დეზინფორმაცია
06.07.2020
გზამკვლევის ამ ნაწილში გიზიარებთ რჩევებს ყალბი ამბების ამოცნობასა და ფაქტების გადამოწმებაზე კორონავირუსული პანდემიის გაშუქებისას.
 

საქართველოსა და მსოფლიოში, ახალი კორონავირუსის პანდემიას, თან სდევს მძლავრი დეზინფორმაციული ნაკადი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციამ, ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე უწოდა ინფოდემია. ეს კი მედიასაშუალებებს ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს - გაიღონ განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადასამოწმებლად, ფაქტობრივად, პანდემიის პირობებში თითქმის ყველა მედიას უწევს   ე.წ. ფაქტჩეკერის როლი მოირგოს.  
 
დეზინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით ვრცელდება.  ერთ-ერთი, ყველაზე საშიში და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანია ახალი კორონავირუსული ინფექციის მასშტაბურად გავრცელებისთანავე დაიწყო და ის ვირუსის წარმოშობას უკავშირდება. ვირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებიდან დღემდე, ინტერნეტსივრცეში არაერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა და ამ თეორიებმა ბანანებიდან „მსოფლიოს მოსახლეობის დაჩიპვამდე“ მიაღწია. სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფში ასობით მომხმარებელი  ირწმუნება, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი იარაღია ადამიანებზე კონტროლის დასამყარებლად, ან/კიდევ ვირუსი მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტის 5G-ის ანტენებიდან ვრცელდება. ეს ჯგუფები ხალხს მასობრივი პროტესტის ორგანიზებისკენ მოუწოდებენ.
 
აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებიდან ნახევარი წლის შემდეგაც, ეს კონსპირაციული თეორიები დღემდე აქტუალურია და ისეთივე მასშტაბური გავრცელებით ხასიათდება, როგორც თავად ვირუსი. 


ბოლო განახლება: 11.08.2021