ქარტიის საბჭო 12 ივლისს 5 საქმეს განიხილავს
09.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 12 ივლისს შემდეგ საქმეებს განიხილავს:

1. 12:000 საათი - ნორა მუხაშავრია ნატო გოგელიას წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი ოზურგეთის მერიის მიერ ფსიქიატრიულ კაბინეტთან დადებულ ხელშეკრულებას ეხება.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ოზურგეთში არსებული ფსიქოლოგიური კაბინეტის არარსებობის შესახებ. შეიჭრა მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, უნებართვოდ ჩაწერა სიუჟეტი, გაასაჯაროვა და პატივი არ სცა სხვების ინტერესებს.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო); მეოთხე (ინფორმაციის კეთილსინდისიერად მოპოვება), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

2. 13:00 საათი - მაია გელაშვილი და ნუცა მაზანაშვილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ

განმცხადებლის პოზიციით, 2020 წლის 26 მაისს, გიორგი გაბუნიას მიერ მონოლოგისას წარმოთქმული ფრაზა „თუ იცი, რომ გაუპატიურება გარდაუვალია, მოდუნდი და ეცადე მიიღო სიამოვნება” მნიშვნელობას უკარგავს და აუბრალოებს გაუპატიურების თემას, ასევე ეპითეტები, როგორიცაა „ბერწი“, გამოთქმა „შობე დარეჯან, შობე“ და სხვა, არის შეურაცხმყოფელი და აღრმავებს საზოგადოებაში ქალების საზოგადოებრივი როლის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს.

სადავო პრინციპი: მეშვიდე (დისკრიმინაცია)

3. 14:00 საათი - ანა ებანოიძე ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ

სიუჟეტი ეხება 2020 წლის 16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობას. განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტი ეყრდნობა დაზარალებულის (გარდაცვლილის) ოჯახის ადვოკატისა და პროკურატურის მიერ მიწოდებულ ვიდეო მასალას, რომელიც სამართლებრივად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ვინაიდან საქმე ჯერ ისევ საგამოძიებო სტადიაზეა და ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მასალის გადამოწმება და დამტკიცება სასამართლოს მიერ.

სადავო პრინციპი: პირველი (სიზუსტე)

4. 15:00 საათი - ანა ებანოიძე და მარიამ გაბრიჩიძე იმედის წინააღმდეგ

სადავო გადაცემა “მობილიქსი”, სანდრო გიორგვლიანისმკვლელობას, მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების აღსრულებასა და ამ ფაქტის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ეხება.

მხარის განმარტებით, სიუჟეტში ზუსტად და ობიექტურად არ არის აღწერილი საქმის დეტალები და ინფორმაცია მოდელირებულია, არის პროპაგანდისტული და ხელს უწყობს საქმეში მოქმედი პირების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას.

სადავო პრინციპი: პირველი (სიზუსტე)

5. 16:00 საათი - კობა კუპრაშვილი მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი covid-19-თან დაკავშირებით გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევასა და ვირუსით გარდაცვალების პროცენტულ ოდენობას ეხება.

განმცხადებლის განმარტებით, ვიდეო მიმართვიდან, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა და ამ კვლევის შედეგს ეხებოდა, მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენეს და დაამახინჯეს, ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა კი არ ჰქონია.

სადავო პრინციპები: პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის კეთილსინდისიერად მოპოვება), მეხუთე (შესწორება), მეთერთმეტე (ფაქტის ანზრახ დამახინჯება).

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.