28.03.2023
დღეს, 2023 წლის 28 მარტს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრა მედიის” შესახებ განაცხადა, რომ ეს მედიასაშუალება „თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა ორი, კეზერაშვილის მეორე ტელევიზია.” ამასთან, კობახიძემ „პალიტრა მედიასთან” დაკავშირებით აღნიშნა, რომ „იქ როგორ გადაფორმდა წილები, საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ტელევიზიის მესაკუთრეები - ამ დეტალებში მე ვერ შევალ.”
 
აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე, ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განთავსდა მასალა, სადაც ნათქვამია, რომ „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას” აფინანსებს”. სტატიას გამოეხმაურა “პალიტრა მედია” და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ცილისწამება.
 
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისთვის მიუღებელი შინაარსის გამო თავს დაესხა. 
 
ქარტია მიიჩნევს, რომ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობა.
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედება და მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა.
 
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მაუწყებლების მფლობელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში, ხოლო დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე. ქარტია მოუწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგნლებს, განცხადების გაკეთებამდე გადაამოწმონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით.
 
20.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტზე ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტს, რათა სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტის მიმართ გავრცელებულ მუქარას, დაუყოვნებლივ მიიღოს ქმედითი ზომები მის მიმართ დაფიქსირებული უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.

2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საფუძველზე დაიწყო და დააკავა ერთი პირი.

პარალელურად, მოძალადე პირის მხარდამჭერთა მხრიდან, ჟურნალისტის მიმართ დაფიქსირდა არაერთი მუქარა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

ნატო გოგელიას ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს. ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

20.03.2023

პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს. ამასთან, არის დისკუსიები, რომლის მიზანიც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაზრდაა მოსახლეობაში.

მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება. მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას. 

ამასთან, მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, არ უნდა ცდილობდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის კურსის საწინააღმდეგო კამპანიების წარმოებას. 

მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.

გარდა ამისა, მედია ვალდებულია დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის POSTV-ის, უნდა ახსოვდეს მედიის როლი და დანიშნულება. 

16.03.2023

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტი. მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება და თავდამსხმელი პირის კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, რა დროსაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება და კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საჯაროდ დაგმოს და ეფექტურად გამოიძიოს მსგავსი ფაქტები.

15.03.2023

2023 წლის 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ძალადობრივი ჯგუფის, კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფოს მიერ გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ მამუკა ანდღულაძე დაესხა თავს ჟურნალისტს და დაუზიანა ტექნიკა.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტი.

14.03.2023


2023 წლის 14 მარტს „დოჟდის“ ჟურნალისტმა, ანა მონგაიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კორესპონდენტი, საშა შვედჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვარზე დეპორტაციის ცნობა მისცეს. 

  • ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება კორესპონდენტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს, შეასრულოს პროფესიული მოვალეობა. 
  • ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს.

ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს. ამის შესახებ ქარტიას არაერთი განცხადება გაუკეთებია. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს საქართველოს და სხვა ქვეყნების დახმარება სჭირდებათ. 

09.03.2023
2023 წლის 9 მარტს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია იმართება. აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის, საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური დაზიანების არაერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია აქციაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაუშვას ჟურნალისტებზე ძალადობა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა მისი წარმომადგენლების მხრიდან და მიიღოს ეფექტიანი ზომები მედიის უფლებების დასაცავად.
 
09.03.2023
2023 წლის 8 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გაზის ყუმბარა ჟურნალისტის ფეხებთან აფეთქდა. ამასთან, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესახებ.
 
სამართალდამცავმა უწყებებმა იძალადეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:
  • „ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, ჩაარტყა წიხლი და ტელეფონი გააგდებინა ხელიდან, მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ პრესის წარმომადგენელი იყო.
  • სპეცრაზმმა „პუბლიკის” ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა. 
  • ფიზიკურად იძალადეს ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე, გიორგი კვიჟინაძესა და დავით მანიაზე.  
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას” ჟურნალისტზე, თეა თეთრაძესა და ოპერატორ ნიკა კოკაიაზე, ასევე, რამდენჯერმე შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი.
  • ფიზიკურად იძალადეს „მედიაჩეკერის” რედაქტორ გიორგი გოგუაზე. ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან აუხნა, რომ პრესის წარმომადგენელია.
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს. 
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას” ჟურნალისტ ნიკა საჯაიზე.
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „გურიანიუსის" ჟურნალისტს მერაბ ცაავას. 
(სია განახლებადია)

ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობას, უფლებების დარღვევასა და საქმიანობაში ხელშეშლას.  

მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. 
 
05.03.2023
2023 წლის 5 მარტს, პუბლიკასა და ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების ნაწილს შეუჩერდა პარლამენტში აკრედიტაცია. მედიების ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 2 მარტს გამართული რუსული კანონის საპროტესტო აქციას უკავშირდება. ჟურნალისტების ნაწილი, რომლებსაც აკრედიტაცია შეუჩერეს, პარლამენტში რუსულ კანონს აპროტესტებდა, ნაწილი კი ამ საკითხს აშუქებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 6 მარტის კვირაში აპირებს პარლამენტი, განიხილოს რუსული კანონები „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. 
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეჩერების მიზანია, ჟურნალისტებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება და ხელი შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
 
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატივი სცეს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია. 
 
ამასთან, ქარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პარლამენტში 1 მარტიდან ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესი, რომლის გაუქმებისკენაც ქარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მოუწოდა.
 
27.02.2023

2023 წლის 27 თებერვალს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.

მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით. რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ჟურნალისტთა ნაწილი შენობაში შესვლას ოპოზიციური დეპუტატების მიერ დაშვებული საშვებით ცდილობდა, თუმცა აღნიშნული საშვები გააუქმეს. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის — 2023 წლის 20 თებერვალს, რუსული კანონის პირველი ვერსიის ბიუროზე დარეგისტრირების დროსაც, მედიის წარმომადგენლებს დაშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. საბოლოოდ, ჟურნალისტთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით მოახერხა. დღეს კი აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენების საშუალებაც არ მისცეს. 

ქარტია კიდევ ერთხელ გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას და მათი პოზიციის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.

ამასთან, არ ვეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ქარტიის წარმომადგენლები პარლამენტში კანონის დარღვევით აპროტესტებდნენ რუსულ კანონს. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო მოსაზრების დაფიქსირება/პროტესტი უმრავლესობის მხრიდან რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ ქარტია მუდამ იდგება ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების გვერდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღების შემდეგ დახურვა ემუქრებათ.

ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო  საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.


ფოტოზე არიან ჟურნალისტები, ვინც აპირებდნენ ბიუროს სხდომის პარალელურად კანონპროექტის გაპროტესტებას, თუმცა პარლამენტში არ შეუშვეს.


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.