გორში, ბათუმსა და თელავში ჟურნალისტები ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე იმსჯელებენ

კატეგორია : ტრენინგები;
გორი, 18 აპრილი, 2015. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორის საინფორმაციო ცენტრში, გაიმართა სემინარი ჟურნალისტებისთვის ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ. სემინარში შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. სემინარები ორგანიზებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც მედიამონიტორინგსა და ეთიკური გაშუქების საკითხებზე ჟურნალისტებთან დისკუსიებს ითვალისწინებს. ტელეკომპანიების, პრესისა და ონლაინ მედიის წარმომადგენლები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ეთიკური სტანდარტების შესახებ მსჯელობდნენ. ტრენერებმა, ნინო ჯაფიაშვილმა და ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან ერთად განიხილეს ვიდეო რეპორტაჟები, ისაუბრეს ბავშვთა საკითხების გაშუქებისას წარმოქმნილ იმ პრობლემებზე, რომელსაც ჟურნალისტები ყოველდღიური საქმიანობისას აწყდებიან, ბავშვთა უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და მათი სტიგმატიზების საფრთხეზე. პროექტის ფარგლებში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ ორი ტრენინგის ჩატარება იგეგმება. ბათუმის სემინარში მონაწილეობენ აჭარასა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში მოღვაწე ჟურნალისტები, ხოლო თელავში დაგეგმილი სემინარი იწვევს კახეთის მასშტაბით დასაქმებულ ჟურნალისტებს. გარდა ტრენინგებისა, პროექტი მოიცავს მედიამონიტორინგსა და თვითრეგულირების მექანიზმების გააქტიურების ადვოკატირებას.