"სოვლაბმა" "მაესტროს" წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
25.06.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო "საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის" (სოვლაბი)განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" წინააღმდეგ. სადავო გახდა 12 ივნისის სიუჟეტი სახელწოდებით "ოკუპანტი მეთაურის მემორიალური დაფა თბილისში". სიუჟეტი ეხებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის - მიხეილ ლევანდოვსკის შესახებ საინფორმაციო დაფის განთავსებას, სადაც გაკრიტიკებულია ეს ფაქტი.

განცხადების მიხედვით, დიდი ტერორის მსხვერპლთა შესახებ დაფები განმცხადებელმა ორგანიზაციამ პარტნიორებთან ერთად განათავსა, მართალია ლევანდოვსკი ოკუპაციაში მონაწილეობდა, მაგრამ მოგვიანებით, ისიც ტერორს ემსხვერპლა. "სოვლაბი" მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” სიუჟეტი,არის დაუბალანსებელი, დამახინჯებულია ფაქტები და მოვლენას ცალმხრივად აფასებს. ვინაიდან მათ არ ასახეს პროექტის ინიციატორთა მოსაზრებები, ცალმხრივად გააშუქეს და არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის რომელიმე პრინციპი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.