივისმცემელ
ჟურნალისტს მსგავსი ინტერესთა კონფლიქტის დროს ან უარი უნდა ეთქვა
მეგობრის შესახებ გადაცემის მომზადებაზე, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში,
მაყურებლისთვის გადაცემის დაწყებისთანავე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია
იმის შესახებ რომ ბრალდებული დეკანი მისი მეგობარი, მისი პროგრამის ხელმძღვანელი იყო
და რომ ის, შესაძლოა, მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას ბოლომდე
ობიექტური ვერ ყოფილიყო.
ეთიკური ჟურნალისტიკა მეტწილად ჟურნალისტის კეთილსინდისიერებას
ეფუძნება. არ არსებობს წინასწარ, მათემატიკური სიზუსტით გაწერილი
წესები, რა სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი. მისი ქმედების
მთავარი ამოსავალი უნდა იყოს გულწრფელობა და პასუხისმგებლობა საკუთარი
აუდიტორიის მიმართ.
საბჭოს სხდომაზე მოპასუხე ჟურნალისტმაც გაიზიარა მოსაზრება, რომ მისი აუდიტორია იმსახურებდა წინასწარ სცოდნოდა ბრალდებულ დეკანთან მისი ახლობლობის შესახებ. ეს ინფორმაცია მაყურებელს მის მიერ აღწერილ მოვლენებს სხვაგვარად დაანახებდა.
ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო
მასალაში დარღვეულია მე-11 პრინციპი, ფაქტების განზრახ დამახინჯების
ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
ირინა ყურუამ ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპები დაარღვია. არ დაურღვევია მეშვიდე, მერვე და მეათე პრინციპები.
შეპასუხება ძირითად განცხადებაზე
შეპასუხება განცხადების დამატებით ნაწილზე