საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესი

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესი არეგულირებს განცხადების საფუძველზე ჟურნალისტის მიმართ საქმის წარმოების დაწყების, განცხადების განხილვის, გადაწყვეტილების მიღების, გამოქვეყნების და სხვა დაკავშირებულ საკითხებს.
1.2. საქმის განხილვისას საბჭო ხელმძღვანელობს ქარტიის პრინციპებით და საბჭოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკით, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
1.3. საბჭოსათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სავალდებულო არ არის საქართველოს კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ან სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ნორმატიული აქტები.
1.4. საქმისწარმოების წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.4.1. განცხადება – განმცხადებლის ტექსტური დოკუმენტი, რომლის ადრესატიც არის საბჭო და რომლითაც მოთხოვნილია ჟურნალისტის მიერ ქარტიის პრინციპების სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგენა.
1.4.2. განმცხადებელი – პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პრინციპი, რის შესახებაც დადგენილი ფორმით მიმართავს საბჭოს. არ არის აუცილებელი, რომ დარღვევა შეეხებოდეს ან/და უშუალო და პირდაპირ ზიანს აყენებდეს განმცხადებელს. განმცხადებელი არ შეიძლება იყოს ანონიმური პირი. ამასთან, განცხადების და საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით არ მოხდეს განმცხადებლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება.
1.4.3. საბჭოს გადაწყვეტილება – საბჭოს მიერ წინამდებარე წესით დადგენილი წარმოების შედეგად მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტი.
1.4.4. საბჭო – ქარტიის წესდებით გათვალისწინებული კოლეგიალური ორგანო.
1.4.5. საბჭოს წევრი – ქარტიის წესდებით გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც დადგენილი წესით არჩეულია ქარტიის წევრთა საერთო კრების მიერ.
1.4.6. საბჭოს სამდივნო – საბჭოსთან არსებული ორგანო, რომელიც ახორციელებს განცხადებებისა და საბჭოს სახელზე შემოსული სხვა დოკუმენტაციის, ასევე გასული კორესპონდენციების რეგისტრაციას, ტექნიკურ დახმარებას უწევს საბჭოს საქმიანობაში, ამზადებს საქმეს განსახილველად და ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის სხვა მითითებებს.


2. საქმის წარმოების დაწყება


2.1. წარმოების დაწყების საფუძველია განცხადების წარმოდგენა.
2.2. თუ განმცხადებელი მიიჩნევს რომ ქარტიის პრინციპი დაარღვია ქარტიის წევრმა ჟურნალისტმა, განცხადების წარდგენის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სადავო მასალის გამოქვეყნებიდან 3 თვეს, ხოლო არაწევრი ჟურნალისტის შემთხვევაში – 1 თვეს.
2.3. განცხადების ფორმას ადგენს საბჭო.
2.4. განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს ქარტიის საბჭოს სამდივნო, რომელიც ამოწმებს განცხადების დასაშვებობას.
2.5. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საბჭოს სამდივნო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს და ეხმარება ხარვეზის აღმოფხვრაში.
2.6. თუ ხარვეზის აღმოფხვრა არ მოხდა გონივრულ ვადაში, განცხადება რჩება განუხილველი.
2.7. თუ განცხადების დასაშვებობის საკითხი წარმოადგენს არასტანდარტულ შემთხვევას [ეჭვქვეშ დგება სადავო მასალის შეფასება როგორც ჟურნალისტური პროდუქტის და ა.შ], სამდივნოს წარდგინებით, დასაშვებობის საკითხს წყვეტს ქარტიის საბჭო.
2.8. განცხადების დასაშვებობის შესახებ უარი უნდა იყოს დასაბუთებული.

3. განცხადების განხილვის მომზადება

3.1. განცხადებას განსახილველად ამზადებს საბჭოს სამდივნო, რომლის თანამშრომლები არ არიან საბჭოს წევრები.
3.2. სამდივნო ვალდებულია დასაშვებობის გადაწყვეტისთანავე შეატყობინოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო თუ განცხადება დასაშვებად იქნა მიჩნეული, ამის შესახებ ეცნობება პირს, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება/რომელიც განსაზღვრულია მოპასუხედ და მიეცემა საშუალება, გაეცნოს საქმის მასალებს, ასევე, წარმოადგინოს არგუმენტები და შესაბამისი მასალები [გარდა 4.4 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა]. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ დაყენებული საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მედიაციის გზით, უგზავნის წინადადებას მხარეებს იმ ღონისძიების შესახებ, რომლის განხორციელებამაც შეიძლება საბჭოს თავიდან აარიდოს საქმის განხილვა და საქმე დასრულდეს მორიგებით. საბჭოს შეუძლია აღნიშნული წინადადებით მიმართოს მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
3.3. თუ განცხადებიდან არ დგინდება მოპასუხე ჟურნალისტი, სამდივნო ახორციელებს ღონისძიებებს პასუხისმგებელი ჟურნალისტის/რედაქტორის იდენტიფიცირების მიზნით.
3.4. თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი.
3.5. საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან სამდივნოს მოსთხოვონ საქმის განსახილველად აუცილებელი მასალების მოძიება. სამდივნო ასეთი მოთხოვნის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოთხოვას. 3.6. საქმის განმხილველი სხდომის ჩატარების თარიღამდე მინიმუმ 3 დღით ადრე სამდივნო განცხადებისა და თანდართული მასალების ელექტრონულ ვერსიას უგზავნის საბჭოს ყველა წევრს.

4. განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

4.1. განცხადებას საბჭო იხილავს კოლეგიურად.
4.2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება/სხდომაში მონაწილეობს საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3.
4.3. საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ განცხადებასთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები] და გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებული იქნას ამ წესით.
4.4. გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე.
4.5. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მხარეებს იწვევს სამდივნო. მხარის/მხარეების გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს განცხადების განხილვის დამაბრკოლებელ წინაპირობას.
4.6. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 5 ხმისა.
4.7. თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5 წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და ქვეყნდება სხდომის ოქმი, სადაც მიეთითება როგორც დარღვევის დადგენის მომხრე, ისე მოწინაღმდეგე საბჭოს წევრთა არგუმენტები. 4.8. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს გადაწყვეტილების მიღებისას თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან/პოზიციის დაფიქსირებისაგან.
4.9. საბჭოს სხდომას ხსნის და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს ამ სხდომისათვის საბჭოს წევრების მიერ თავმჯდომარედ არჩეული პირი.
4.10. სამდივნო აცნობს წევრებს და მხარეებს განსახილველ საკითხს, აღწერს განცხადების შინაარსს, მოთხოვნას, მოპასუხისაგან შემოსულ ახსნა–განმარტებას [ასეთის არსებობის შემთხვევაში] და სხვა გარემოებებს, რაც ცნობილია საბჭოსათვის.
4.11. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვები დაუსვან მხარეებს.
4.12. მხარეების მოსმენის შემდეგ სხდომა იხურება და საბჭო იღებს გადაწყვეტილებას.
4.13. თუ განხილვის შემდეგ საბჭო მიიჩნევს რომ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოძიება ან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება/დამუშავება, გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გადაიდოს და გადაწყვეტილება მიღებული იქნას შემდეგ სხდომაზე ან 4.3 პუნქტით განსაზღვრული წესით.
4.14. საქმის წარმოების მასალები [განცხადება, შეპასუხება და ა.შ.] საჯაროა, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, საბჭოს არგუმენტირებული დასაბუთებით შესაძლებელია საქმის მასალების სრულად ან ნაწილობრივ გასაიდუმლოება.
4.15. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად. საბჭოს წევრების თათბირი კონფიდენციალურია. ყველა წევრს შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით.
4.16. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით.
4.17. გადაწყვეტილება ფორმირდება ტექსტური სახით.
4.18. საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
4.19. საბჭოს წევრი, რომელიც არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება გადაწყვეტილებას.
4.20. გადაწყვეტილება შედგება 4 ნაწილისაგან: შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი.
4.21. საბჭოს გადაწყვეტილებები საჯაროა და თავსდება ქარტიის ვებგვერდზე და ეგზავნება მხარეებს ელექტრონულად.
4.22. მხარეების მოსმენის ნაწილში საბჭოს სხდომა საჯაროა, თუ განსახილველი საკითხის ხასიათიდან გამომდინარე, საბჭო თავად არ დახურავს მას.
4.23. საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც ამ წესით არ არის რეგლამენტირებული, წყდება საბჭოს მიერ.