გადაწყვეტილება საქმეზე - ამხანაგობა "ბაგები 502“ და „ბაგები 504“ თაკო ნოზაძის წინააღმდეგ
17.01.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ამხანაგობა "ბაგები 502” და “ბაგები 504“;
მოპასუხე : თაკო ნოზაძე;

11 იანვარი,  2021 წელი

საქმე N – 521

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მაია წიკლაური, სოფიო ჟღენტი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ამხანაგობა "ბაგები 502“ და „ბაგები 504“ [შემდგომ „ამხანაგობა“], რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 9 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის გადაცემაში გასულ სიუჟეტში და სტუდიაში მოწვეულ სტუმართან საუბრისას დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა ჟურნალისტი თაკო ნოზაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა ჟურნალისტი თაკო ნოზაძე. განმცხადებლის წარმომადგენელი განხილვას არ დასწრებია, მაგრამ დამატებით წარმოადგინა მისი პოზიცია წერილობითი სახით.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო გადაცემა ეხებოდა შარტავას და ყიფშიძის ქუჩებზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. „ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობას დიდი ხანია აპროტესტებს, თუმცა მათი არავის ესმის“, აღნიშნავს წამყვანი. შემდეგ ჟურნალისტი თაკო ნოზაძე უთითებს, რომ ყიფშიძის ქუჩაზე უნდა აშენებულიყო ერთი ათსართულიანი კორპუსი, ხოლო ახალი ნებართვის საფუძველზე შენდება 3 კორპუსი 25-, 19- და 16-სართულიანი. სტუდიაში მყოფი ჟურნალისტები აგრძელებენ საუბარს და ავითარებენ აზრს, რომ მსგავსი ტიპის ნებართვას ყველა კომპანია ვერ მიიღებს და მიანიშნებენ სავარაუდო კორუფციულ ინტერესზე - „აქვთ რაღაც კავშირები ხელისუფლებასთან“,  რომ „შერჩევით“ ხდება ნებართვების გაცემა - „კონკრეტულ კომპანიებს ყველაფრის ნებართვას აძლევენ“. ამას მოჰყვება სიუჟეტი, რომელშიც ჟურნალისტი საუბრობს ყიფშიძის ქუჩაზე განსახორციელებელ პროექტზე და აღნიშნავს, რომ თბილისის მერიამ ისე გასცა ნებართვა, რომ არ შეუსწავლია მისი გავლენა მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე, საჯარო სივრცეებსა და სატრანსპორტო გზებზე. სიუჟეტში ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლები გამოთქვამენ უკმაყოფილებას და აპროტესტებენ მშენებლობას, აცხადებენ, რომ ხდება მათი ინტერესების უგულებელყოფა, რომ ასეთი ტიპის  მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. შემდეგ საუბარი გრძელდება მოწვეულ სტუმართან, კერძოდ ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებთა ინტერესების დამცველთან, თათული ჭუბაბრიასთან, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვა ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების გაუთვალისწინებლად გაიცა.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რადგან ჟურნალისტმა  არ უზრუნველყო ბალანსი, სიუჟეტი მოამზადა ძირითადად ერთი და იმავე ინტერესების მქონე წყაროებზე დაყრდნობით  და არ გადაამოწმა ინფორმაცია ყველა მხარესთან.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა შესაბამისი მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.

სადავო გადაცემაში ძირითადი პრეტენზიები მიემართებოდა თბილისის მერიას, მეორეს მხრივ კი არ იყო მოცემული მერიის პოზიცია. ამასთან, ჟურნალისტმა წარმოადგინა თავისი მიმოწერა ქართლოს თეთრაულთან [ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელთან], როგორც მის მიერ გადამოწმების მცდელობა. მტკიცებულების თანახმად, მასსა და ქართლოს თეთრაულს შორის მიმოწერა ხდება 7 – 8 სექტემბერს [სიუჟეტი გავიდა 9 სექტემბრის დილით]. მიმოწერაში ქართლოს თეთრაული შეჰპირდა ჟურნალისტს, რომ გაარკვევდა საკითხზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო 8 სექტემბრის 20:57-ზე წერს ჟურნალისტს, რომ შარტავას და ყიფშიძის ქუჩების პროექტთან დაკავშირებით ის უნდა დაუკავშირდეს ვინმე მანანას და აზუსტებს, აქვს თუ არა ჟურნალისტს მანანას ტელეფონის ნომერი. მხოლოდ მეორე დღეს, 9 სექტემბერს, ჟურნალისტი პასუხობს, რომ დიახ, მას აქვს მანანას საკონტაქტო მონაცემები. საბჭო დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მცდელობა ჟურნალისტს, რომ დაკავშირებოდა მითითებულ პირს - მანანას. თაკო ნოზაძემ საბჭოსთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მხოლოდ 8 სექტემბერს, გვიან სცადა მანანასთან დაკავშირება, მაგრამ ადრესატმა არ უპასუხა, ხოლო შემდეგ დაკავშირება არ უცდია. საბჭო ვერ შეაფასებს, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე იხმარა ინფორმაციის გადასამოწმებლად. საქმეში მარიამ გელაშვილი სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ (2018 წელი) საბჭომ იმსჯელა იმაზე, თუ როდის არის ვალდებული ჟურნალისტი, დაელოდოს მეორე მხარის პოზიციას და დაადგინა, რომ „გაშუქებული საკითხი არ იყო სასწრაფოდ გასავრცელებელი, როცა მისი დროული გაშუქება საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებული იყო დალოდებოდა მერიის პოზიციას, ან უფრო მეტი ძალისხმევა გამოეჩინა მეორე მხარის მოძიება-მოკვლევისათვის და საზოგადოებისათვის დაბალანსებული/გადამოწმებული, ორივე მხარის პოზიციის შემცველი ინფორმაცია მიეწოდებინა“. „პატივი სცეს სიმართლეს“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რაც კი შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც ჟურნალისტებმა, ისე სიუჟეტში რესპონდენტებმა, რამდენჯერმე მიუთითეს, რომ, შესაძლოა, ნებართვების გაცემის მომენტში ადგილი ჰქონოდა კორუფციულ გარიგებას, რომ მშენებელმა კომპანიამ ეს ნებართვები არაფორმალური  კავშირების საფუძველზე მიიღო. მეორეს მხრივ, საერთოდ არ ჩანს იმ პირდაპირ ან არაპირდაპირ გარემოებებზე მითითება, თუ რა აძლევდა ამის თქმის საშუალებას ჟურნალისტს, მოძიებული ჰქონდა თუ არა, ვინ იდგა კომპანიების უკან და ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი თბილისის მერიის მაღალჩინოსნებთან, დაირღვა თუ არა კანონი ნებართვის გაცემისას. ასეთ დროს, ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ფაქტების გავრცელებისაგან, რომლის მყარი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.

ცალკე საკითხია, უნდა წარმოედგინა თუ არა  ჟურნალისტს ამხანაგობა "ბაგები 502“ და „ბაგები 504“, როგორც მხარე და მოეპოვებინა მათი კომენტარი/პოზიცია. ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ მან იცოდა ამ ამხანაგობის შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ისინი მხარედ არ მიიჩნია, რადგან პრეტენზიები მიმართული იყო მერიის მიმართ და სიუჟეტის მიზანი იყო აქცენტი „უკონტროლო განაშენიანებაზე“. საბჭო არც ამ ნაწილში იზიარებს მოპასუხის პოზიციას.

თავად სადავო გადაცემაში ძირითად აქცენტირებულია, რომ მცხოვრებლების ინტერესები ზიანდება და ეს ინტერესები შეპირისპირებულია მხოლოდ ბიზნესის [ინვესტორის] ინტერესებთან,  რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან კორპუსის აშენება ასევე სხვა ფიზიკური პირების [არა ბიზნესსუბიექტების] ინტერესშიც შედიოდა, კერძოდ: 1982 წელს ქ. თბილისის საქალაქო აღმასკომის მიერ ოფიციალურად დამტკიცდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბაგები 502“, მოგვიანებით - იბა „ბაგები 504“ და მათ საკუთრებას წარმოადგენს ყიფშიძის ქ. #1-ში არსებული 10 998.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, „ბინის მიღებას წლებია ელოდება 200-მდე ოჯახი (1000-მდე ადამიანი), რომლებიც სახელმწიფოს მიერ აღიარებული არიან დაზარალებულად. ამხანაგობის ყველა წევრს შესატანი თანხა გადახდილი აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, რაც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.“ ასევე განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წარსულში, სხვადასხვა პრობლემის გამო მშენებლობა ვერ განხორციელდა, და ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ მერიას გაეცა ნებართვა მშენებლობის გაზრდილი კოეფიციენტით და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდებოდა მათი ბინებით დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, საბჭო ვერ უარყოფს ან ვერ დაამტკიცებს, რომ კოეფიციენტის გაზრდა [უფრო მაღალი შენობების აშენება] ერთადერთი გამოსავალი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობის სხვა ჯგუფსაც ჰქონდა ინტერესი/განსხვავებული პოზიცია მშენებლობის მიმართ და საჭირო იყო მათი ხმის მიტანაც აუდიტორიამდე, რათა უკვე შემდეგ მაყურებელს შეეფასებინა შექმნილი სიტუაცია. საკუთრივ განცხადებიდანაც ნათელია, რომ ამხანაგობის პოზიცია მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ისინი მზად იყვნენ განემარტათ: როგორ შეირჩა მშენებელი კომპანია, მართლაც არალოგიკურად მოხდა სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა თუ არა ა.შ.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თაკო ნოზაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.