საქმე - მალხაზ რაშოიანი ნოდარ მელაძის წინააღმდეგ
12.11.2021

დარღვეული პრინციპები : გადაწყვეტილება ვერ მიიღო;
განმცხადებელი : მალხაზ რაშოიანი;
მოპასუხე : ნოდარ მელაძე;

23 სექტემბერი 2021 წელი

საქმე N – 493

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე, სოფიო ჟღენტი.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მალხაზ რაშოიანმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2021 წლის 19 მაისს, TV „პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-11 პრინციპი, მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა - ნოდარ მელაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე სხდომას არ ესწრებოდა და არც შეპასუხება წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


სიუჟეტი ეხებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლის დაკავების ფაქტს. ჟურნალისტური პროდუქტის თანახმად, აღსრულების პროცესის გადავადების სანაცვლოდ, აღსრულების ბიუროს თანამშრომელმა, მერაბ ხურციძემ, მოქალაქისაგან ქრთამი აიღო.

განმცხადებლის პრეტენზიები შეეხებოდა სიუჟეტის იმ ნაწილს, სადაც მალხაზ რაშოიანი ფიგურირებს, კერძოდ მოყვანილია ტექსტი ბრალის დადგენილებიდან: „მერაბ ხურციძე აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში კვლავ შეხვდა მალხაზ რაშოიანს, რა დროსაც ხურციძემ საკუთარი სამსახურეობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გამოსახლების ექვსი თვით გაჭიანურების სანაცვლოდ, 3 000 დოლარი მოითხოვა“, რასაც მოსდევს ჟურნალისტის ტექსტი - „მალხაზ რაშოიანი, ვინც იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანს გამოსახლების შესაჩერებლად ქრთამის აღებაში ეხმარებოდა, პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორი და მფლობელია“  „[...] რაშოიანი ახლა იმალება და კომენტარს არ აკეთებს“, შემდეგ -  ჟურნალისტის სატელეფონო საუბარი მალხაზ რაშოიანთან, სადაც ის აცხადებს, რომ საუბარი ერთ საათში შეეძლება, პასუხის შემდეგ ჟურნალისტი კვლავ აგრძელებს კითხვების დასმას და მალხაზ რაშოიანი ტელეფონს თიშავს.

განმცხადებელი მალხაზ რაშოიანი სხდომაზე უთითებდა, რომ:

  1. არასწორი იყო ჟურნალისტის ფრაზა „მალხაზ რაშოიანი, ვინც იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანს გამოსახლების შესაჩერებლად ქრთამის აღებაში ეხმარებოდა“. იგი არა თუ ეხმარებოდა, პირიქით, მისი მეშვეობით მოხდა სავარაუდო დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა და პირის დაკავება.
  2. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი, რომ ის იმალება, ვინაიდან ცალსახაა, რომ მან ჟურნალისტს უპასუხა, უბრალოდ იმ მომენტში არ ეცალა, ხოლო შემდეგ ჟურნალისტი არ შეხმიანებია.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, გადაწყვეტილებას „დაირღვა“ ან „არ დაირღვა“ მხარი უნდა დაუჭიროს საქმის განხილვაში მონაწილე საბჭოს მინიმუმ 5-მა წევრმა. განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს წევრთა ხმები გაიყო, „დარღვევას“ ან “არ დარღვევას” 5-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად,  წესის 4.7 პუნქტის თანხმად, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5-მა წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და ქვეყნდება სხდომის ოქმი, სადაც მიეთითება როგორც დარღვევის დადგენის მომხრე, ისე მოწინაღმდეგე საბჭოს წევრთა არგუმენტები“.

საბჭოს წევრებმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს დარღვევას აღნიშნეს, რომ ჟურნალისტს ხელთ ჰქონდა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო, რომ ქრთამის გადაცემის პროცესში მონაწილეობდა მალხაზ რაშოიანიც, ხოლო ინფორმაციის გადასამოწმებლად დაურეკეს თავად მას. რაშოიანმა ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა. მეორე მხრივ, ქრთამის გადაცემაც დანაშაულია, იმ წყაროში კი, რომელსაც ჟურნალისტი დაეყრდნო, მითითებული იყო, რომ ქრთამი სწორად მან გადასცა. რაც შეეხება ფრაზას „რაშოიანი ახლა იმალება და კომენტარს არ აკეთებს“, მიჩნეული იქნა, რომ ეს მიემართება ზუსტად იმ ფაქტს, რომ მალხაზ რაშოიანმა ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა და ტელეფონი გაუთიშა.

საბჭოს წევრთა ნაწილმა კი განმარტა, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ჟურნალისტისთვის ზუსტად არ იყო ცნობილი, თუ რა როლი ჰქონდა მალხაზ რაშოიანს ამ საქმეში, მას მტკიცებით ფორმაში არ უნდა ეთქვა, რომ რაშოიანი დაკავებულ პირის ქრთამის აღებაში ეხმარებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რაშოიანი დანაშაულის თანამონაწილე იყო და ეს წარმოადგენდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას. აქვე აღსანიშნავია, დაკავებულის ადვოკატის კომენტარი [რომელიც მოცემულია სიუჟეტში], სადაც ის აღნიშნავს, რომ მალხაზ რაშოიანი აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით, შესაბამისად, ჟურნალისტს უნდა გაჩენოდა ლოგიკური ეჭვი, რომ ეს პირი არა თანამონაწილე, არამედ სავარაუდო დანაშაულის გამომააშკარავებელი იყო. საბჭომ წევრებს აღნიშნული მოსაზრება ასევე გაუმყარდა იმ გარემოებით, რომ მალხაზ რაშოიანმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ის იყო იმ პირის ადვოკატი [წარმომადგენელი], რომელსაც დაკავებულმა პირმა ქრთამი მოსთხოვა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ფრაზაზე „რაშოიანი ახლა იმალება და კომენტარს არ აკეთებს“. ის ფაქტი, რომ იმ მომენტში მალხაზ რაშოიანს არ ეცალა, არ შეიძლება შეფასდეს როგორც „დამალვა“, ჟურნალისტს მან აცნობა რომ არ ეცალა, შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებული იყო ყველა ღონე ეხმარა, რომ მოგვიანებით დაკავშირებოდა და უზრუნველეყო, რომ საზოგადოებას მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია.

სხვა სადავო პრინციპების [მე-3, მე-4, მე-5 და მე-11] დარღვევაზე მსჯელობის წინაპირობაა პირველი პრინციპის დარღევის დადგენა. ვინაიდან პირველი პრინციპის დარღვევაზე საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, შესაბამისად ვერ მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ პრინციპებზე.

სადავო მასალა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.