წლიური ანგარიში 2020
2020 წელი განსხვავებული იყო. კოვიდპანდემიისგან გამოწვეული სირთულეები ჩვენი საქმიანობის ნაწილი გახდა. მოგვიწია აქტივობები გადაგვეტანა ვირტუალურ სივრცეში და გავმკლავებოდით დისტანციური მუშაობის სპეციფიკას. ცვლილებამ არაერთი პრობლემა შეუქმნა მედიასაშუალებებს როგორც ფინანსების, ისე ადმინისტრირების კუთხით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებითაც, არ ხდებოდა მედიის წარმომადგენლებისთვის დროულად და სრულად ინფორმაციის მიწოდება.

2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდგომ გამართულ საპროტესტო აქციებზე, გამოვლინდა ჟურნალისტებზე ძალადობის არაერთი შემთხვევა. მუხედავად ქარტიის არაერთი მოწოდებისა, არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება. გახშირდა პოლიტიკოსებისა თუ თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტთა ლანძღვისა თუ შეურაცხყოფის ფაქტები, რასაც ასევე არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

წელსაც აქტუალური იყო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები, ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები კვლავ სასამართლოში აწარმოებენ დავას მაუწყებელთან.

2020 წლის განმავლობაშიც კვლავ აქტიურად განიხილებოდა თვითრეგულირების განსახილველი საკითხების რეგულირებაში გადატანის საკითხი. ფაქტია, რომ თუ არ გვექნება ძლიერი თვითრეგულირება, მაშინ გაჩნდება სივრცე სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებისთვის. სწორედ ამიტომ ქარტიის უპირველესი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ჟურნალისტს აუხსნას მედიის თვითრეგულირების მნიშვნელობა, რათა ერთმანეთზე ხარვეზების მითითებით განვითარდეს პროფესიული სტანდარტები, გაძლიერდეს პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, გაიზარდოს აუდიტორიის ნდობა. ქარტიის მიზანი კი ასევეა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა წვლილი შეიტანონ მედიის პროფესიონალიზმის განვითარებაში ამ მექანიზმის გამოყენებით.

ქარტია კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე რჩება, შეინარჩუნოს მედიის თვითრეგულირება და არ დატოვოს სივრცე სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებისთვის, დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები და განავითაროს და გააძლიეროს პროფესიული სტანდარტები.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ.