შესავალი
12.04.2020
სახელმძღვანელოს შესავალი ნაწილი აღწერს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დადგა მედია პანდემიის პირობებში.


2019 წლის 8 დეკემბერს ჩინეთში ახალი კორონავირუსული ინფექციის, СOVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ შემთხვევიდან სამ თვეში, 2020 წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ახალი კორონავირუსი (COVID-19) პანდემიად გამოაცხადა. ამ დროისათვის, COVID-19 უკვე გავრცელებული იყო 114 ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 118,000-ს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 4,300-ს აღწევდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობის #181-ე დადგენილებით 21 მარტიდან, ერთი თვის ვადით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვა არ ვრცელდება მედიასაშუალებებზე, გარდა მცირე გამონაკლისისა, თუმცა, მთავრობის #181-ე დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში შეჩერებულია საჯარო ინფორმაციის გაცემა (ვრცლად იხ. სახელმძღვანელო, თავი II, სამართლებრივი მიმოხილვა).  
 
პანდემიის გამო, მედია არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. კორონავირუსული ინფექციის გავრცელებამ, საფრთხემ, რომელსაც ეს ვირუსი შეიცავს და გამოწვევის მასშტაბმა, სრულად შეცვალა მედიასაშუალებების დღის წესრიგი. გარდა განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ამბებისა, მედიის დღის წესრიგიდან სხვა თემა, ფაქტობრივად, სრულად გაქრა. შეიცვალა მაუწყებლების საეთერო ბადეებიც - ნაწილმა დროებით შეაჩერა სხვა თემატიკის გადაცემები და საეთერო ბადეს კორონავირუსული ინფექციის თემატიკაზე მორგებული გადაცემები დაამატა.
 
კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, მედიის როლი განსაკუთრებულია. ერთი მხრივ, მედიას კვლავ რჩება მთავარი, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქცია, მეორე მხრივ გაჩნდა ახალი გამოწვევა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაშუქების საჭიროების სახით. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში.
 
ახალმა რეალობამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მედია პროფესიული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისითაც. კორონავირუსის გაშუქებისას აუცილებელია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების: სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. დაცვა. ამავდროულად, მედიას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას. ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოები მსჯელობენ პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საფრთხეებზე და  მედიასაშუალებებს ურჩევენ, დაფიქრდნენ რესპონდენტების იდენტიფიცირებისა და პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საჭიროებაზე. ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისთანავე მედიაში იმატა რასისტულმა ნარატივმა, რის გამოც, მედიას, ასევე, მოუწოდებენ გამოიჩინოს სიფრთხილე და არ წაახალისოს დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი დისკუსია.
 
იმისათვის, რომ მასალები არ იყოს პანიკის შემცველი,  მედიას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ რუკების, ასევე ფოტო/ვიდეო მასალების გამოყენებისასაც.
 
პროფესიული სტანდარტების დაცვის გარდა, მედიას უწევს მოერგოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმს (რასაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა) და ამავდროულად, საქმიანობა დაგეგმოს ისე, რომ ამ ყველაფერმა გავლენა არ იქონიოს კონტენტის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე. დისტანციური ჟურნალისტიკა, რომელიც მეტწილად სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებას მოითხოვს, ამავდროულად, ქმნის განსაკუთრებულ გამოწვევებს ციფრული უსაფრთხოების კუთხით.
 
ამ ყველაფერთან ერთად, პანდემიის პირობებში, მედიაორგანიზაციებს უწევთ ფიქრი თანამშრომელთა  შრომის, ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ უსაფრთხოებაზე.
 
წინამდებარე სახელმძღვანელო სწორედ ამ  გამოწვევებზეა მორგებული. გზამკვლევი ეყრდნობა საერთაშორისო და საქართველოში მომუშავე მედიასაშუალებების, მედიაექსპერტებისა და ცალკეული ჟურნალისტების გამოცდილებას. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივი კონტექსტი და სპეციფიკა, ასევე, გამოყენებულია საქართველოსა და მსოფლიოში მედიის საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ნაშრომები, მიგნებები, რჩევები და რეკომენდაციები. 
 
სწორედ იმ გამოწვევების გამო, რაზეც ზემოთ მოყვანილ ტექსტში ვსაუბრობთ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის მოვლენა ახალია თანამედროვე მსოფლიოსთვის და მსგავსი გამოცდილება მედიაში, ფაქტობრივად, არ არსებობს, ცხადია, სახელმძღვანელო ამომწურავად ვერ მოიცავს СOVID-19-თან დაკავშირებულ ყველა საკითხს. დროთა განმავლობაში, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ახალი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ, სახელმძღვანელო პერიოდულად განახლდება და შეივსება.
 
ვიმედოვნებთ, რომ ეს გზამკვლევი ქართულ რეალობაში გააჩენს საწყის ცოდნას პანდემიის  მაღალი პროფესიული სტანდარტით გაშუქების თაობაზე, ამავდროულად, ჟურნალისტებს უფრო უსაფრთხოდ მუშაობაში დაეხმარება და ასევე, ხელს შეუწყობს პროფესიული დისკუსიების წამოწყებას ეპიდემიების, პანდემიებისა და ინფექციური დაავადებების გაშუქებასთან დაკავშირებულ თემებზე.