წლიური ანგარიში 2019
2009 წელს 137 ჟურნალისტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, უკვე 360 წევრზე მეტს ითვლის. დღეს ქარტია ავტორიტეტული, სანდო ორგანიზაციაა და მისი ყოველდღიური საქმიანობა საქართველოში მედია გარემოს გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ქარტიის საბჭო, რომელიც ჟურნალისტური ნამუშევრების ეთიკურობას აფასებს, წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ნდობით სარგებლობს. მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ სუბიექტთა წრე, ვინც ქარტიას მომართავს. პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, სამართალდამცავები, სასულიერო პირები, რიგითი მოქალაქეები, - ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი მათი ვინც ბოლო წლებში ქარტიის საბჭოს მომართავს და ამა თუ იმ მედია პროდუქტის ეთიკურობის შეფასებას სთხოვს.

თუკი 10 წლის წინ ქარტია წლიურად მხოლოდ რამდენიმე საქმეს განიხილავდა, წელს შემოსული განცხადებების რაოდენობამ 100-ს მიაღწია. ქარტია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევს კონსულტირებას მედიის წარმომადგენლებს, ქარტიის შექმნილი ეთიკური გაშუქების სახელმძღვანელოებით უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი სარგებლობს.

ამ დადებითი ტენდეციების ფონზე, ქარტია თითქმის ყოველკვირეულად საჯარო განცხადებებით ეხმაურება მედიის წინაშე წარმოქმნილ პრობლემებს. ხელისუფლების სხვა და სხვა შტოს წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახდენენ ჟურნალისტების უფლებების შელახვას, ჟურნალისტების ლანძღვას, მათთვის კანონით გარანტირებული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას.

2019 წელს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა რამდენიმე კერძო ტელევიზიის დამფუძნებელსა და დირექტორს.

2019 წლის ივნისში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ქართული მედიის ისტორიაში ერთდროულად მედიის ყველაზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, ორმოცამდე ჟურნალისტმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა 20 ივნისის ღამის აქციის ძალისმიერი დაშლის დროს რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცავების მხრიდან მედიის მიმართ ძალის აშკარა გადამეტების მიუხედავად, 6 თვის შემდეგაც არავინ დასჯილა, მედიის არც ერთ წარმომადგენელს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. 

უფრო მეტიც, ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, მედიას სამართალდამცავები უკანონოდ უშლიან ხელს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და ქარტიის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მსგავს ფაქტებზე ხელისუფლება არ ახდენს ადეკვატურ რეაგირებას.

სულ უფრო ხშირად უშლიან ხელს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები პირდაპირ ეთერებში ახდენენ ჟურნალისტებზე თავდასხმას კრიტიკული შეკითხვების პასუხად. ხელისუფლების სხვა და სხვა წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მედიის რეგულირების საჭიროებაზე, ხელისუფლებასთან დაკავშირებული სუბიექტები ახმოვანებენ გზავნილებს, რომ ჟურნალისტები პროფესიული შეცდომის გამო კანონით უნდა ისჯებოდნენ, პერიოდულად ისმის საუბარი ცილისწამების სისხლის სამართლის წესით დასჯაზე, პარლამენტი მსჯელობს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელმაც შესაძლოა შეზღუდოს თვითრეგულირება და გაამკაცროს რეგულირება.


2019 წელს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. აჭარის ტელევიზიის ახალ დირექტორსა და ჟურნალისტებს შორის ერთგვარი შუამავლის როლი სწორედ ქარტიამ იკისრა, რის შედეგადაც პროცესები დროებით განიმუხტა. თუმცა, არ არსებობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების მყარი გარანტიები, რადგან პროცესებში ხელისუფლების ფარული მონაწილეობის კვალი აშკარაა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, თვითრეგულირების უალტერნატივობა კვლავ ბრძოლითაა შესანარჩუნებელი. ქართული სახელმწიფოს უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ყოველ საარჩევნო წელს სულ უფრო მეტი პრობლემა აქვთ ჟურნალისტებს და მრავალ ფრონტზე მოგვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ქარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, წევრთა აქტიურობა, პრობლემების წინაშე გაერთიანებული ძალებით ბრძოლა, მხოლოდ ასე თუ შევძლებთ უკეთესი მედია გარემოს მიღებასა და პროფესიულ განვითარებას.

ანგარიში სრულად