28 ნოემბერს ქარტიის საბჭო 6 საქმეს განიხილავს
25.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 28 ნოემბერს 6 საქმეს ონლაინ განიხილავს:

1.12:00 საათზე - გიორგი ნიორაძე commersant.ge-ს წინააღმდეგ

განცხადების თანახმად, ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოთქმული ბრალდებები კომპანიის არაკომპეტენტურობაზე, ხარჯების განკარგავასა თუ საქმიანობაზე უსაფუძვლოა და არანაირ მტკიცებულებებს არ ემყარება. მხარე თვლის, რომ დარღვეულია, ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

2.13:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია - ეკო მაღრაძის და ნინო ელიკაშვილის წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცესკო შეძენილი მანქანების ოდენობითა და დახარჯული საწვავის ლიმიტის გადაჭარბებაში ლიდერია, IDFI-ის კვლევაში არ არის მოხსენიებული და ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. მხარე თვლის, რომ დარღვეულია, ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (წყაროს დადასტურება) პრინციპები.

3.14:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია - მიხეილ სესიაშვილის და თათია წოწონავას წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, ეთერში გასული მასალა შეიცავს ბრალდებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიკერძოებულობაზე, მისივე განმარტებით, ერთ-ერთი კომისიის წევრი შეცდომით ჰყავთ დასახელებული, სიუჟეტში ნაჩვენები ფოტო კი მანიპულაციურია და არასწორ წარმოდგენას ქმნის მაყურებელში. განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ინფორმაციის სიზუსტისა (პირველი) და წყაროს დადასტურების (მესამე) პრინციპები.

4.15:00 საათზე - ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება TV პირველის წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული არაერთი დეტალი სიმართლეს არ შეესაბამება. სიუჟეტში არასწორად იყო გამოყენებული ტერმინი, სოციალური აგენტი, სოციალური მუშაკის ნაცვლად, ნეგატიურად იყო წარმოჩენილი მისი როლი, რაც ახდენდა ამ პროფესიის ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვას და დისკრედიტაციას. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.

5.16:00 საათზე - ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გიორგი გაბუნიას და ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს სოციალური მუშაკები უშვილო ოჯახებთან არიან გარიგებული და არსებობს ე.წ. ბავშვების გაყიდვის სქემა სიმართლეს არ შეესაბამება. სოციალური მუშაკის როლის ისე წარმოჩენით კი, თითქოს “ბავშვების ჩამორთმევაა” მათი მოვალეობა, ხდება ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების დისკრედიტაცია. Მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

6.17:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინა” გიორგი ახალკაცის წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს და გაჟღერებულია გარე პირების კომენტარები, რომელთაც არ შეუძლიათ ინფორმაციის უტყუარობის დადასტურება. განმცხადებელი თვლის, რომ სიუჟეტის შინაარსი ისეა წარმოდგენილი, რომ ქალი პირდაპირ დადანაშაულებულია შვილის მკვლელობაში და არ ითვალისწინებენ მის მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს. სიტუაციის მსგავსი ფორმით გადმოცემა, ქალს კიდე უფრო მოწყვლადს ხდის. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე( შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა zoom-ის მეშვეობით.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.