03.02.2019

გადაწყვეტილება
21 დეკემბერი 2018 წელი

საქმე N 236 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ირაკლი ჩიხლაძის და ვარლამ წიკლაურის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, მაია მამულაშვილი, გელა მთივლიშვილი

განმცხადებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

მოპასუხე: ირაკლი ჩიხლაძე და ვარლამ წიკლაური

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 2018 წლის 21 ოქტომბერს, გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში „კაბინეტიდან გაქცეული ოზურგეთის არჩეული მერი - კონსტანტინე შარაშენიძე თანამშრომლებს "იმედის კვირისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო დევნის“, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ სიუჟეტის წარმდგენი ირაკლი ჩიხლაძე და სიუჟეტის ავტორი ვარლამ წიკლაური.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტებიდან ვარლამ წიკლაურმა საბჭოს წევრების კითხვებს ტელეფონით უპასუხა. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა ირაკლი ჩიხლაძის მიმართა მოხსნა მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი, ხოლო ვარლამ წიკლაურის მიმართ - მე-7 და მე-10 პრინციპი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

ირაკლი ჩიხლაძის მიმართ

ირაკლი ჩიხლაძემ სიუჟეტი წარადგინა შემდეგი ტექსტით: „ოზურგეთის მერიაში რომ კორუფცია და ნეპოტიზმი ყვავის ამის შესახებ ორი კვირის წინ მოგიყევით“ იგულისხმება 07 ოქტომბერს მომზადებული სიუჟეტი. კორუფცია და ნეპოტიზმი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათი არსებობის ფაქტი მხოლოდ სასამართლო წესით შეიძლება დამტკიცდეს, ჟურნალისტს შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს კორუფციის და ნეპოტიზმის შესახებ, გააშუქოს ამბები და მოვლენები რომლებიც შეიძლება შეიცავდეს აღნიშნული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ ირაკლი ჩიხლაძეს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები [პირველ რიგში შესაბამისი წესით დადასტურებული კორუფციის/ნეპოტიზმის ფაქტი], რომ მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა ოზურგეთის მერიაში არსებული კორუფციის და ნეპოტიზმის შესახებ. შესაბამისად, დაუდასტურებელი ინფორმაციის ფაქტის სახით გავრცელება იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ვარლამ წიკლაურის მიმართ

სიუჟეტი იწყება ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელიც ჩაწერილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 09 ოქტომბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები განიხილავდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დისციპლინური წარმოების დროებითი დამოუკიდებელი კომისიის შექმნის საკითხს, რომელსაც უნდა შეესწავლა/შეეფასებინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის, კობა ხაბალაშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემული ინტერვიუ.

ფარულ ჩანაწერს მოსდევს ჟურნალისტის შემდეგი ტექსტი „ეს 13 ოქტომბრის საგანგებო თათბირის აუდიო ჩანაწერია, თათბირზე კონსტანტინე შარაშენიძე განიხილავს როგორ დასაჯოს მერიის შიდა აუდიტისა სამსახურის უფროსი კობა ხაბალაშვილი“.

საბჭოს მიერ დადგენილია, რომ შეხვედრა, რომელზე საუბრობს ჟურნალისტი გაიმართა არა 13, არამედ 09 ოქტომბერს. ასევე საბჭო დაინტერესდა, რის საფუძველზე განაცხადა ჟურნალისტმა, რომ „თათბირს“ [შეხვედრას] ესწრებოდა კონსტანტინე შარაშენიძე, მაშინ როცა [1] ფარული ჩანაწერის სრულ ვერსიაში არ ისმის კონსტანტინე შარაშენიძის ხმა და არც რამე მინიშნებას შეიცავს ჩანაწერი კონსტანტინე შარაშენიძის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ [2] ოქმში, რომელიც აღწერს 09 ოქტომბრის შეხვედრას, მონაწილეთა შორის მოხსენებული არ არის კონსტანტინე შარაშენიძე, [3] საბჭო ასევე დაუკავშირდა ნატო გოგელიას, gurianews.com - ის ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა ფარული აუდიო ჩანაწერი და ამ თემაზე მოამზადა სტატია, როგორც ნატო გოგელიამ განაცხადა, არც ის ფლობდა ინფორმაციას თათბირში კონსტანტინე შარაშენიძის მონაწილეობის შესახებ.

აღნიშნულის საპასუხოდ ვარლამ წიკლაურმა განაცხადა, რომ მას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრას ესწრებოდა კონსტანტინე შარაშენიძე.

საბჭო აღნიშნავს, რომ ქარტიის პირველ პრინციპს არ შეესაბამება ერთი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული, გადაუმოწმებელი ინფორმაციის დადასტურებულ ფაქტად გავრცელება, მით უფრო მაშინ, როცა სხვა გარემოებები [აუდიო ჩანაწერი, პირველწყარო სტატია და ა.შ.] წყაროს ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებენ. შესაბამისად, ვარლამ წიკლაურის მიერ კონსტანტინე შარაშენიძის, როგორც 09 ოქტომბრის შეხვედრის მონაწილედ მოხსენიებამ გამოიწვია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

პირველი პრინციპის ჭრილში განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა სიუჟეტის ეპიზოდს, სადაც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „მისი გამარჯვება [იგულისხმება კონსტანტინე შარაშენიძის გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში] „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო ალიანსს რეგიონალურმა მედიამ არჩევნების დღეებშივე დაუკავშირა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლების მისდამი კეთილგანწყობის დასტურად კადრებიც მოიპოვა, სადაც კონსტანტინე შარაშენიძეს არჩევნებში გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ბესიკ ქათამაძე და გუნდის სხვა წევრები ულოცავენ“. აღნიშნულ ტექსტის ფონად სიუჟეტში ნაჩვენებია ვიდეო კადრები, სადაც ოჯახურ გარემოში ქეიფია ასახული, სუფრასთან ჩანან როგორც კონსტანტინე შარაშენიძე, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. განმცხადებლის პოზიციით, კადრები გადაღებულია საერთო მეგობრის ოჯახში და არავითარი კავშირი არა აქვს არჩევნებში გამარჯვების მილოცვასთან.

საბჭომ მოიკვლია, რომ სიუჟეტში გამოყენებული კადრები სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში გავრცელებულია მომხმარებელ მურადი ჩხაიძის [Muradi Chkhaidze] მიერ და დასათაურებულია შემდეგი ფრაზით „ჩვენი გუნდი გილოცავთ გამარჯვებას!!!“. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო სარწმუნოდ ვერ ჩათვლის განმცხადებლის პოზიციას, რომ ვიდეო კადრები მხოლოდ საოჯახო სუფრას ასახავდა და არავითარი კავშირი არ ჰქონდა არჩევნებთან. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საბჭოს ეს შეფასება არ უნდა იქნას აღქმული როგორც დადასტურება ან უარყოფა იმისა თუ ვისთან შეიძლება ჰქონდა ალიანსი კონსტანტინე შარაშენიძეს წინასაარჩევნო პერიოდში. არამედ საბჭომ ამ გარემოების გამო არასარწმუნოდ ჩათვალა განმცხადებლის პოზიცია ვიდეო კადრებთან დაკავშირებით და ამ ნაწილში პირველი პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“ . მესამე პრინციპის ჭრილში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტის ავტორმა ეთერში არ გაუშვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ა. ბერიძის ინტერვიუ, ხოლო ალექსანდრე სურგულაძის ინტერვიუ გაუშვა ნაწილობრივ, რითაც მოხდა ფაქტების მიჩქმალვა. მოპასუხე ვარლამ წიკლაურმა უარყო, რომ მან ინტერვიუ ჩაწერა ა. ბერიძესთან. ქარტიის საბჭოსათვის არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ა. ბერიძესთან ინტერვიუ მართლაც ჩაიწერა, შესაბამისად ამ ნაწილში მე-3 პრინციპი [მიჩქმალვა] არ დასტურდება.

რაც შეეხება სურგულაძის ეპიზოდს, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სურგულაძემ უფრო დეტალური ინფორმაცია მისცა ჟურნალისტს კომისიის საჭიროებასთან დაკავშირებით, რაც ვერ მოხვდა ეთერში. ქარტიის საბჭომ შეაფასა აღნიშნული საკითხი და მიიჩნევს, რომ კომისიასთან დაკავშირებით მაყურებელმა სრული ინფორმაცია მიიღო, როდის და რატომ შეიქმნა, რა იყო მიზანი. შესაბამისად, ქარტიის საბჭო არც სურგულაძის ეპიზოდში თვლის მე-3 პრინციპს დარღვეულად.

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. განმცხადებელი აღნიშნავდა რომ ჟურნალისტმა ფარული აუდიო ჩანაწერი არაკეთილსინდისიერი მეთოდით მოიპოვა. ფარული აუდიო ჩანაწერი თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე gurianews.com და შესაბამისად ჟურნალისტს ის არაკეთილსინდისიერად არ მოუპოვებია, არამედ აიღო საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან. რაც შეეხება თავად ამ აუდიო მასალის გამოქვეყნებას, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მის მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი, მით უმეტეს მასში საუბარია საჯარო მოხელისათვის „ჭკუის სწავლებაზე“, „სანიმუშოდ პასუხის გებაზე“ ინტერვიუს მიცემის გამო.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“ ქარტიის საბჭოს მიერ დადგინდა, რომ ვარლამ წიკლაურმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, მას ქარტიის საბჭოს სამდივნოს მეშვეობით გაეგზავნა განმცხადებლის პრეტენზია, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა ამის შესახებ. მიუხედავად ამისა არ მოხდა შესწორება და ამით დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. საბჭო მიიჩნევს რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ჟურნალისტის მიერ ფაქტების გადაუმოწმებლობამ და არა მისმა განზრახვამ, რომ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინა, შესაბამისად არ დადგინდა მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

2. ვარლამ წიკლაურმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

3. ვარლამ წიკლაურს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპი.

30.12.2018

გადაწყვეტილება

14 დეკემბერი 2018 წელი

საქმე N 234

შპს „ამს ეარლაინზი” მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: შპს „ამს ეარლაინზ“

მოპასუხე: მიხეილ სესიაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „ამს ეარლაინზმა“, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“, 2018 წლის 30 სექტემბერს, გადაცემა P.S.-ში გასულ რეპორტაჟში სახელწოდებით - „კორუფციული გარიგება ქუმსიშვილი მონაწილეობით“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპი. სადავო სიუჟეტის ავტორი და მოპასუხე ჟურნალისტი - მიხეილ სესიაშვილი.

სხდომას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტის თანახმად „ქართული ავიაკომპანიები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში სულ რამდენიმე იძებნება, ერთ - ერთი მათგანი „ამს ეარლაინზია“, რომელსაც 5 სატრანსპორტო ავიახომალდი ჰყავს და ფრენებს ძირითადად ახლო აღმოსავლეთში ასრულებს. ეს ამბავი მხოლოდ საამაყო იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაური გარემოება - ავიაკომპანიას 25 სექტემბრის შემდეგ საოპერაციო ლიცენზია აღარ აქვს, თუმცა, რეისებს ის მაინც ასრულებს, პრაქტიკულად პარტიზანულად, რამდენად შესაძლებელია მნიშვნელოვანი დოკუმენტის გარეშე საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება და ემუქრება თუ არა რაიმე სანქცია კომპანიას ამ დარღვევისთვის ან ქვეყანას საერთოდ, ავიაციის სააგენტოს უფროსს ვკითხეთ“ „ამ კომპანიას [იგულისხმება შპს „ამს ეარლაინზ“] არა თუ საოპერაციო ლიცენზია, არამედ ფრენის სერტიფიკატიც აღარ აქვს პარასკევის [იგულისხმება 28 სექტემბერი] შემდეგ“

სიუჟეტში იმის დასადასტურებლად, რომ შპს „ამს ეარლაინზი“ კომერციულ ფრენებს თავისი სახელით ახორციელებდა, ჟურნალისტი მიხეილ სესიაშვილი ეყრდნობა ვებსაიტის www.flightradar24.com მონაცემებს.

ზემოაღნიშნული ინფორმაციით ჟურნალისტმა დადასტურებული ინფორმაციის სახით მიაწოდა აუდიტორიას ინფორმაცია, რომ შპს „ამს ეარლაინზი“ თავისი სახელით ასრულებდა ფრენებს ნებართვის გარეშე.

საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებები:

  1.  საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებზე გაიცემა ორი ტიპის ნებადამრთველი დოკუმენტი - „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა“ [Operating License ანუ OL] და „საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატი [Air operator certificate ანუ AOC]“. 
  2. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა [OL] კომპანიას კომერციული მიზნით და თავისი სახელით მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის უფლებას აძლევს.
  3. „საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატი“ [AOC] ადასტურებს ავიაკომპანიის შესაძლებლობას, რომ განახორციელოს საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია.
  4. შპს „ამს ეარლაინზს“ 2018 წლის 28 სექტემბრიდან ერთი წლის ვადით გაუგრძელდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატი [AOC], თუმცა არ აქვს აერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა [OL]. ანუ კომპანიის თვითმფრინავები შესაძლებელია გამოყენებული იქნას კომერციული მიზნით გადაყვანა - გადაზიდვაში, მაგრამ არა „ამს ეარლაინზის“ სახელით.
  5. სიუჟეტში ჩანს რომ ჟურნალისტი ვებგვერდზე www.flightradar24.com ამოწმებს 2018 წლის 29 სექტემბრის ინფორმაციას, სადაც შპს ამს ეარლაინზის ავია ხომალდის ფრენის ნომრად მითითებულია ES130, ფრენის მარშუტი დუბაი - ბაჰრეინი, ოპერატორ კომპანიად - შპს ამს ეარლაინზ. 
  6. ვებგვერდზე www.flightradar24.com არსებული ინფორმაციით, კერძოდ Terms of Service ის მე-12 მუხლის [No warranties] თანახმად, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას არ იღებს საიტის ადმინისტრაცია .
  7. განმცხადებელმა წარმოუდგინა საბჭოს მტკიცებულებები, რომ ავიახომალდი, რომელიც ფრენას ახორციელებდა 2018 წლის 29 სექტემბერს, შპს ამს ეარლაინზს სველი ლიზინგის უფლებით გადაცემული აქვს კომპანია DHL International BSC-ისთვის [იგივე DHL Express Bahrain], ანუ ფრენა ხორციელდებოდა შპს ამს ეარლაინზის ხომალდით და ეკიპაჟით, მაგრამ DHL International B.S.C - სახელით. ფაქტი, რომ შპს ამს ეარლაინზს ავიახომალდები ლიზინგით აქვს გაცემული, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც დაადასტურა 2018 წლის 09 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასწორი ინფორმაცია იყო:

  1. „ავიაკომპანიას 25 სექტემბრის შემდეგ საოპერაციო ლიცენზია აღარ აქვს, თუმცა რეისებს ის მაინც ასრულებს, პრაქტიკულად პარტიზანულად“ ავია კომპანიას მართალია საოპერაციო ლიცენზია არ ჰქონდა, მაგრამ ფრენა არა ამს ეარლაინზის, არამედ DHL International B.S.C - სახელით ხორციელდებოდა.
  2. „ამ კომპანიას [იგულისხმება შპს „ამს ეარლაინზი“] არა თუ საოპერაციო ლიცენზია, არამედ ფრენის სერტიფიკატიც [იგულისხმება 28 სექტემბერი] აღარ აქვს პარასკევის შემდეგ“ - შპს ამს ეარლაინზს 2018 წლის 28 სექტემბრიდან ერთი წლის ვადით გაუგრძელდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატი [AOC].

საბჭომ ასევე შეისწავლა ის გარემოება, თუ რამდენად სცადა ჟურნალისტმა მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება. სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტი უკავშირდება გურამ ჯალაღონიას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსს. მან ჟურნალისტს აუხსნა, რომ მართალია შპს ამს ეარლაინზს არ ჰქონოდა OL, მაგრამ მისი ავიახომალდით შეიძლება ფრენები განხორციელებულიყო სხვა კომპანიის სახელით „თუ სხვისი კოდით შეასრულებს ფრენებს, რა თქმა უნდა, OL მაშინ არ მოეთხოვება და ჩვეულებრივად იმით გააგრძელებს მუშაობას, სხვა კომპანიას თუ მისცემს დაუშვათ ლიზინგით, რა თქმა უნდა, შეუძლია. ის სხვა კომპანია ასრულებს და არა ეს“ მიუხედავად აღნიშნული გაფრთხილებისა, ჟურნალისტი ეყრდნობა მხოლოდ www.flightradar24.com მონაცემებს და მტკიცებით ფორმაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრენები შპს „ამს ეარლაინზის“ სახელით ხორციელდებოდა, რაც როგორც უკვე აღინიშნა, არასწორ ინფორმაციას წარმოადგენდა.

ჟურნალისტმა გურამ ჯალაღონიას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შპს ამს ეარლაინზს AOC [ე.წ. ფრენის სერთიფიკატი], ჯალაღონიამ დაუდასტურა, რომ ჰქონდა, ასევე დაამატა, რომ ორშაბათს დაკავშირებოდა ჟურნალისტი [სავარაუდოდ ჩანს რომ არასამუშაო დღეს შედგა საუბარი] და უფრო დეტალურ და დოკუმენტირებულ ინფორმაციას მიაწოდებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ჟურნალისტმა მაინც მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ „ამ კომპანიას [იგულისხმება შპს ამს ეარლაინზი] არა თუ საოპერაციო ლიცენზია, არამედ ფრენის სერტიფიკატიც აღარ აქვს პარასკევის [იგულისხმება 28 სექტემბერი] შემდეგ“. ჟურნალისტი არ დაელოდა ორშაბათს, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოეპოვებინა და გადამოწმებული ინფორმაცია გაევრცელებინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამბავი არ იყო „ცხელი“ და შესაძლებელი იყო მხოლოდ მას შემდეგ მოემზადებინა და გაეშვა სიუჟეტი, რაც ინფორმაცია გადამოწმდებოდა.

სიუჟეტის თანახმად, შპს „ამს ეარლაინზს“ უკან რუსი აქციონერები დგანან. საჯარო რეესტრში დაცული ოფიციალური მონაცემების მიხედვით შპს „ამს ეარლაინზის“ აქციონერები არიან სერგეი სამარინი და ანდრეი იანოვიჩი. მართალია, სერგეი სამარინი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მოლდოვის მოქალაქეა ანდრეი იანოვიჩი. ანუ ტექსტი, რომ შპს ამს ეარლაინზს უკან რუსი აქციონერები დგანან არაზუსტია.

სიუჟეტში ასევე მითითებულია, რომ შპს ამს ეარლაინზის პარტნიორებს, ვინმე სერგეი პოლსკთან ერთად დაფუძნებული აქვთ სხვა კომპანია, რომელიც ქირაობს ავიახომალდებს „ამს ეარლაინზისგან“. ამ დროს სიუჟეტში გამოდის ვიზუალიზაცია, სადაც მითითებულია ორი კომპანიის სახელი - Right Charter და Route Aviation. აღიშნულ ნაწილთან დაკაშირებით საბჭო აღნიშნავს რომ:

  1.  სიუჟეტიდან არ დგინდება რომელ კომპანიას [Right Charter თუ Route Aviation] გულისხმობს ჟურნალისტი, როცა სერგეი პოლსკს მათ პარტნიორად მოიხსენიებს.
  2. სიუჟეტიდან არ დგინდება რომელ კომპანიაზე [Right Charter თუ Route Aviation] აპელირებს ჟურნალისტი როცა ახსენებს, რომ ეს კომპანია „ამს ეარლაინზისგან“ ქირაობს ავიახომალდებს. განმცხადებლის პოზიციით, აღნიშნულ არც ერთი კომპანია არ სარგებლობს „ამს ეარლაინზისის“ ავია ხომალდებით.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა მიჩქმალა ფაქტობრივი გარემოებები, რომ შპს „ამს ეარლაინზს“ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატი ძალაში იყო, რომ მის ავიახომალდებს ფრენის უფლება ჰქონდათ და ა.შ. საბჭომ ვერ დაადგინა ჟურნალისტი ამ ინფორმაციას ფლობდა თუ არა. ინფორმაციის გადაუმოწმებლობის და უზუსტობის გამო კი დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-11 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. საბჭო მიიჩნევს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ჟურნალისტის მიერ ფაქტების გადაუმოწმებლობამ და არ მისმა განზრახვამ, რომ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინა, შესაბამისად არ დადგინდა მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მიხეილ სესიაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. 2. მიხეილ სესიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.

საქმის მასალები:

24.12.2018

გადაწყვეტილება

14 დეკემბერი 2018 წელი

საქმე N 239

დავით მახარაშვილი დიანა ჯოჯუას და თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი

განმცხადებელი: დავით მახარაშვილი

მოპასუხე: დიანა ჯოჯუა და თამარ ბაღაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დავით მახარაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გადაცემა “კურიერში” გასულ სიუჟეტში “მორიგი სკანდალური ბრალდება - კახა კალაძე ქართველ სამხედროებს აგვისტოს ომში თანამებრძოლების მიტოვებაში ადანაშაულებს“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი თამარ ბაღაშვილია, განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა გადაცემის წამყვანის, დიანას ჯოჯუას მიერ სიუჟეტის წარდგენის ტექსტს, შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრენ დიანა ჯოჯუა და თამარ ბაღაშვილი.

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სიუჟეტის ძირითადი ნაწილი ეხებოდა კახა კალაძის ბრიფინგს. წამყვანმა დიანა ჯოჯუამ სიუჟეტი შემდეგი ტექსტით წარადგინა “კახა კალაძის უმძიმესი ბრალდება, დედაქალაქის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წელს საკუთარი თანამებრძოლების ცხედრების ბრძოლის ველზე მიტოვებაში ადანაშაულებს” თავად სიუჟეტში ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა კი განაცხადა, რომ “ამავე ბრიფინგზე კახა კალაძემ ქართველ სამხედროებს კიდევ უფრო მძიმე ბრალდება წაუყენა და გარდაცვლილი თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში დაადანაშაულა”. აღნიშნულ ტექსტს თან მოსდევდა კახა კალაძის ბრიფინგიდან ნაწყვეტი, სადაც კახა კალაძე აცხადებდა რომ “პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი, თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორის ხეობა, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც კი არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა”.

ზემოთ მითითებული ტექსტების შეჯერების შედეგად ცალსახაა, რომ ჟურნალისტებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს კახა კალაძე გარდაცვლილი მეომრების ცხედრების მიტოვებას უშუალოდ მათ თანამებრძოლებს აბრალებდა, ხოლო ბრიფინგის მიხედვით, კახა კალაძემ ბრალდება [“დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც კი არ უზრუნია”] იმ დროს მოქმედ მმართველ პარტიას და მის ლიდერს წაუყენა.

ქარტიის საბჭო გაეცნო ბრიფინგის სრულ ვიდეოჩანაწერს საიდანაც ჩანს, რომ კახა კალაძე უშუალოდ ქართველ სამხედროებს არ ადანაშაულებს გარდაცლილი თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში.

მართალია სიუჟეტი შეიცავდა კახა კალაძის ბრიფინგიდან იმ ნაწილს, სადაც ისმის, რომ ის თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში “პარტიასა და მის ლიდერს” ადანაშაულებს და არა სამხედროებს, მაგრამ საბჭოს შეფასებით, იმდენად განსხვავდებოდა კახა კალაძის პოზიცია და ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაყურებელს შესაძლოა დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ბრიფინგის მიმდინარეობისას პარტიის და მისი ლიდერის გარდა, გარდაცვლილი თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში კახა კალაძემ სამხედროებიც დაანაშაულა, რაც როგორც უკვე აღინიშნა, ბრიფინგის სრული ჩანაწერის მოსმენისას გამოირიცხა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ რაში გამოიხატა ფაქტების მიჩქმალვა, თავად საბჭომ მსგავსი ფაქტი ვერ მოიძია განსახილველ სიუჟეტში და მესამე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-11 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. პირველი პრინციპის მსჯელობისას დადგინდა, რომ ჟურნალისტების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. მე-11 პრინციპის ჭრილში კი საბჭომ შეაფასა არასწორი ინფორმაცია დაუდევრობით გამოწვეული შეცდომა იყო თუ იკვეთებოდა განზრახვა. როგორც აღინიშნა სიუჟეტი ეძღვნებოდა სწორედ კახა კალაძის ბრიფინგს, შესაბამისად საბჭო დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტები სრულად გაეცნენ აღნიშნულ ბრიფინგს, რომელიც მხოლოდ 4 წუთს გაგრძელდა. მათთვის ცნობილი იყო, რომ კახა კალაძეს ქართველი სამხედროები თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში არ დაუდანაშაულებია, მეორეს მხრივ არასწორი ინფორმაციის შემცველი ბრალდება “ქალაქის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წელს საკუთარი თანამებრძოლების ცხედრების ბრძოლის ველზე მიტოვებაში ადანაშაულებს” სადავო სიუჟეტის მთავარი აქცენტი იყო. შესაბამისად, საბჭოს მოსაზრებით, მსგავსი არსებითი საკითხის არასწორად გავრცელების საფუძველი არ იყო უყურადღებობა. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა კახა კალაძის პოზიცია განზრახ დაამახინჯეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

დიანა ჯოჯუამ და თამარ ბაღაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
დიანა ჯოჯუას და თამარ ბაღაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

საქმის მასალები: