14.09.2023

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ „ჟურნალისტურ ეთიკაზე და სტანდარტებზე იყოს ჩადარაჯებული”.

„თუკი რაიმეს ვოჩდოგი უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ის უნდა იყოს ჟურნალისტების ვოჩდოგი, ჟურნალისტების მიმართ უნდა ჰქონდეთ ეს დამოკიდებულება და აბსოლუტურად ჩუმად არიან”, - აღნიშნა მან OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

ქარტია აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ და გადაწყვეტენ, რით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დაკავებული. ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით.

რაც შეეხება OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას გამოეხმაურა იმავე დღეს, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა და მომხდარი თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნის მცდელობად შეაფასა. ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას. მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, არ არის ვალდებული, მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე. 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, იყო “მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მუშაობა შოვში, სტიქიის ზონაში და ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს “მთის ამბებს”. ქარტიის პოზიციაა, რომ შოვის ტრაგედიის გაშუქებისას და შემდეგ ხელისუფლებამ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რასაც ქარტია მედიის ადვოკატირების კოალიციასთან ერთად გამოეხმაურა. „მთის ამბების“ რედაქტორი მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.

12.09.2023

ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას. 

OC Media-ს ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ შალვა პაპუაშვილის ოფისიდან და სთხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ოპედის გამოქვეყნება. მიუხედავად მედიასაშუალების თხოვნისა, შალვა პაპუაშვილის წარმომადგენლებმა მედიას არ მიაწოდეს ოპედის სრული ვერსია.

მედიასაშუალების რედაქტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გამოქვეყნებულიყო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული მასალა. მათი უარი დასაბუთებული იყო კონკრეტული კრიტერიუმებით, რომელიც მედიასაშუალებას აქვს გაწერილი.

მოგვიანებით, OC Media-სთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა დონორ ორგანიზაციებს და ჰკითხა, თუ რატომ აფინანსებენ ისეთ მედიასაშუალებას, რომელიც ცალმხრივად აშუქებს ინფორმაციას.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ OC Media-მ ინტერვიუ სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს, რაზეც უარი მიიღო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე. 

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნა და ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის მუშაობასა და უსაფრთხოებას. 

26.08.2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს პროფესიული საქმინობის შესრულებისას “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე  თავდასხმის ფაქტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტები ძალადობისა თუ მუქარის ობიექტი გახდნენ.
 
მთავარი არხის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და ოპერატორს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა მედიის წარმომადგენლებს კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 
 
გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ნებისმიერი თავდასხმა ჟურნალისტებზე არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე. აღნიშნული ძალადობა კი აშკარა მცდელობაა დააშინონ და გააჩუმონ მედიის წარმომადგენლები.
 
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ გამოიძიოს ემა გოგოხიასა და ოპერატორზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტი. ხელისუფლებამ უნდა  გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჟურნალისტების დასაცავად და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოდ და თავისუფლად მუშაობა.
 
26.08.2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს პროფესიული საქმინობის შესრულებისას “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტები ძალადობისა თუ მუქარის ობიექტი გახდნენ.
 
მთავარი არხის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და ოპერატორს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა მედიის წარმომადგენლებს კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 
 
გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ნებისმიერი თავდასხმა ჟურნალისტებზე არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე. აღნიშნული ძალადობა კი აშკარა მცდელობაა დააშინონ და გააჩუმონ მედიის წარმომადგენლები.
 
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ გამოიძიოს ემა გოგოხიასა და ოპერატორზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტი. ხელისუფლებამ უნდა  გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჟურნალისტების დასაცავად და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოდ და თავისუფლად მუშაობა.
 
08.08.2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ხელისუფლებამ გლოვის დღედ 7 აგვისტო გამოაცხადა
 
სწორედ აღნიშნულ მძიმე დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საქმიანობა და მის მიერ საზოგადოებისთვის ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება. სამწუხაროდ, ამ დღეებში კიდევ ერთხელ მოწმეები გავხდით ხელისუფლების  მცდელობებისა, გააჩუმოს და დააშინოს ჟურნალისტები, რომლებიც უბრალოდ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. ეს თავდასხმები გამოხატვისა და პრესის თავისუფლების აშკარა დარღვევაა.
 
„მთის ამბების“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, ერთ-ერთი პირველი მედიის წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. გელა მთივლიშვილს  საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ  ის სტიქიას აშუქებს. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა. ასევე მიმდინარეობდა გელა მთივლიშვილის მიზანმიმართული დისკრედიტაცია
 
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოლიცია მედიის წარმომადგენლებს შოვში აღარ უშვებდა. 
 
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ხელისუფლების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმების, შეურაცხყოფის, დეზინფორმაციისა და მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევის ბოლო შემთხვევებს.  სტიქიური უბედურების დროს გელა მთივლიშვილმა და მისმა კოლეგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და დღესაც ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში შოვში არსებული სიტუაციისა და ხელისუფლების მიერ სტიქიური უბედურების პრევენციისა და დაზარალებულების დახმარების შესახებ.
 
ხელისუფლების თავდასხმები მედიაზე არის მიზანმიმართული მცდელობა, გააკონტროლოს ინფორმაციის ნაკადი, რაც გამოხატვისა და პრესის თავისუფლების უფლებას არღვევს.
 
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები მედიაზე და პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას და მისცეს მედიას პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა. 
 
04.08.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და დაკარგულ პირებს ოჯახში ჯანმრთელად დაბრუნებას უსურვებს.

გუშინდელი დღიდან მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე.

ამის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა „მთის ამბების” ჟურნალისტებს, რომლებიც პირველი საათების განმავლობაში იყვნენ ინფორმაციის მთავარი წყარო და ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს კი წყალში გადაგდებით დაემუქრნენ. 

საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და დასვას კრიტიკული კითხვები, ხოლო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უპასუხოს ამ კითხვებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია ამ მასშტაბის ტრაგედიაზე და საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ლეგიტიმური კითხვები. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები.

25.07.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვანის, ირაკლი ტაბლიაშვილის მიმართ მუქარის ფაქტებს. აღნიშნული მუქარა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ჟურნალისტსა და ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „კონტექსტის” წამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს რამდენიმე დღეა უცნობი რუსულენოვანი  პირები სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან და ემუქრებიან. ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. 

ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი ინციდენტი, რომლის დროსაც ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, გაქურდეს თუ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ცოტა ხნის წინ იმავე ტელეკომპანია „ფორმულას" თანადამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს ცემეს. 

ბოლო წლებში საქართველოში საგანგაშო ტენდენციად იქცა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინება, დისკრედიტაცია და მათზე ძალადობა, პოლიტიკური ზეწოლა თუ  სამართლებრივი შევიწროება. ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარა არის კრიტიკული ხმის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დაშინების კიდევ ერთი აშკარა მცდელობა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარის შემთხვევები სასწრაფოდ გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები ირაკლი ტაბლიაშვილის დასაცავად და უზრუნველყოს მისი და სხვა ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ შეძლონ პროფესიული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

20.07.2023

კოალიცია ეხმიანება „ტელეკომპანია პირველის” ყოფილი წამყვანის, ვასილ დაბრუნდაშვილის საჯარო განაცხადებას ჟურნალისტის კუთვნილი ბინიდან პირადი დოკუმენტების დაკარგვის და მის მიმართ შესაძლო თვალთვალის თაობაზე.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი დღის შემდეგ გადაუგზავნა, ჟურნალისტი კი მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 19 ივლისს გამოიკითხა.

მედიის წინაშე არსებული გამოწვევების და მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, ხელისუფლება ვალდებულია ჰქონდეს მყისიერი რეაგირება ჟურნალისტების თვალთვალის და დაშინების ყველა მცდელობასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს დადასტურებული ფაქტები ჟურნალისტის პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ - ე.წ. სუსის ფაილების ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე 2022 წლის 29 ივლისს თბილისის პროკურატურამ ვასილ დაბრუნდაშვილი დაზარალებულად ცნო.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიცვას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის პირადი უსაფრთხოება. Საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიებით მიიღოს ყველა ზომა ჟურნალისტის დაცვისა და ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

13.07.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს “ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის, კუთვნილი  მანქანიდან სამსახურეობრივი მყარი დისკის ქურდობას. მსგავსი ქმედება ძირს უთხრის არა მხოლოდ ჟურნალისტების უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად პრესის თავისუფლებას.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დღეს მისი ავტომობილიდან წაიღეს სამსახურეობრივი გარე მყარი დისკი.  მანქანაში არსებული სხვა ნივთები კი, როგორებიცაა საათები და სათვალე, ხელუხლებელია. ჟურნალისტი ინციდენტს დაშინების მცდელობად მიიჩნევს: "დაშინება ძარცვის იმიტაციით."

მედიაგარემო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ეს ინციდენტი კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევაა.  ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ინფორმირებისთვის.  

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს ეს ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები. ასევე აუცილებელია, რომ მიღებული იყოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მედიის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად. 

13.07.2023

2023 წლის 13 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, „TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილი გაქურდეს. ჟურნალისტის თქმით, წაიღეს სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი, თუმცა პირადი ნივთები ხელუხლებელი დახვდა. აღნიშნული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქმედება ჩადენილია მედიის წარმომადგენლის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. 

ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების სიხშირე და ასეთი საქმეების გამოუძიებლობა, დაუსჯელობის განცდას აჩენს და მომავალში განმეორებითი დანაშაულის რისკს მეტად ზრდის. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ნოდარ მელაძის ავტომობილში ქურდობის შემთხვევა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.