15 მაისი, 2025 წელი
საქმე N-784
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო გელაშვილი, ნინო რამიშვილი, ირაკლი მსხილაძე, თიკო ზაზაძე, თიკო დავაძე, საბა წიწიკაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგმა” ტელეკომპანია “ობიექტივის” ჟურნალისტისა და წამყვანის ნათია მაზანაშვილის წინააღმდეგ.
მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები - კომპანიის იურისტები ბექა ჭყონია და გვანცა არჩვაძე. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.
განმცხადებელი თავდაპირველად დავობდა ქარტიის პირველი; მე-3; მე-5 და მე-11 პრინციპების დარღვევაზე, თუმცა სხდომაზე მიღებული განმარტებების შემდეგ მე-3 პრინციპი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო გადაცემა “სოციალური თემატიკა” ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში 2025 წლის 13 მარტს გავიდა. გადაცემაში წამყვანი სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” შესახებ საუბრობს.
ნათია მაზანაშვილის სადავო ფრაზები:
“მე მინდა ასევე ვისაუბრო დღეს “სადაზღვევო კომპანია ალდაგზე”, აი ასე, პირდაპირ მინდა დავადანაშაულო იმაში, რასაც კონკრეტული ადამიანების მიმართ აკეთებს და პირდაპირ დანაშაულს ჩადის, რომ ხალხს არ უნაზღაურებს იმ ზარალს და იმ თანხებს, რომელიც ეკუთვნით.”
“აი, კონკრეტული ქეისი მიჭირავს ხელში, რომელსაც კიდევ უფრო მეტად გავასაჯაროებ, რომ ჯამში ყოველთვიურად “ალდაგი” კონკრეტული ადამიანისგან იღებდა 1000 ლარამდე და შემდეგ, როდესაც დაზიანდა ავტომობილი, არაფერი არ აუნაზღაურა არცერთ ავტომობილზე “ალდაგმა” და აი, პირდაპირ ვიძახი, რომ “სადაზღვევო კომპანია ალდაგი” არის დამნაშავე, ადამიანებს როგორც ექცევა.”
“აი, მე არ ვიცი, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გაუკეთო ადამიანს. როგორ შეიძლება, რომ ამის შემდეგ რომელიმე, აი, ვინმე, ნებისმიერი ადამიანი მივიდეს “ალდაგში” და დააზღვიოს რამ, როდესაც, აი, გარკვეული დროის განმავლობაში, კონკრეტული ქეისი მაქვს და მე ფეისბუქზეც გავასაჯაროებ ამ ყველაფერს, რომ ყოველთვიურად ძალიან დიდ თანხას იღებდა ადამიანისგან, რომელსაც ორი ავტომობილი ყავდა დაზღვეული და შემდეგ, როდესაც გაფუჭდა ეს ავტომობილი, ფაქტიურად არაფერი არ აანაზღაურა და აქეთ დებს ადამიანს მიზეზებს და შარს. ეს არის დანაშაული პირდაპირ, აი პირდაპირ ეთერში ვიძახი ამას და აუცილებლად მოკლე ხანში სახელით და გვარებით ფეისბუქზე და სხვადასხვა გვერდებზე გავასაჯაროებ იმ ყველაფერს, რომელსაც “სადაზღვევო კომპანია ალდაგი” კადრულობს.”
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
ჟურნალისტმა კონკრეტული კომპანიის მიმართ ბრალდება გააჟღერა
აუდიტორიისთვის ნებისმიერი სახის დამატებითი მტკიცებულებების და
კონკრეტული ფაქტების დასახელების გარეშე.
ნათია მაზანაშვილი სატელევიზიო გადაცემაში ადანაშაულებს განმცხადებელს დანაშაულის ჩადენაში ისე, რომ გადაცემაში ამ ინფორმაციის გადამოწმების მცდელობაც კი არ ჩანს.
ქარტიის საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს ამ მასალის გამოქვეყნებისას ბალანსის დარღვევაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ სადაზღვევო კომპანიას არ მიეცა შესაძლებლობა, აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. გადაცემის წამყვანმა არ მიაწოდა ინფორმაცია მაყურებელს აღნიშნულ საკითხზე - იმაზე, სცადა თუ არა მან “ალდაგთან” კომუნიკაცია და კომპანიის პოზიცია რატომ არ იყო ასახული გადაცემაში.
მხარეთა შორის ბალანსის დაუცველობით ზიანი ადგება არა მხოლოდ
“ალდაგს”, არამედ აუდიტორიასაც, რომლის უფლებაა ჟურნალისტისგან მიიღოს
მაქსიმალურად გადამოწმებული და მრავალ წყაროზე დაფუძნებული
ინფორმაცია.
საბჭომ საქმის შესწავლისას გამოარკვია, რომ ჟურნალისტმა ნათია
მაზანაშვილმა საკუთარ გადაცემაში “ალდაგის” წინააღმდეგ აღნიშნული
ინფორმაცია გაავრცელა პირადი ინტერესით, ვინაიდან სადაზღვევო
შემთხვევა, რომლის არანაზღაურებისთვის ჟურნალისტი “ალდაგს”
აკრიტიკებდა, მისი ოჯახის წევრის კუთვნილ ავტომანქანებს
უკავშირდებოდა.
ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიჩქმალვა, დამალვა, რაც ასევე
პირველი პრინციპის დარღვევაა.
დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ნათია მაზანაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.
მეხუთე პრინციპი.
“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:
ქარტიის საბჭოს სამდივნომ სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა ტელეკომპანია “ობიექტივს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მის ვალდებულებას, შეესწორებინა არსებითად არაზუსტი ინფორმაცია. მათ სატელეფონო საუბარშიც განაცხადეს, რომ არ სურთ ამ საკითხზე ქარტიასთან თანამშრომლობა და არ არიან დაინტერესებულნი.
“ალდაგმა” განხილვის ფარგლებში საბჭოს წარმოუდგინა ჟურნალისტ ნათია
მაზანაშვილსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის “ალდაგის” ცხელ ხაზზე
განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ
ჟურნალისტი ინფორმირებული იყო “ალდაგის” მიერ ქარტიაში შემოტანილი
განცხადების შესახებ.
გამომდინარე აქედან, საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, მასალაში არსებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.
სადავო მასალა დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის მე-5 პრინციპი დარღვეულია.
მეთერთმეტე პრინციპი
“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება.”
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,
როცა დგინდება, რომ:
ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო სიუჟეტში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.
საბჭო მე-11 პრინციპზე მსჯელობისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს და
ჟურნალისტის განზრახვას.
სხდომაზე სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” წარმომადგენლებმა საბჭოს განუმარტეს, რომ გადაცემის მომზადებისას ნათია მაზანაშვილს პირადი ინტერესი ამოძრავებდა, ვინაიდან წამყვანის ოჯახის წევრი სადაზღვევო კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება.
საბჭოსთვის წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერით ცალსახად დასტურდება, რომ
ჟურნალისტი “ალდაგის” წინააღმდეგ ინფორმაციის გავრცელებისას
მოქმედებდა პირადი სარგებლის მიღების მოტივით და გადაცემაში
გავრცელებული ინფორმაცია აუნაზღაურებელი სადაზღვეო შემთხვევის შესახებ
მისი ოჯახის წევრის ავტომანქანებს უკავშირდებოდა.
აუდიო ჩანაწერიდან ჩანს, რომ ნათია მაზანაშვილი მის ჟურნალისტურ
საქმიანობას იყენებდა მისი ოჯახის წევრის სადაზღვევო შემთხვევის
მოგვარებისთვის და ამისთვის “ალდაგის" მიმართ იყენებდა
ერთგვარ შანტაჟის ენას. ჩანაწერში ისმის, რომ ის კომპანიას მათ
წინააღმდეგ ფართო მედია კამპანიის წამოწყებით და “გაშავებით”
ემუქრება.
ჟურნალისტ ნათია მაზანაშვილსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის “ალდაგის” ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერით ასევე ირკვევა, რომ ჟურნალისტის მხრიდან შოვში 2023 წელს სტიქიით გამოწვეული ტრაგედია გამოყენებულია კომპანია “ალდაგის” მიმართ შანტაჟისთვის: „ან გამოიტანთ ამ საჩივარს ქარტიიდან, ან იმ კვირაში ვმართავ შოვის ტრაგედიის სასტუმროების მფლობელებთან ერთად პრესკონფერენციას...“ რაც ეთიკური სტანდარტებით მიუღებელია.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ ნათია მაზანაშვილმა პირადი დაინტერესებისა და მოტივების საფუძველზე გადაცემაში არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რითაც მან პატივი არ სცა აუდიტორიას.
საბჭოს დამკვიდრებული პრაქტიკით, პირადი დაინტერესების დროს,
ჟურნალისტმა ან არ უნდა მოამზადოს მასალა ან მაყურებელს წინასწარ და
ნათლად უნდა აცნობოს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მისი
პირადი დამოკიდებულების შესახებ.
ჟურნალისტმა არასოდეს უნდა გაავრცელოს ინფორმაცია პირადი
დაინტერესების გამო, მან უნდა იზრუნოს აუდიტორიაზე და ყველა ღონე უნდა
იხმაროს მაყურებლისთვის სათანადო წესით მომზადებული მასალის
მისაწოდებლად.
მოპასუხე ჟურნალისტმა გაავრცელა ფაქტები, რომლებიც ქარტიის დადგენილ გადამოწმების ელემენტარულ, ორი წყაროს პრინციპს, არ დაუქვემდებარა და ინფორმაციის დაზუსტება მეორე მხარესთანაც კი არ სცადა. მას არც ერთხელ არ უხსენებია, რომ სადაზღვევო კომპანიის მიმართ პირადი ინტერესები ჰქონდა და მიჩქმალა ეს ფაქტი, რითაც ქარტიის მე-11 პრინციპი დაარღვია.
სარეზოლუციო ნაწილი
ნათია მაზანაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები.
სადავო მასალა (29-ე წუთიდან)