03.02.2019

გადაწყვეტილება
21 დეკემბერი 2018 წელი

საქმე N 236 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ირაკლი ჩიხლაძის და ვარლამ წიკლაურის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, მაია მამულაშვილი, გელა მთივლიშვილი

განმცხადებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

მოპასუხე: ირაკლი ჩიხლაძე და ვარლამ წიკლაური

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 2018 წლის 21 ოქტომბერს, გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში „კაბინეტიდან გაქცეული ოზურგეთის არჩეული მერი - კონსტანტინე შარაშენიძე თანამშრომლებს "იმედის კვირისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო დევნის“, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ სიუჟეტის წარმდგენი ირაკლი ჩიხლაძე და სიუჟეტის ავტორი ვარლამ წიკლაური.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტებიდან ვარლამ წიკლაურმა საბჭოს წევრების კითხვებს ტელეფონით უპასუხა. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა ირაკლი ჩიხლაძის მიმართა მოხსნა მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი, ხოლო ვარლამ წიკლაურის მიმართ - მე-7 და მე-10 პრინციპი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

ირაკლი ჩიხლაძის მიმართ

ირაკლი ჩიხლაძემ სიუჟეტი წარადგინა შემდეგი ტექსტით: „ოზურგეთის მერიაში რომ კორუფცია და ნეპოტიზმი ყვავის ამის შესახებ ორი კვირის წინ მოგიყევით“ იგულისხმება 07 ოქტომბერს მომზადებული სიუჟეტი. კორუფცია და ნეპოტიზმი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათი არსებობის ფაქტი მხოლოდ სასამართლო წესით შეიძლება დამტკიცდეს, ჟურნალისტს შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს კორუფციის და ნეპოტიზმის შესახებ, გააშუქოს ამბები და მოვლენები რომლებიც შეიძლება შეიცავდეს აღნიშნული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ ირაკლი ჩიხლაძეს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები [პირველ რიგში შესაბამისი წესით დადასტურებული კორუფციის/ნეპოტიზმის ფაქტი], რომ მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა ოზურგეთის მერიაში არსებული კორუფციის და ნეპოტიზმის შესახებ. შესაბამისად, დაუდასტურებელი ინფორმაციის ფაქტის სახით გავრცელება იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ვარლამ წიკლაურის მიმართ

სიუჟეტი იწყება ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელიც ჩაწერილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 09 ოქტომბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები განიხილავდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დისციპლინური წარმოების დროებითი დამოუკიდებელი კომისიის შექმნის საკითხს, რომელსაც უნდა შეესწავლა/შეეფასებინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის, კობა ხაბალაშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემული ინტერვიუ.

ფარულ ჩანაწერს მოსდევს ჟურნალისტის შემდეგი ტექსტი „ეს 13 ოქტომბრის საგანგებო თათბირის აუდიო ჩანაწერია, თათბირზე კონსტანტინე შარაშენიძე განიხილავს როგორ დასაჯოს მერიის შიდა აუდიტისა სამსახურის უფროსი კობა ხაბალაშვილი“.

საბჭოს მიერ დადგენილია, რომ შეხვედრა, რომელზე საუბრობს ჟურნალისტი გაიმართა არა 13, არამედ 09 ოქტომბერს. ასევე საბჭო დაინტერესდა, რის საფუძველზე განაცხადა ჟურნალისტმა, რომ „თათბირს“ [შეხვედრას] ესწრებოდა კონსტანტინე შარაშენიძე, მაშინ როცა [1] ფარული ჩანაწერის სრულ ვერსიაში არ ისმის კონსტანტინე შარაშენიძის ხმა და არც რამე მინიშნებას შეიცავს ჩანაწერი კონსტანტინე შარაშენიძის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ [2] ოქმში, რომელიც აღწერს 09 ოქტომბრის შეხვედრას, მონაწილეთა შორის მოხსენებული არ არის კონსტანტინე შარაშენიძე, [3] საბჭო ასევე დაუკავშირდა ნატო გოგელიას, gurianews.com - ის ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა ფარული აუდიო ჩანაწერი და ამ თემაზე მოამზადა სტატია, როგორც ნატო გოგელიამ განაცხადა, არც ის ფლობდა ინფორმაციას თათბირში კონსტანტინე შარაშენიძის მონაწილეობის შესახებ.

აღნიშნულის საპასუხოდ ვარლამ წიკლაურმა განაცხადა, რომ მას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრას ესწრებოდა კონსტანტინე შარაშენიძე.

საბჭო აღნიშნავს, რომ ქარტიის პირველ პრინციპს არ შეესაბამება ერთი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული, გადაუმოწმებელი ინფორმაციის დადასტურებულ ფაქტად გავრცელება, მით უფრო მაშინ, როცა სხვა გარემოებები [აუდიო ჩანაწერი, პირველწყარო სტატია და ა.შ.] წყაროს ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებენ. შესაბამისად, ვარლამ წიკლაურის მიერ კონსტანტინე შარაშენიძის, როგორც 09 ოქტომბრის შეხვედრის მონაწილედ მოხსენიებამ გამოიწვია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

პირველი პრინციპის ჭრილში განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა სიუჟეტის ეპიზოდს, სადაც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „მისი გამარჯვება [იგულისხმება კონსტანტინე შარაშენიძის გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში] „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო ალიანსს რეგიონალურმა მედიამ არჩევნების დღეებშივე დაუკავშირა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლების მისდამი კეთილგანწყობის დასტურად კადრებიც მოიპოვა, სადაც კონსტანტინე შარაშენიძეს არჩევნებში გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ბესიკ ქათამაძე და გუნდის სხვა წევრები ულოცავენ“. აღნიშნულ ტექსტის ფონად სიუჟეტში ნაჩვენებია ვიდეო კადრები, სადაც ოჯახურ გარემოში ქეიფია ასახული, სუფრასთან ჩანან როგორც კონსტანტინე შარაშენიძე, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. განმცხადებლის პოზიციით, კადრები გადაღებულია საერთო მეგობრის ოჯახში და არავითარი კავშირი არა აქვს არჩევნებში გამარჯვების მილოცვასთან.

საბჭომ მოიკვლია, რომ სიუჟეტში გამოყენებული კადრები სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში გავრცელებულია მომხმარებელ მურადი ჩხაიძის [Muradi Chkhaidze] მიერ და დასათაურებულია შემდეგი ფრაზით „ჩვენი გუნდი გილოცავთ გამარჯვებას!!!“. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო სარწმუნოდ ვერ ჩათვლის განმცხადებლის პოზიციას, რომ ვიდეო კადრები მხოლოდ საოჯახო სუფრას ასახავდა და არავითარი კავშირი არ ჰქონდა არჩევნებთან. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საბჭოს ეს შეფასება არ უნდა იქნას აღქმული როგორც დადასტურება ან უარყოფა იმისა თუ ვისთან შეიძლება ჰქონდა ალიანსი კონსტანტინე შარაშენიძეს წინასაარჩევნო პერიოდში. არამედ საბჭომ ამ გარემოების გამო არასარწმუნოდ ჩათვალა განმცხადებლის პოზიცია ვიდეო კადრებთან დაკავშირებით და ამ ნაწილში პირველი პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“ . მესამე პრინციპის ჭრილში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტის ავტორმა ეთერში არ გაუშვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ა. ბერიძის ინტერვიუ, ხოლო ალექსანდრე სურგულაძის ინტერვიუ გაუშვა ნაწილობრივ, რითაც მოხდა ფაქტების მიჩქმალვა. მოპასუხე ვარლამ წიკლაურმა უარყო, რომ მან ინტერვიუ ჩაწერა ა. ბერიძესთან. ქარტიის საბჭოსათვის არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ა. ბერიძესთან ინტერვიუ მართლაც ჩაიწერა, შესაბამისად ამ ნაწილში მე-3 პრინციპი [მიჩქმალვა] არ დასტურდება.

რაც შეეხება სურგულაძის ეპიზოდს, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სურგულაძემ უფრო დეტალური ინფორმაცია მისცა ჟურნალისტს კომისიის საჭიროებასთან დაკავშირებით, რაც ვერ მოხვდა ეთერში. ქარტიის საბჭომ შეაფასა აღნიშნული საკითხი და მიიჩნევს, რომ კომისიასთან დაკავშირებით მაყურებელმა სრული ინფორმაცია მიიღო, როდის და რატომ შეიქმნა, რა იყო მიზანი. შესაბამისად, ქარტიის საბჭო არც სურგულაძის ეპიზოდში თვლის მე-3 პრინციპს დარღვეულად.

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. განმცხადებელი აღნიშნავდა რომ ჟურნალისტმა ფარული აუდიო ჩანაწერი არაკეთილსინდისიერი მეთოდით მოიპოვა. ფარული აუდიო ჩანაწერი თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე gurianews.com და შესაბამისად ჟურნალისტს ის არაკეთილსინდისიერად არ მოუპოვებია, არამედ აიღო საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან. რაც შეეხება თავად ამ აუდიო მასალის გამოქვეყნებას, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მის მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი, მით უმეტეს მასში საუბარია საჯარო მოხელისათვის „ჭკუის სწავლებაზე“, „სანიმუშოდ პასუხის გებაზე“ ინტერვიუს მიცემის გამო.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“ ქარტიის საბჭოს მიერ დადგინდა, რომ ვარლამ წიკლაურმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, მას ქარტიის საბჭოს სამდივნოს მეშვეობით გაეგზავნა განმცხადებლის პრეტენზია, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა ამის შესახებ. მიუხედავად ამისა არ მოხდა შესწორება და ამით დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. საბჭო მიიჩნევს რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ჟურნალისტის მიერ ფაქტების გადაუმოწმებლობამ და არა მისმა განზრახვამ, რომ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინა, შესაბამისად არ დადგინდა მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

2. ვარლამ წიკლაურმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

3. ვარლამ წიკლაურს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპი.