გადაწყვეტილება საქმეზე - ფრანკლინის კლუბი ირაკლი ჩიხლაძის, სანდრო გამსახურდიას და მანანა გაბელიას წინააღმდეგ
25.01.2023

განმცხადებელი : ფრანკლინის კლუბი;
მოპასუხე : ირაკლი ჩიხლაძე, სანდრო გამსახურდია, მანანა გაბელია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

11 იანვარი, 2023 წელი

საქმე N – 615, 616

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: სოფო ჟღენტი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, მაია წიკლაური

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ „ფრანკლინის კლუბმა“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 4 და 5 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „იმედის კვირაში” და საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში” გასულ სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ ირაკლი ჩიხლაძე, სანდრო გამსახურდია და მანანა გაბელია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტები „ფრანკლინის კლუბს” ეხებოდა.

პირველ სიუჟეტის, სათაურით „კმარას რეინკარნაციის მცდელობა”, შესავალში ირაკლი ჩიხლაძე ამბობს:

       „ინტელექტისა და კადრების შიმშილი რომ აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ეს ალასანიას უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული "ფრანკლინის კლუბითაც" ჩანს. იმედის კვირამ "კმარას" მოდიფიცირებულ ვერსიას მიაკვლია. ამ კლუბის უკანაც ლევან რამიშვილია - თავისუფლების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. ფაქტია, ალასანიები მილიონებს ხარჯავენ, ოღონდ როგორღაც განწყობები შეცვალონ; ახალგაზრდების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ სააკაშვილის მესიანიზმი, მერაბიშვილის კეთილი პოლიციელობა, კირკიტაძის ინტელექტი და კეზერაშვილის წარმატებული თავდაცვის მინისტრობა. კლუბის შემოქმედებით ჯგუფს ეს არ გამოსდის, თუმცა არ ნებდება. გიული ალასანიამ და მისმა ძმამ მათი მთავარი მაკონტროლებლის როლი მოირგეს. პატიმარი სააკაშვილის დედა და ბიძა ღიად მოითხოვენ რადიკალების მობილიზებას - ახალი სახეების, რომლებიც ამ კლუბის მიზნებსა და ამოცანებს შეასრულებენ, რომ შეცვალონ ხელისუფლება, თუნდაც არეულობის და რევოლუციის სცენარით. წყარო გვიყვება, რომ კლუბის დაფინანსება, გასული წლიდან დღემდე, 5-ჯერ გაიზარდა და ახალგაზრდებს, რომლებიც ამ კლუბში მიდიან, პირდაპირ ეუბნებიან, რის სანაცვლოდ ჩართავენ პოლიტიკაში და რის სანაცვლოდ მიიღებენ განათლებას უფასოდ. რადიკალების მოსამზადებელი ბაზა - ნახეთ სანდრო გამსახურდიას ექსკლუზიურ რეპორტაჟში…”

რეპორტაჟში ჟურნალისტი ამბობს:

       „იმედის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, “ფრანკლინის კლუბის” ბიუჯეტი 100 000 დოლარამდეა, ანუ 5-ჯერ მეტი, ვიდრე შარშან. საინტერესოა, რომ კლუბის მეორე მსხვილი დონორიც კვეთაშია პატიმარ ექს-პრეზიდენტთან. კლასიკური ლიბერალიზმის და ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით მომუშავე ფონდის - “Atlas Network”-ის დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილი, ელენე სააკაშვილია”.

       „ფრანკლინის კლუბში უფასო კურსებს, ყოველთვიურად, 100-მდე მოსწავლე ესწრება. თავისუფლების ინსტიტუტი თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად ახლა “ფრანკლინის კლუბის” საშუალებით ცდილობს ახალი ქართველების გამოძერწვას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. თუმცა ლევან რამიშვილის მორიგი საცდელი პროქტი ახალგაზრდებზე და ოცნება კიდევ ერთ რევოლუციაზე განწირულია, რადგან ერთსა და იმავე დინებაში ორჯერ ვერავინ შევა…”

მეორე სიუჟეტში, სათაურით „რადიკალები მშვიდობის წინააღმდეგ”, განმცხადებელი სადავოს ხდის ჟურნალისტის ფრაზას:

       „მიმდინარე წელს, კლუბის ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარამდეა, ანუ 5-ჯერ მეტი, ვიდრე შარშან“.

განმცხადებლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი პროექტია „ფრანკლინის აკადემია“, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება და აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უტარდებათ ლექციები ისეთ საგნებში, როგორებიცაა: დებატები, პოლიტიკური იდეოლოგიები, ეკონომიკა. მისი თქმით, ირაკლი ჩიხლაძე მტკიცებით ფორმაში უთითებს, რომ ლექციების დროს აკადემიაში მოუწოდებენ რევოლუციისკენ და ხელისუფლების შეცვლისაკენ, რომ ხორციელდება მოსწავლეების კონკრეტული პოლიტიკური ძალის/პირების სასარგებლოდ ინდოქტრინაცია, რომ ლექციების დროს რამე ფორმით ხდება კონკრეტული პირების „გამართლება“, „შექება“, „პოპულარიზაცია“. განმცხადებელის თქმით, ჟურნალისტს არ ჰქონდა არავითარი მტკიცებულება, რომ მსგავსი რამ მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა და აღნიშნული მიზნად ისახავდა კლუბის დისკრედიტაციას.

მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ რამის სანაცვლოდ კლუბი სთავაზობს თინეიჯერებს პოლიტიკაში ჩართვას და რამის სანაცვლოდ ხდება ახალგაზრდების მიღება. ასევე, განმცხადებლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ფრანკლინის კლუბს" არავითარი შეხება/თანამშრომლობა არ აქვს თავისუფლების ინსტიტუტთან ან/და თავისუფალ უნივერსიტეტთან, შესაბამისად, ინფორმაცია, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად ახლა “ფრანკლინის კლუბის” საშუალებით ცდილობს ახალი ქართველების გამოძერწვას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას" - არასწორია.

მეორე სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ „მიმდინარე წელს, კლუბის ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარამდეა, ანუ 5-ჯერ მეტი, ვიდრე შარშან“. განმცხადებლის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ჟურნალისტს არ ჰქონდა მტკიცებულებები, რომ მსგავსი ინფორმაცია გაევრცელებინა. მისი განცხადებით, ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ სიუჟეტის გასვლამდე ერთი დღით ადრე „იმედის კვირაში" გავიდა ინფორმაცია, რომ კლუბის ბიუჯეტი 100 000 აშშ დოლარია.

თავის მხრივ, „იმედის კვირის” წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ქარტიასთან არ თანამშრომლობენ და მის გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, განცხადებასთან დაკავშირებით კი პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტებმა სათანადოდ არ სცეს პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტების მცდელობა, რომ ისინი შეეცადნენ ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.

„იმედის კვირის" სიუჟეტში, ერთი შეხედვით ფორმალური ბალანსი დაცული იყო: „ფრანკლინის კლუბის" წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა პოზიცია. თუმცა მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც ორგანიზაციისთვის წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. წამყვანის მიერ აქცენტირებულია ვერსია, რომ „ახალგაზრდებს, რომლებიც ამ კლუბში მიდიან, პირდაპირ ეუბნებიან, რის სანაცვლოდ ჩართავენ პოლიტიკაში და რის სანაცვლოდ მიიღებენ განათლებას უფასოდ", აქვთ „რადიკალების მოსამზადებელი ბაზა”; ჟურნალისტი ამბობს, რომ „ფრანკლინის კლუბის" საშუალებით ცდილობენ „ახალი ქართველების გამოძერწვას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას".

​განმცხადებელმა წარმოადგინა „ფრანკლინის კლუბის" წარმომადგენელთან „იმედის კვირის" ჟურნალისტის სრული ინტერვიუ, სადაც არ ჩანს, რომ ჟურნალისტი ეცადა ინფორმაციის გადამოწმებას და აღნიშნულ ბრალდებებზე საპასუხო პოზიციის მიღებას. საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში” გასულ სიუჟეტში კი ჟურნალისტს მეორე მხარე წარმოდგენილი საერთოდ არ ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ კლუბის ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარამდეა, მაგრამ არ ჩანს, რა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალებს აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. მეორე სიუჟეტში კი ბალანსი დაცული საერთოდ არ არის.

ჟურნალისტს უფლება აქვს დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია და რელევანტურ წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში არ ჩანს, რომ ჟურნალისტებმა დაიცვეს ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულებები.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ირაკლი ჩიხლაძემ, სანდრო გამსახურდიამ და მანანა გაბელიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

განცხადება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.