1 აპრილს საბჭო 4 საქმეს განიხილავს

კატეგორია : ანონსი;
1 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს 4 განცხადებას

12:00 საათი – აუდიტორია 115 გიორგი კვიტაშვილის წინააღმდეგ

სადავო სტატია გაზეთმა “კვირის პალიტრამ” 2017 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა სათაურით გამოქვეყნდა „როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) “აუდიტორია 115” “ბიბლუსის” წინააღმდეგ“. განცხადების თანახმად, სტატია ასევე გავრცელდა ინტერნეტ-პორტალ ambebi.ge-ს საშუალებით. ამგვარი ინფორმაციის შემცველი ვიდეორგოლი გამოქვეყნდა palitravideo.ge-ს მიერაც. მასალა ეხება მაღაზია “ბიბლუსიდან” თანამშრომლების გათავისუფლების გამო “აუდიტორია 115-ის” პროტესტს. “აუდიტორია 115” მიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-3 (ინფორმაციის გაყალბება) პრინციპები.

13:00 საათი – თეიმურაზ ბეჟანიძე რუსუდან შელიას წინააღმდეგ

სადავო სტატია გაზეთ „კვირის პალიტრის“ 13 მარტის ნომერში დაიბეჭდა შემდეგი სათაურით: „აუდიტორია 115″-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!“ სტატიაში აღნიშნულია, რომ “აუდიტორია 115-ის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა, რომელიც თსუ-ში წარადგინა და დოკუმენტის საფუძველზე საგამოცდო თარიღი გადაავადებინა”. თეიმურაზ ბეჟანიძე, რომელიც სტატიაში ფიგურირებს, ფიქრობს, რომ ავტორმა რუსუდან შელიამ დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა, შესაბამისად დაარღვია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპი.

14:30 საათი – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მარი მალაზონიას წინააღმდეგ

განცხადების თანახმად, 2017 წლის 27 იანვარს, გადაცემის მიმდინარეობისას წამყვანმა მარი მალაზონიამ პირდაპირ ეთერში გააშიშვლა ბავშვი და სტუდიაში მოწვეული პედიატრების დახმარებით მაყურებელს აჩვენა, თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და 8 (ბავშვის ინტერესების დაცვა) პრინციპები.

16:00 საათი – ქალაქ თბილისის მთავრობა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ

სადავო გახდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), აგრეთვე მესამე (დადასტურებული წყარო და ფაქტის მიჩქმალვა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება). განცხადების თანახმად, გადაცემის დასასრულს, გიორგი გაბუნიას ტექსტში, სადაც ის დავით ნარმანიას წარმოშობაზე საუბრობს, ასევე დარღვეულია მეშვიდე მუხლიც (დისკრიმინაცია).