გიორგი აბაზაძე

18.04.2026

20 თებერვალი, 2026 წელი

 

საქმე  N 810

 

საბჭოს თავმჯდომარე: თინათინ ზაზაძე

საბჭოს წევრები: თიკო დავაძე, ნანა ბიგანიშვილი, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თემო ინასარიძე, ლელა დუმბაძე, ნათია ამირანაშვილი

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ნინო დათაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალა, რომელშიც საუბარია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კონფლიქტზე მასსა და სასამართლოს მანდატურებს შორის, იყო არაზუსტი, ღირსების შემლახველი, გადაუმოწმებელი და დისკრიმინაციული.

 

მოპასუხე ჟურნალისტად სიუჟეტის ავტორი გიორგი აბაზაძე განისაზღვრა.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ რეჟიმში, საბჭოს წევრები სხდომაში მონაწილეობდნენ დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი ნინო დათაშვილი და განმცხადებლის წარმომადგენელი, იურისტი თამარ გაბოძე.

 

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია განცხადებასთან დაკავშირებით.

 

 

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალა არაზუსტი და მანიპულაციურია. მისი პოზიციით, მთავარი უზუსტობა გამოიხატება იმაში, რომ განმცხადებლის სამედიცინო დოკუმენტაციაში ჩანაწერი “ფსიქო-ემოციური ლაბილობა” ჟურნალისტმა წარმოაჩინა როგორც ფსიქიკური პრობლემა.

 

განცხადების თანახმად, აღნიშნული სიუჟეტი ემსახურება ნინო დათაშვილის მოძალადე და ფსიქიკურად არამდგრად ადამიანად წარმოჩენას.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და მიიჩნია, რომ არაზუსტია ფსიქო-ემოციური ლაბილობის, როგორც ფსიქიკური დაავადების წარმოჩენა.

 

საბჭო მედიაპროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს, დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

 

მოპასუხე ჟურნალისტმა სადავო მასალაში აჩვენა სამედიცინო დოკუმენტაციის ფრაგმენტი (ერთ-ერთი ფორმა 100) ნინო დათაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, სადაც იყო ჩანაწერი “ფსიქო ემოციური ლაბილობა”.

 

ჟურნალისტმა სიუჟეტი დააფუძნა ამ დოკუმენტზე და მანიპულაციურად, გადაუმოწმებლად, სპეციალისტების შესაბამისი განმარტებების გარეშე, ეს ჩანაწერი წარმოაჩინა, როგორც ფსიქიკური პრობლემების დამადასტურებელი ფაქტი.

 

მთლიანი სიუჟეტი, ჟურნალისტის ტექსტები, შერჩეული რესპონდენტების კომენტარები ქმნის წარმოდგენას, თითქოს ფსიქო-ემოციური ლაბილობა ფსიქიკური დაავადება და დიაგნოზია. ინფორმაციის მარტივად, საჯარო წყაროებში გადამოწმებაც კი ცხადყოფდა, რომ ეს შეფასება არასწორია.

 

ემოციური ლაბილობა არ განიხილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პათოლოგიად ან დაავადებად, ის თავისთავად არ არის ფსიქიკური აშლილობა, არამედ მიეკუთვნება „აფექტურ მდგომარეობებთან დაკავშირებული პრობლემების“ ჯგუფს.

 

სადავო მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა და მინიმალური ძალისხმევა, რომ იგი შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას და მაყურებლამდე მის მიტანას ამომწურავად.

 

სადავო მასალა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაციის გადამოწმება და აუდიტორიის სწორად ინფორმირება ჟურნალისტის მიზანი არც ყოფილა. სიუჟეტი შეიცავს მანიპულაციურ ელემენტებს და ცდილობს ნინო დათაშვილის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისა და პროტესტში ჩართული პირის, დისკრედიტაციას.

 

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: “არსებობს ვიდეოკადრები და არის სამედიცინო ცნობა, თუმცა ნინო დათაშვილს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად წარმოაჩენენ.” ამას თან ერთვის კადრები, სადაც ასახულია სასამართლოს მანდატურთან ნინო დათაშვილის დაპირისპირება.

 

საბჭოს შეფასებით, სიუჟეტში, სასამართლოში განმცხადებელსა და მანდატურებს შორის კონფლიქტი არასრულად, მიკერძოებულად და საერთო შინაარსის დამახინჯებით არის ნაჩვენები. შერჩეული ფრაგმენტები არ ასახავს დაპირისპირების დასაწყისს, არ აღწერს  სურათს ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაც აუდიტორიის უპატივცემულობაა და საბჭომ სიზუსტის დარღვევად მიიჩნია.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, ინფორმაცია მინიმუმ ორ დამოუკიდებელ წყაროსთან უნდა გადამოწმდეს და, მნიშვნელოვანია, სიუჟეტში მისი ადრესატის პოზიცია აისახოს.

 

სადავო მასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტი ცდილობს განმცხადებლის ინტერესების დამცველთან, თამარ გაბოძესთან, დაკავშირებას, თუმცა ის პასუხობს, რომ დრო არ აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სიუჟეტში ნაჩვენები მხარის წარმომადგენელთან დაკავშირების მცდელობა არ მიიჩნევა საკმარისად. საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტს მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა მეორე მხარის პოზიციის წარმოსაჩენად, მაშინ როდესაც საქმე მის პერსონალურ ინფორმაციას, სამედიცინო დასკვნას ეხება.

 

ჟურნალისტს შეეძლო ნინო დათაშვილის უფლებადამცველების საჯარო განცხადების ფრაგმენტების გამოყენება, სადაც დათაშვილის მხარე მედიასთან განმარტებას აკეთებდა ამ საკითხზე.

 

ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს მსგავს შემთხვევაში, კომენტარზე უარის თქმის მიუხედავად, სიუჟეტში წამოჭრილ თემაზე მხარეების პოზიციების საზოგადოებამდე მისატანად.


ვინაიდან ჟურნალისტი მასალას ამზადებს აუდიტორიისთვის, მისი მთავარი მიზანი არა მხოლოდ მხარეთა შორის ფორმალური ბალანსის დაცვა, არამედ საზოგადოების უკეთ ინფორმირება უნდა იყოს.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ სადავო მასალაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი, გადაუმოწმებელი და დაუბალანსებელია, რაც არ შეესაბამება ქარტიის პირველი პრინციპის სტანდარტს.

 

მეშვიდე პრინციპი

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “აღნიშნულ სიუჟეტში ნინო დათაშვილი, რომელიც არ არის ლოიალური ძალაუფლებაში მყოფი პარტიის მიმართ, გამოყვანილია როგორც მოძალადე, ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანი და რადიკალი.”

 

მისი აზრით, სიუჟეტი ნინო დათაშვილის მიმართ მაყურებლის ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება და არის “ადამიანის დეჰუმანიზაციის პროცესის ნაწილი, რისი საბოლოო მიზანია ყველა განსხვავებულად მოაზროვნის დევნა და მხოლოდ მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური პირების დარჩენა ამ ქვეყანაში.”

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გიორგი აბაზაძის სიუჟეტები დისკრიმინაციულია.

აღნიშნული პრინციპი ავალდებულებს ჟურნალისტს, ყველაფერი იღონოს დისკრიმინაციის ანდა დისკრიმინაციის წახალისების წინააღმდეგ, არ შეუწყოს ხელი სტიგმის გაძლიერებასა და ასეთი ინფორმაციის გავრცელებას.

 

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერი სიუჟეტში მანიპულაციურად არის დაკავშირებული მის ქმედებებთან და არის ერთგვარი მინიშნება, რომ ადამიანი, რომელიც ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ საჯაროდ აქტიურობს, არის ფსიქიკური დიაგნოზის მატარებელი.

 

განსახილველი  სიუჟეტი არის ერთგვარი მინიშნება, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მოძალადეები არიან.

 

საბჭოს პოზიციით, სიუჟეტში ნინო დათაშვილის სამედიცინო დასკვნაზე აპელირებით, მისი როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანად წარმოჩენით და ამის სასამართლოში ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილი აქვს დისკრიმინაციას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით.

მაშინ, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ სტიგმაა ქართულ საზოგადოებაში, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მისი როლი ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას. ის უნდა იაზრებდეს, რომ აქვს შესაძლებლობა, გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და თავიდან უნდა აირიდოს ისეთი ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გავრცელება, რომელიც აძლიერებს დისკრიმინაციას და სტიგმას.

 

ამის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

მეათე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”

 

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტი შეიცავდა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას, რაც უხეშად არღვევს ნინო დათაშვილის უფლებებს და არის ჩარევა მის პირად ცხოვრებაში.

 

ამ პრინციპის ფარგლებში ქარტიის საბჭო მსჯელობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობაზე, ამგვარი ინტერესის გარეშე კი პერსონალური ინფორმაციის გავრცელება პირად ცხოვრებაში შეჭრაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქარტიის საბჭო დარწმუნდა, რომ ნინო დათაშვილის, როგორც აქტივისტის, საჯარო პირის, მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი და მისი საქმის დეტალებისადმი მედიის ინტერესს არ მიიჩნევს მის პირად ცხოვრებაში შეჭრად.

ასევე, საბჭომ შეაფასა ჟურნალისტის მიერ დათაშვილის სამედიცინო ინფორმაციის გავრცელება ამ პრინციპთან მიმართებაში.

 

საბჭომ  ვერ დაინახა დარღვევა სიუჟეტში სამედიცინო დასკვნის გავრცელებაში, ვინაიდან ეს ინფორმაცია თავად ნინო დათაშვილის უფლებადამცველ ორგანიზაციას საჯაროდ ჰქონდა გამოქვეყნებული სიუჟეტის მომზადებამდე და მისმა წარმომადგენლებმა ამ დოკუმენტის შესახებ მანამდე საჯაროდ ისაუბრეს ჟურნალისტებთან. სიუჟეტის მომზადების დროისთვის, დათაშვილის აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტი უკვე საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, გასაჯაროებული მეორე, დათაშვილის, მხარის მიერ. თუმცა, ასეთი შემთხვევებისთვის საბჭო გასცემს რეკომენდაციას, რომ როდესაც კონკრეტული, სენსიტიური ინფორმაცია გავრცელებულია ადამიანთა მცირე ჯგუფებს შორის, პასუხისმგებლიანმა მედიამ, რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს, მისი გასაჯაროებისას იმოქმედოს უფრო მაღალი სტანდარტით და, უმჯობესია, დაფაროს ყველა პერსონალური, მათ შორის, სამედიცინო ინფორმაციის შემცველი მონაცემი, და ისე გამოაქვეყნოს ის.

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ შემთხვევაში. საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, განმცხადებელმა საბჭო დაარწმუნოს, რომ მოპასუხე ჟურნალისტი კონკრეტული განზრახვითა და მოტივით მოქმედებდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა საბჭოს ვერ წარმოუდგინა შესაბამისი მტკიცებულება, რაც მოპასუხე ჟურნალისტის განზრახვას და ქმედების კამპანიურობას დაადასტურებდა. შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა სადავო სიუჟეტში მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები. ქარტიის საბჭომ არ დაადგინა მე-10 და მე-11 პრინციპების დარღვევა.

 

 

 

02.06.2025

1 მაისი, 2025 წელი

 

 

საქმე N-778

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

 

საბჭოს წევრები: ნინო გელაშვილი; თიკო ზაზაძე; ვლადიმერ ჩხიტუნიძე; თიკო დავაძე; ნინო რამიშვილი; ირაკლი მსხილაძე; ნინო კაპანაძე.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ისაკაძემ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ონლაინ ფორმატში.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი გიორგი ისაკაძე. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია.

განმცხადებლი თავდაპირველად დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა განხილვის დროს მოხსნა ქარტიის მესამე და მეშვიდე პრინციპები. საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ქრონიკაში”, 2024 წლის 26 დეკემბერს გავიდა, სათაურით: “ისაკაძე - ბიზნესბულინგის ორგანიზატორი”. მასში ბანკი “ქართუს” გაკოტრების მცდელობის საქმეს იხსენებენ და გიორგი ისაკაძეს ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

 

ჟურნალისტ გიორგი აბაზაძის სადავო ფრაზები:

 

“დღეს ბიზნესის ფაშისტური ბულინგის ორგანიზატორი, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ბიზნესის ტერორის სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ისაკაძეა”;

 

“ახლა თავისუფალი ბიზნესის დამცველის მორგებული სტატუსით ისაკაძემ  წლების წინ “ქართუ ბანკის” მიზანმიმართულად გაკოტრებისთვის არარსებული დავალიანების არსებობა დაადასტურა”;

 

“ქართუს” გაკოტრებაში მხილებული ისაკაძე ბიზნესზე ზეწოლას დღეს სოციალური პლატფორმებიდან განაგრძობს. ბიზნეს სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ამასთანავე შექმნა ვებ-გვერდი: “თავისუფალი ბიზნესი”.

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში გადაუმოწმებელი, მცდარი და დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი აგებულია მხოლოდ კონკრეტული პირების კომენტარებზე  და გაჟღერებულ ბრალდებებზე რაიმე მტკიცებულება ან სარწმუნო  ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. მოპასუხე მედიას მისგან, როგორც სიუჟეტის “მთავარი გმირისგან”, კომენტარის მიღება არც უცდია.

 

სადავო სიუჟეტი განმცხადებლის მიმართ მძიმე ბრალდებებს შეიცავს, როგორებიცაა:  ბიზნესის ტერორი, ბიზნესზე ზეწოლა, “ფაშისტური ბიზნესბულინგის” ორგანიზება;

 

სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტებმა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, გიორგი ისაკაძის მიმართ გააჟღერეს ტერმინები: “რეკეტი”, “თაღლითობა”, “ტერორი”.

 

ქარტიის საბჭოს შეფასებით, აღნიშნული სიუჟეტი დაუბალანსებელია, ეფუძნება მხოლოდ ერთი მხარის - ხელისუფლების წარმომადგენლების, პოზიციებს. ჟურნალისტის ტექსტები არის დაუზუსტებელი და მიკერძოებული განმცხადებლის მისამართით, რაც ცალსახად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაა.

 

 

ქარტიის სტანდარტით, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა ეყრდნობოდეს, სულ მცირე, ორ ურთიერთდაუკავშირებელ წყაროს, რაც, ამ შემთხვევაში, დარღვეულია.

 

სიუჟეტი ეყრდნობა მხოლოდ ხელისუფლების წევრების და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, დაფუძნებული “ქართუ ბანკის” წარმომადგენლის კომენტარებს და შეიცავს მძიმე ბრალდებებს განმცხადებლის მისამართით.

 

ქარტიის სტანდარტით, როცა ჟურნალისტი კონკრეტულ პირს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, მტკიცების სტანდარტი გაცილებით მაღალი უნდა იყოს. არ შეიძლება მძიმე, სისხლის სამართლის, დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულო პირი მხოლოდ რესპონდენტების კომენტარებზე დაყრდნობით. სადავო სიუჟეტში გიორგი ისაკაძის მიმართ გამოყენებულია ტერმინები: “რეკეტი”, “თაღლითობა”, რაც სისხლის სამართლის დანაშაულებია და მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი.

 

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშაულში ბრალდების დროს ჟურნალისტმა დადანაშაულებულ პირს სრულფასოვანი პასუხის, განმარტების, საშუალება მისცეს, რაც, ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. განმცხადებელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მის შესახებ სიუჟეტი ისე მომზადდა, რომ ტელეკომპანია “იმედიდან” არავინ დაკავშირებია.
ქარტიის სტანდარტით, მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა საპასუხო კომენტარის მოსაპოვებლად, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ ჩანს.

 

სიუჟეტის კიდევ ერთ სადავო ეპიზოდში ჟურნალისტი ამბობს, რომ გიორგი ისაკაძემ  “შექმნა ვებ-გვერდი: “თავისუფალი ბიზნესი”. “ საუბარია ვებ-გვერდზე, რომელზეც განთავსებულია “თავისუფალი ბიზნესის განცხადების” ხელმომწერი და არახელმომწერი ბიზნესის ჩამონათვალი.

 

განმცხადებელი უარყოფს მის მიერ ამ პლატფორმის დაარსებას. სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი რამე მტკიცებულება, რომ ეს პლატფორმა მართლაც გიორგი ისაკაძის დაფუძნებულია.

 

ტელეკომპანია “იმედს” რამდენიმე მასალა აქვს მომზადებული, სადაც ამ ვებ-გვერდის შემქმნელად დასახელებული ჰყავს სხვა პირი - გიორგი ჩუგოშვილი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გიორგი აბაზაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტი ემსახურებოდა მის დისკრედიტაციას.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევა, როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა. სადავო სიუჟეტში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპიც ცალსახად დარღვეულია და თანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ფაქტები განზრახ არის დამახინჯებულად წარმოდგენილი.

 

ამ პრინციპის ჭრილში საბჭომ დარღვევად მიიჩნია ეპიზოდი პლატფორმა freebusiness.ge  -ს შესახებ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა იცოდა, ანდა უნდა სცოდნოდა, რომ ამ პლატფორმის დამფუძნებელი სხვა პირია. ტელეკომპანია “იმედის”

სოციალური ქსელის გვერდზე ამ დრომდე იძებნება ქარდიც, რომელზეც წერია, რომ სხვა პირი - გიორგი ჩუგოშვილი, არის ამ პლატფორმის შემქმნელი და მის შესახებ წერია: “შექმნა პლატფორმა freebusiness.ge, პირადად აბულინგებდა ბიზნესმენებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ პეტიციას შეერთებოდა.”

 

საბჭოს სხდომაზე გიორგი ისაკაძემ უარყო შემხებლობა ამ პლატფორმის დაფუძნებასთან, ჟურნალისტს არ წარმოაუდგენია ამის დამადასტურებელი რამე მტკიცებულება. უფრო მეტიც, ტელეკომპანია “იმედის” მიხედვით, ამ პლატფორმას სხვა შემქმნელი ჰყავს. გამომდინარე აქედან, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა იცოდა, ვინ იყო პლატფორმა freebusiness.ge-ის დამფუძნებელი, თუმცა მაყურებელს განზრახ მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ეს გიორგი ისაკაძე იყო.

 

საბჭო, მე-11 პრინციპის დადგენისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს. ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მიმართ ბოლო პერიოდში ქარტიის საბჭომ არაერთხელ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა და ყველა ჯერზე მიუთითა “იმედის” მიკერძოებაზე მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ. ქარტიის საბჭოსთვის ცნობილია ტელეკომპანია “იმედისა” და მისი მფლობელის პოზიციები და შეხედულებები, მათი სიმპათია “ქართული ოცნების” მიმართ.

 

როგორც მრავალგზის აღნიშნულა ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებში, ტელეკომპანია “იმედი” სახელისუფლებო პროპაგანდის ძირითადი იარაღია და ხელისუფლებას ოპონენტების დისკრედიტაციაში უწყობს  ხელს. ამას ადასტურებს ისიც, რომ სიუჟეტში  “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული პირების კომენტარებია ასახული და არ არის ამ კომენტარების შინაარსის გადამოწმების მცდელობაც კი, რაც ცალსახად მიანიშნებს ჟურნალისტის განზრახულობაზე.

 

შალვა პაპუაშვილი: “ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და კათედრიდან, მაღალი კათედრიდან გვესაუბრება მედიიდან, ადამიანი, რომელიც საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. თაღლითურად, ამ ყალბი ჩვენებით ვითომდა რაღაც ვალები დაიდო სახელმწიფოსთან და იმ სქემით, რომელიც მაშინ სააკაშვილს და ადეიშვილს, გილაურს ქონდათ შექმნილი, აიმ ნიკა გილაურის სქემით ცდილობდნენ ბანკი “ქართუს” გაკოტრებას. ბიზნესის რეკეტში ჩართული ადამიანი დღეს სტუდიაში კრებს ბიზნესს, ქმნის ვებ-გვერდს, რომელსაც თავისუფალ ბიზნესს ეძახის. ეს ერთი, რო რა არი ეს თუ არა ცინიზმი, როდესაც ცენზორები მედიის დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან, ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებაზე გვესაუბრებიან. ის ვებ-გვერდი, სხვათა შორის, რომელიც შექმნეს, ჩვეულებრივი დასახვრეტთა სია, ბოლშევიკები, რომლის ქვეტექსტი არის მუქარა, რომ ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში აი, სიას დახედეთ და ამ სიის მიხედვით დავივლით თითეულ ბიზნესს და თითეულ ბიზნესს მოგიწყობთ იმ ტერორს, რომელიც მოვაწყეთ ნაციონალური მოძრაობის დროსო. ამას ეუბნება ნიკა გილაური, ამას ეუბნება მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ისაკაძე. მოტივები არის დაშინება, ანუ ბოლშევიზმის იდეა რაში არის, ეს არის ტერორი და ზუსტად ეს იდეაა ამაში ჩადებული, რო დააშინონ ბიზნესი.”

 

დავით მათიკაშვილი: “მაშინ მე ბანკ “ქართუში” გახლდით, იქ ვმუშაობდი სწორედ და კარგად მახსოვს ის პერიოდი, როგორ ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა რეპრესიული მექანიზმებით “ქართუს” გაკოტრებას, როგორ ნაჩქარევად მიიღეს კანონში ცვლილებები, რომლითაც ბიზნესთან ერთად ნაწილობრივად შეეცადნენ რო ყველა ის სესხი “ქართუს” რო ქონდა გაცემული, ფაქტიურად არ დაბრუნებულიყო “ქართუში.”

 

სადავო მასალის მომზადებას განმცხადებელი უკავშირებს მის მიერ მომზადებულ გადაცემას, სადაც ბიზნესმენები “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებდნენ თბილისში ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების მონაწილეების ძალადობრივად დარბევის გამო. ეს გადაცემა BMG-ს ეთერში დეკემბერში გავიდა.

 

განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიმართ ამ კრიტიკული გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო “იმედმა” მის წინააღმდეგ ინფორმაციის კამპანიური გავრცელება.

 

მაგალითად, 26 დეკემბერს გიორგი ისაკაძეს, სადავო სიუჟეტის გარდა, რამდენიმე მასალა მიეძღვნა.

მის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 27 და 29 დეკემბერსაც. ასევე, 2025 წლის 25 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” ვებ-გვერდზე” ვხვდებით შალვა პაპუაშვილის კომენტარს გიორგი ისაკაძესთან დაკავშირებით, სადაც პაპუაშვილი მას ბიზნესზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

ეს მასალები ადასტურებს განმცხადებლის მიმართ “იმედის” წინასწარგანზრახულ ინტერესს.

 

საბჭომ  არაერთ გადაწყვეტილებაში აღწერა, რომ ტელეკომპანია “იმედი” განზრახ და მიზანმიმართულად არღვევს ჟურნალისტურ პრინციპებს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად  განწყობილი პირების საზიანოდ და ხელისუფლების სასარგებლოდ, რასაც, ხშირ შემთხვევაში, კამპანიური ხასიათი აქვს.

საბჭო ამ შემთხვევაშიც მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ტელეკომპანია “იმედმა” გიორგი ისაკაძის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა კამპანიურად და განზრახ, რაც საბჭომ მიიჩნია ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევად.

 

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მე-11 პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

გიორგი აბაზაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.

 

განცხადება

სადავო მასალა

 

JOIN US ON FACEBOOK